საორგანიზაციო კომისიის შეხვედრას პარლამენტში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დაბადების 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას საპატრიარქოს წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, თბილისის მერი გიგი უგულავა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა, დევნილთა ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და კომისიის სხვა წევრები ესწრებიან.
„წელს საიუბილეო წელიწადია, ეს არის ის თარიღი და მოვლენა, რომელიც მთელმა საქართველომ უნდა აღნიშნოს. ამიტომ ჩვენი მიზანი და ამოცანაა ქართველმა ხალხმა, ყველა მართლმადიდებელმა ღირსეულად აღნიშნოს უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნისათვის“, - განაცხადა შეხვედრის დასაწყისში ბაქრაძემ და დასძინა, რომ ღონისძიებები საპატრიარქოსთან იქნება შეტანხმებული.
კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძე ხელმძღვანელობს.