როგორი პრეზიდენტი მინდა!

როგორი პრეზიდენტი მინდა!

[Solomoon Ternali]

ფეისბუქზე შეიქმნა ჯგუფი - „მე მინდა მყავდეს ქართველი პრეზიდენტი!“

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩემი ფრენდია იქ გაერთიანებული, ნამდვილად არ მომწონს ამ ჯგუფის სახელი!  ნაციონალების შემოგდებულ პროვოკაციას ჰგავს.

მე მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს დალაგებული, სამართლიანი, არაკორუმპირებული, პატრიოტი  და დემოკრატი (არა ფსევდოდემოკრატი).

მინდა, რომ ჟურნალისტებს იმის მიხედვით არ იცავდეს, ვინ მისი ჟურნალისტია და ვინ - არა. მინდა, რომ საერთოდ არ ჰყავდეს თვალებშიშეციცინებული ნანუკების, კოტრიკაძეების და მელაძეების კასტა.

მინდა, რომ ვაცლავ ჰაველს ჰგავდეს პრინციპებით და არა - პუტინს.

მინდა, რომ თავგანწირვის და პასუხისმგებლობის აღების შნო ჰქონდეს და არა - ლაყაფის და სიცრუით დაბოლების.

მინდა, რომ კონსტიტუციის გარანტი იყოს და არა - კონსტიტუციის თავის ტანის თარგზე მომრგები თერძი.

მინდა, რომ პროვოკატორი და პროვოკატორების დამცავი არ იყოს.

მინდა, რომ თუ შეცდომებს დაუშვებს (უნაკლო ვერ იქნება), ამის აღიარების და გამოსწორების ძალა ჰქონდეს.

მინდა, რომ ფულს ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად ხარჯავდეს და არა - იმ ილუზიის შექმნაში, რომ ადამიანების ცხოვრება უმჯობესდება.

მინდა, რომ კომპრომისზე მასთან მიდიოდეს, ვინც მართალია და არა მხოლოდ იმათთან - ვინც კედელზე ააყუდებს.

მინდა, რომ მინისტრებს და სხვა ჩინოვნიკებს მათი ნიჭის და საქმისადმი ერთგულების ნიშნით ნიშნავდეს და არა - ხელის ლოკვის პოტენციალის, თვალების ფერის ან ტანის პროპორციების მიხედვით.

მინდა, რომ ნიჭიერი ხალხის ფასი ესმოდეს, მიუხედავად იმისა, უჭერენ თუ არა ისინი მას მხარს. მინდა, რომ ჰუნვეიბინებს არ უსევდეს ნიჭიერ ხალხს. მინდა, რომ საერთოდ არ ზრდიდეს ჰუნვეიბინებს.

მინდა, რომ გაჭირვებულის ესმოდეს და ყალბად არ ტიროდეს კამერებთან იმ ხალხის ბედზე, ვისი გასახლება და გადასახლება აქვს დაგეგმილი!

მინდა, რომ ფულის მონა არ იყოს და ძალაუფლების - მანიაკი.

მინდა, რომ ადამიანი იყოს  და იცოდეს, რომ მისი პრეზიდენტობა წარმავალია და მისი ადამიანობა უნდა იყოს იმის საწინდარი, როგორი იქნება მისი ცხოვრება მისი პრეზიდენტობის შემდეგ.

და ისიც მინდა, რომ მაშინ აღარ ავირჩიოთ, როცა ხალხს ენდომება ეს და არა - როცა მას.

და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ჩემი სურვილი, რომ ის ქართველი იყოს!

და თუ თქვენ გგონიათ, რომ პრეზიდენტის ქართველობა მისი ყველა სხვა სიქველის ავტომატური გარანტია იქნება - ძალიან ცდებით. მე მგონი, რომ მთავარი სამართლიანობა და ადამიანობაა, რაც მიხეილ სააკაშვილს იმიტომ არ აკლია (თუ საერთოდ აქვს კი!), ის ქართველია თუ სომეხი. ფაქტი ისაა, რომ მას აკლია... ძალიან ბევრი აკლია იქამდე, რომ მე ის მომწონდეს, თუნდაც 101%-ით ქართველი იყოს!