„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, საარჩევნო უბნის კოორდინატორებზე ზეწოლა ხორციელდება. ამის შესახებ პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - გიორგი მოსიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 5 ივლისს თელავის N 9 საარჩევნო უბნის კორდინატორზე მელანია ბერიაშვილზე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. როგორც მოსიაშვილი აცხადებს, დილის 8 საათზე ქ.თელავის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ბაადურ რევაზიშვილი საკუთარი ავტომობილით მელანია ბერიაშვილთან სახლში მივიდა და აღნიშნული ზეწოლაც სწორედ იქ განხორციელდა.
„რევაზიშვილმა მისგან მოითხოვა ზეპირი ახსნა-განმარტება, თუ რომელი პოლიტიკურ პარტიის წევრი იყო, ხელფასი რამდენი აქვს, რატომ დადის ხელმოწერების შესაგროვებლად, ვინ დაავალა ხელმოწერების შეგროვება და „მეგობრული რჩევა“ მისცა თავი შეეკავებინა პოლიტიკური აქტივობისგან“, - განაცხადა მოსიაშვილმა.
„თავისუფალი საქართველო“-ს კახეთის ორგანიზაცია აღნიშნულ ფაქტს მათი კოორდინატორების და პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ ზეწოლად აფასებს. ამიტომ პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ზურაბ ხარატიშვილს კონკრეტულ შემთხვევაზე დაუყოვნებელი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„ასევე მივმართავთ ყველა იმ საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესის მონიტორინგში, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და გააკეთონ შესაბამისი შეფასება აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით“, - აცხადებს მოსიაშილი.