მამუკა კაციტაძე: სიის საბოლოო ვერსია დამუშავების პროცესშია,  თუმცა, ამ ეტაპზე სიიდან   16 000 გარდაცვლილია ამოღებული

მამუკა კაციტაძე: სიის საბოლოო ვერსია დამუშავების პროცესშია, თუმცა, ამ ეტაპზე სიიდან 16 000 გარდაცვლილია ამოღებული

ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განცხადებით,  „კარდაკარის“  ჩატარების შედეგად, ამომრჩეველთა სიაში წინასწარი მონაცემებით, 1 მლნ 100 ათასზე მეტი შესწორება შევიდა.

მისი თქმით, საბოლოო ინფორმაცია დამუშავების პროცესშია,  თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სიიდან  დაახლოებით 16 000 გარდაცვლილია ამოღებული. ამასთანავე, საზღვარგარეთ მინიმუმ გასულია 300 000 მოქალაქე და ე.წ მიწერები დაფიქსირებულია მინიმუმ 135 000 მოქალაქეზე.

როგორც კაციტაძემ განაცხადა კომისიას კარდაკარის პრინციპით უნდა გადაემოწმებინა 3 მლნ 464 ათას 683 ამომრჩეველი. აქედან, გადაამოწმა 99,2% , რაც 3 მლნ 437 ათას 314 მოქალაქეა.

კაციტაძის თქმით, ქვეყნის სხვადასხვა რაიონში დამისამართების პრობლემების გამო,  დაახლოებით 27 ათასი მოქალაქე  ვერ გადამოწმდა.  ამასთანავე, ვერ გადამოწმდა 4 სოფლის მაცხოვრებლები - გორის რაიონის სოფელი ზარდიაანთკარი და საჩხერის რაიონის სოფლები სინაგური, ქარძმენი და ჯალაბეთი, სადაც საოკუპაციო ძალების ნაწილებია განლაგებული.

კაციტაძის განცხადებით, კომისია ამომრჩეველთა დაზუსტებულ სიას 1 აგვისტოსთვის წარადგენს და ამის შემდეგაც მზად იქნება ე.წ პარალალური „კარდაკარების“  შედეგად აღმოჩენილი და დადასტურებული უზუსტობები სიაში ასახოს.

კაციტაძე არაკვალიფიციურობაში ამხელს  იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ კომისიის გადამოწმებულ სიაში უამრავი უზუსტობა აღმოაჩინიეს. მისი განმარტებით, ე.წ პარალელური „კარდაკარის“ დაწყებისას,  პოლიტიკურმა პარტიებმა   ამომრჩეველთა ის პირველადი სია აიღეს, რომელიც კომისიამ „კარდაკარის“ დაწყებამდე საწყის ვერსიად გამოიყენა და ამ სიაში წინასწარი მონაცემებით, დღეისთვის უკვე 1 100 000-ზე მეტი შესწორებაა შეტანილი.

„ეს არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, თითქოს მათ ხელთ აქვთ ამომრჩეველთა ერთაინი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის უკვე გადამოწმებული სია. გადამოწმებული სიის გასაჯაროება 1 აგვისტოს მოხდება. ამის განცხადება მოსახლეობის ან შეცდომაში შეყვანა ან დაბალი კვალიფიკაციის მაჩვენებელია.  კომისია მზადაა ე.წ პარალელური „კარდაკარის“ დროს დაფიქსირებული და დადასტურებული უზუსტობები მიიღოს და ასახოს ერთიან სიაში“, - განაცხადა კაციტაძემ და აღნშნა, რომ თუ ალტერნატიული „კარდაკარის“ ჩამტარებლები მათ მიერ აღმოჩენილი უზუსტობების შესახებ ინფორმაციას  15 ივლისამდე მოგვაწვდიან, უზუსტობების ჩასწორება უკვე სიის 1 აგვისტოს ვერსიაში აისახება, ხოლო თუ 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე მოგვაწვდიან, ინფორმაციას კომისია  14 კალენდარული დღის ვადაში ასახავს.

ამასთანავე, კაციტაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების ელექტრონული გადამოწმება, რომელიც 31 ივლისამდე დასრულდება. კომისია ელოდება მონაცემებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისგან, როგორიცაა - თავდაცვის და შს სამინისტროები, სამოქალაქო რეესტრი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, სასჯელაღსრულების, საკონსულო დეპარტამენტების, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი და ასევე, სასამართლოებისგან, რომლებმაც ქმედუუნარო მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია უნდა წარადგინონ.