[ბანკები და ფინანსები. ლევან მარტაძე]
2011 წლის 9 აგვისტოს "საქართველოს ფოსტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ბაინდურაშვილმა საინტერესო ინფორმაცია გაახმოვანა. `საქართველოს ფოსტას~ რენტაბელობის ზრდისთვის `საქართველოს ლატარიის კომპანიის~ შერწყმა სურს.
`საკითხი მთავრობასა და `საქართველოს ფოსტას~ შორის აქტიურად განიხილება. თუმცა, როდის მოხდება ოფიციალურად კომპანიების შერწყმა, ამაზე ჯერ არ საუბრობენ~, - ეს ინფორმაცია 9 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო GBC-მ გაავრცელა.
`საქართველოს ფოსტისთვის~ მნიშვნელოვანია მომგებიანი კომპანია გახდეს, ამისთვის დამატებითი სერვისების შეთავსებაზე აქტიურად ვმუშაობთ. ერთ-ერთ ასეთ სერვისად განიხილება ლატარიის ორგანიზების ბიზნესიც. მსგავსი მოდელი ბევრ ქვეყანაშია და მოხარულები ვიქნებით, თუ საქართველოშიც იგივე მოდელის დანერგვა მოხდება. ეს `საქართველოს ფოსტას” მომგებიან კომპანიად აქცევს~, - განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა. ყოფილი ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ვინაიდან ლატარიის კომპანია ბუნებრივი მონოპოლიაა, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები გააჩნია ლიცენზიის უკან დასაბრუნებლად.
ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში `საქართველოს ლატარიის კომპანიის~ დამფუძნებელთა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ამ დღემდე `საქართველოს ლატარიის კომპანია~ 100%-იანი წილით დრეიკის პალატაში დარეგისტრირებულ `ლუქსორ კაპიტალ კორპ~-ს ეკუთვნოდა. 2011 წლის 9 აგვისტოს კი კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო გახდა.
კახა ბაინდურაშვილის `საქართველოს ფოსტას~ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მივლინების მთავარი მისია `საქართველოს ფოსტის~ გასაყიდად მომზადება გახლდათ. თავის დროზე ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის პრივატიზაციის პროცესი კომპანიის მოდერნიზაციამდე დროებით შეჩერდა. სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის მენეჯმენტი მოდერნიზაციის გეგმაზე მუშაობს და მას ახლო მომავალში წარადგენს.
როგორც ვხედავთ, კომპანიის მოდერნიზება ორიგინალურად ხდება - სახელმწიფო კომპანია კერძო კომპანიის მიერთებაზე საუბრობს. გავიხსენოთ ისიც, რომ ეს კერძო კომპანია `საქართველოს ლატარიის კომპანიაა~.
დღეს არავისთვის არის უცხო, რომ `საქართველოს ლატარიის კომპანია~, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ლატარეის მოწყობის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სახელისუფლებო ბიზნესმენის დავით კეზერაშვილის ბიზნესია. სწორედ კეზერაშვილის გავლენით მიაღწია ამ კომპანიამ ისეთ სასათბურე პირობებს, სადაც ყველა კონკურენტი ჩამოიშორა და 10 წლიან პერსპექტივაში 4.3 მილიარდიანი მოგება დაგეგმა. სწორედ კეზერაშვილის გავლენით, სახელმწიფო პერიოდულად ავიწროვებს სხვა მონათესავე სათამაშო ბიზნესებს და მხოლოდ ლატარეის მოწყობის საშუალებას ტოვებს.
