[ნიკა მეტრეველი]
აფხაზეთის მსგავსად, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისს იწყებენ. საარჩევნო კომისიის შემადგენლობა უახლოეს მომავალში გაირკვევა. აგვისტოს ბოლოდან კი კანდიდატების რეგისტრაციაც დაიწყება. მანამდე კი, ქასტინგის შედეგად, „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის“ რუსეთის კანდიდატად ანატოლი ბიბილოვი შეირჩა.
„ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებზე კოკოითით უკმაყოფილო მოსკოვი მას თავისი პროტეჟეს მოყვანის საშუალებას არ მისცემს და დამოუკიდებელ კანდიდატს – დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა მინისტრს ანატოლი ბიბილოვს დაუჭერს მხარს“, – ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, მის კანდიდატურაზე რუსეთის რეგიონალური განვითარების სამინისტრო და ძალოვანი სტრუქტურები უკვე შეთანხმდნენ და ახლა მისი კანდიდატურის უმაღლეს დონეზე დამტკიცებას ელოდებიან.
„მოსკოვის მხარდაჭერა საპრეზიდენტო არჩევნებში ძირითადი ფაქტორი იქნება. სამხრეთ ოსეთი, ფაქტიურად, რუსეთის დახმარების ხარჯზე არსებობს. ამას მოსახლეობას ათვითცნობიერებს. იმ შემთხვევაში, თუ არასასურველ კანდიდატს მისცემენ ხმას, მათ ცხოვრებაში მეტი პრობლემები გაჩნდება“, – აცხადებს პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის გენერალური დირექტორი სერგეი მიხეევი.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, კოკოითმა მოსკოვს იმედები გაუცრუა, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენაზე გამოყოფილი 30 მილიარდი რუბლი არამიზნობრივად და გაუმჭვირვალედ დახარჯა.
მოსკოვისთვის ხელსაყრელ კანდიდატურის ძებნაში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ფედერალური უშიშროების სამსახური, საგარეო დაზვერვის სამსახური, თავდაცვის და რეგიონალური განვითარების სამინისტრო და მთავრობის აპარატი იყვნენ ჩართულნი. „ქასტინგი“ მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა და ანატოლი ბიბილოვი შეირჩა.
„კომერსანტი“ წერს, რომ კოკოითს თავისი პოტენციური მემკვიდრეები მოსკოვში მთელი გასული წლის განმავლობაში ჩაჰყავდა. ყველაზე დიდ იმედებს კოკოითი ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალურ პროკურორზე თაიმურაზ ხუგაევზე ამყარებდა – კოკოითისა და ხუგაევის ცოლები დები არიან. თუმცა, მოსკოვმა ეს კანდიდატურები არ მოიწონა.
ახლა ბიბილოვის კანდიდატურა პრეზიდენტმა მედვედევმა და პრემიერმა პუტინმა უნდა დაამტკიცონ, შედმეგ კი წინასაარჩევნო კამპანის დაიწყება, რომელშიც „მძიმე არტილერია იქნება გამოყენებული“ – აცხადებენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ნარიშკინი და საგანგებო სიტუაციათა მინისტრი სერგეი შოიგუ.
ცნობისთვის, ანატოლი ბიბილოვი დაიბადა 1970 წელს ცხინვალში, 1992 წელს დაამთავრა რიაზანის უმაღლესი საჰაერო სადესანტო სამეთაურო სასწავლებელი. მონაწილეობდა ე.წ სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციაში ფსკოვის 76-ე სადესანტო დივიზიის ბატალიონის შემადგენლობაში. 1994-96 წლებში იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის უფროსი. 1996-98 წლებში კიევში ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას. 1998-2000 წლებში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მსახურობდა ჩრდილეოთ ოსეთის სამშვიდობო ბატალიონის შემადგენლობაში. აქვს გენერალ მაიორის ტიტული. 2008 წლის ნოემბრიდან არის ე.წ სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი.
თავად კოკოითის მომავალი კი ჯერ გაურკვეველია. ზოგიერთი მონაცემებით, მას მოსკოვში ან რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლობებში ნებისმიერ ფედერალურ ოლქში სთავაზობენ, გარდა ჩრდილოკავკასიისა და სამხრეთის.
