For.ge-ს ინფორმაციით საზღვრის დაცვის პოლიციის ხელმძღვანელმა, ზაზა გოგავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, მაგრამ For.ge-ს შსს-დან აცნობეს, რომ ზაზა გოგავა მათ შორისაა, ვინც სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრად ბაჩო ახალაიას დასახელების შემდეგ შსს ყველა იმ თანამდებობის პირმა დატოვა, ვინც მერაბიშვილის კადრად ითვლებოდა და ეს არ ეხება მხოლოდ მინისტრის მოადგილეებს, რომლებიც მინისტრის შეცვლის დროს ფორმალურად ტოვებენ თანამდებობას.
შსს ჯერჯერობით მხოლოდ დათა ახალაიას მიერ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ხდება.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა კი თავად დაადასტურა, რომ მან თანამდებობა უკვე დატოვა. თუმცა, უცნობია, ის სად გააგრძელებს მუშაობას.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყველა დეპარტამენტის და განყოფილების ხელმძღვანელს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება აქვს დაწერილი და მინისტრად დანიშნულმა ახალაიამ მათ გამოუცხადა, რომ ვისაც მასთან მუშაობა არ სურს, შეუძლიათ, სამსახური დატოვონ.
ასევე არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალაია ათავისუფლებს იმათაც, ვისაც განცხადება ჯერ არ დაუწერია, მაგრამ მერაბიშვილის კადრად ითვლება.
მათ შორის არის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზაზა გოგავაც, რომელიც ამ თანამდებობაზე 2008 წლის ნოემბრიდან მუშაობს. შეგახსენებთ, რომ საზღვრის დაცვის პოლიციის უფროსი თანამდებობრივად შს მინისტრის მოადგილეა.