კეზერაშვილი ქართული ბიზნესის რამდენიმე სერიოზულ სეგმენტს მთლიანად აკონტროლებს. საუბარია, რეკლამისა და გარერეკლამის განთავსების ექსკლუზიურ ფლობაზე. დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა და მისი ნდობით აღჭურვილი პირი დიმიტრი ჩიქოვანი ფლობს კომპანია `ბლექ სტაილ მენეჯმენტს~, რომელიც სრულად აკონტროლებს სარეკლამო ბაზარს ქვეყანაში. დავით კეზერაშვილი აკონტროლებს სიტუაციას ქართული საწვავის ბაზარზეც. ის ოფიციალურად არის კომპანია `უნიგრუპის~ დამფუძნებელი, რომელიც ცნობილ `ლუკოილს~ მართავს საქართველოში. კეზერაშვილის აშკარა ინტერესები ფიქსირდება `სან ჯორჯია პეტროლიუმში~, რომელიც საწვავის ბაზარზე `გალფის~ ბრენდით ოპერირებს. იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ `სან პეტროლეუმ ჯორჯიამ~ საწვავის ბაზრის რამდენიმე მსხვილი მოთამაშე შეიძინა, დავინახავთ, რომ ეს ბაზარი დიდწილად კეზერაშვილის გამგებლობაშია.
ამ ფონზე, ფრიად გასაკვირია, რომ `საქართველოს ფოსტამ~ კეზერაშვილს ბიზნესი ისე ჩამოართვა, რომ ამის შესახებ ხმა არავის გაუღია.
საინტერესოა, რატომ უნდა დაეთმო კეზერაშვილს ბიზნესი, რომლისგანაც 10 წლიან პერსპექტივაში 4.3 მილიარდიან მოგებას ელოდა. ერთის მხრივ, ეს არ არის თუნდაც რამდენიმე მილიონიანი ბიზნესი, რომლის `ახევაც~ შეიძლება, მეორე და უფრო მთავარი ისაა, რომ არც კეზერაშვილია ის ბიზნესმენი, რომელიც ამხელა სიკეთეებს `აიხევს~.
რეალურად, აშკარად სხვა რამ ხდება. თუ `საქართველოს ლატარიის კომპანია~ `საქართველოს ფოსტას~ შეუერთდა, უკვე `მოდერნიზებული~ `საქართველოს ფოსტის~ მომავალი მესაკუთრეობის ნომერ პირველ კანდიდატი დავით კეზერაშვილია. ამ შემთხვევაში, აზრი ეკარგება ოფშორში დარეგისტრირებული რომელი კომპანია შეიძენს ოფიციალურად მოდერნიზებულ `საქართველოს ფოსტას~.
გავიხსენოთ ისიც, რომ თავის მხრივ საქართველოს ფოსტაც ერთგვარი მონოპოლიაა, კომპანია ქართულ საფოსტო ბაზარზე მთავარი საფოსტო ოპერატორია. ის ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ფლობს დაახლოებით 87 000 კვ.მ. მიწას და შენობებს საერთო ფართით 100 000 კვ.მ. მოგეხსენებათ, როგორ გრძნობს კეზერაშვილი თავს ბაზრის იმ სეგმენტებზე, სადაც კონკურენტი არ ჰყავს. ამასთან, საფოსტო მომსახურების მონათესავე ბიზნესებში კეზერაშვილი უკვე რამდენიმე წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სულაც არ იქნებოდა `ურიგო~, თუ საფოსტო მომსახურებასაც გამოცდილი კეზერაშვილი ექსკლუზიურად გაგვიწევს.
ერთი სიტყვით, კეზერაშვილი რომ მილიარდებს ბაინდურაშვილის `ხუშტურის~ გამო არ დათმობდა, ცხადზე უცხადესია. 4 მილიარდიანი ბიზნესის 70%-ის გადაბარება ასე უცებ და უხმაუროდ რომ ხდება, ესეც საინტერესო ფაქტია. სახელმწიფო კომპანიამ კერძო ბიზნესი შინაურულად შეიერთა, დიდი ალბათობით ეს `შინაურობა~ გაგრძელდება და არავისთვის იქნება გასაკვირი, თუ `საქართველოს ლატარიის კომპანიამიერთებული~ `საქართველოს ფოსტა~ ყველაზე `შინაური~ ბიზნესმენის ხელში აღმოჩნდება.