„არის კოკოითის რესპუბლიკიდან გაწვევის მიზანი, რათა მან ახალ მთავრობაზე ზეგავლენა არ მოახდინოს. თუმცა, 2008 წლის მოვლენების შემდეგ მას არ მივატოვებთ. ჩვენიანებს ჩვენ არ მივატოვებთ“, – განუცხადეს „კომერსანტს“ რუსეთის მთავრობაში.
რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა ოფიციალურად არც მას დაუსახელებია, მაგრამ ცნობილია, რომ სახალხო ფრონტის ლიდერს, რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჯამბოლათ თედეევს (მეტსახელად დიკის) დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობა უნდა, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუცია მას ამის უფლებას არ აძლევს, რადგან თედეევს ზედიზედ 10 წელი ცხინვალში არ უცხოვრია და არც დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეობა აქვს.
თედეევმა რადიო „თვისუფლებას“ ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ 10 წლის წინ, როცა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, კოკოითიც რუსეთის მოქალაქე იყო. აქედან გამომდინარე, თედეევი კოკოითის კონსტიტუციის დამრღვევს და არალეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს. თედეევი კოკოითის ვერც იმას აპატიებს, რომ ომის დღეებში დე ფაქტო პრეზიდენტი საკუთარ გარემოცვასთან ერთად ცხინვალიდან ვლადიკავკაზში გაიქცა.
„2001 წელს კოკოევსაც არ ჰქონდა რესპუბლიკაში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი და სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი. ის რუსეთის პასპორტით დარეგისტრირდა. მეორე ვადაზეც ის მხოლოდ 5 წელი ცხოვრობდა აქ და არა – 10. გამოდის, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია. აღიარების და რუსეთთან დადებული ხელშეკრულებების შემდეგ დღეს ჩვენ სხვაგვარად არ უნდა განვმარტოთ კანონი, იმიტომ რომ ჩვენი პრეზიდენტი უკანონო და არალეგიტიმური გამოდის და ის შეთანხმებები და ხელშეკრულებებიც, რომლებიც მედვედევმა და კოკოითიმ დადეს, არალეგიტიმურია. ვისაც აწყობს, რომ ოპონენტები პოლიტიკური ბრძოლის ველიდან გაიყვანოს, კანონს საკუთარი შეხედულებისამებრ განმარტავენ“, - ამბობს ჯამბოლათ თედეევი.
10 წლის წინ ჯამბოლათ თედეევი კოკოითის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ცხინვალში ყველამ იცის, რომ კოკოითი სწორედ თედეევის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში. 2001 წელს დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმ დროისთვის უმანქანო კოკოითის თედეევმა ჯიპის მარკის მანქანა აჩუქა. მათ შორის დიდი მეგობრობა იყო, მაგრამ მოგვიანებით ურთიერთობა დაეძაბათ, რადგან კოკოითიმ თედეევის ნათესავები და მეგობრები ხელისუფლებიდან გაუშვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის შემდეგ თედეევი კოკოითის არაერთხელ ფიზიკურადაც კი გაუსწორდა. ამიტომ დღეს ცხინვალში ყველამ იცის, რომ კოკოითი და თედეევი არა მარტო პოლიტიკური ოპონენტები არიან, არამედ მათ პირადი მტრობაც აქვთ.
წინასაარჩევნო პერიოდში დე ფაქტო რესპუბლიკაში დაძაბულობა სულ უფრო მატულობს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ, საბოლოო ჯამში, კოკოითის მემკვიდრე გაიმარჯვებს, რადგან ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში შეიარაღებული დაპირისპირება გარდაუვალი იქნება, ეს კი კრემლის ინტერესებში არ შედის.
ზაქარეიშვილის აზრით, ახალი პრეზიდენტი ყველა შემთხვევაში კრემლის კაცი იქნება და მედვედევ-პუტინი ფსონს იმ კანდიდატზე დადებენ, ვინც უკეთესად შეძლებს ადგილზე ვითარების კონტროლს.