"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა უფლებამოსილება ექნება პრემიერს, იმიტომ რომ საქართველოში უფლებამოსილებების რეგულირება კანონით კი არ ხდება, არამედ პრეზიდენტის ნება სურვილით“, - ასე შეაფასა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრს ბრძანებების გამოცემის და თვითმმართველობებთან ურთიერთობის უფლებების დელეგირების უფლება მიენიჭა.
როგორც სოზარ სუბარმა From.ge სთან საუბარში განაცხადა, დღემდე საქართველოში ფიქტიური პრემიერი გვყავდა, ეხლა კი მისი თქმით, ხელისუფლებამ და პირადად სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ახალი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი უფრო მეტი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, ვიდრე „ფიქტიური“ პრემიერი სარგებლობდა.
სუბარი აცხადებს, რომ ასეთ სიტუაციაში უმნიშვნელოა ოფიციალურად რა უფლებამოსილება მიენიჭება კონკრეტულ პირს და აღნიშნა, რომ მთავარი ის არის, საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს თვითმმართველობა და ის უფუნქციო დანამატად გადაიქცა.
„ასე რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას და როგორ ჩაუწერენ პრემიერს. საქართველოში უნდა გაჩნდეს რეალური თვითმმართველობა და ამის გზა გადის ოქტმობრის არჩევნებზე. ამიტომ ეხლა ნაკლებად მაინტერესებს პარლამენტში რა გადაწყვეტილებებს იღებენ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის სამთვიანი“, - აცხადებს სოზარ სუბარი.
მისი განმარტებით, აღნიშნული პროცესები ხელისუფლების გათამაშებულია, რომელიც მიზნად ჟურნალისტების მთელი ყურადღების არა რეალურ პრობლემებზე გამახვილებას ისახავს, არამედ ისეთ უმნიშვნელო საკითხებზე, როგორიცაა მთავრობის წევრებისთვის „ფიქტიური“ უფლებამოსილებების მინიჭება.
„ეს არის პირდაპირი პიარი არა იმაზე, რას აკეთებს“ ქართული ოცნება“ და როგორც ცუდად აქვს საქმე ხელისუფლებას, არამედ ვანოს რა უფლებები აქვს და ბაჩო უფრო ძლიერია თუ ვანო“ , -აღნიშნა სუბარმა.