საინვესტიციო მონაგარი 5-წლიან მინიმუმამდე დაეცა

საინვესტიციო მონაგარი 5-წლიან მინიმუმამდე დაეცა

საქართველო საინვესტიციო კრახს განიცდის. ასეთი დაბალი საინვესტიციო მაჩვენებელი ქვეყანას 2005 წლის შემდეგ არ ახსოვს.  ორი კვარტლის მონაცემების მიხედვით, 2010 წელს, ინვესტიციების თვალსაზრისით ყველაზე კრიზისულმა 2009 წელმაც კი აჯობა. ინვესტორი ქვეყნების ლიდერთა სიაში აღარ არსებობს ყაზახეთი, არაბეთი, ეგვიპტე. ახლა მათი ადგილი უმნიშვნელო საინვესტიციო მონაცემებით ნიდერლანდებმა, ამერიკამ და ვირჯინიის კუნძულებმა დაიკავეს. მთავრობა კი საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის და აცხადებს, რომ შარშანდელთან შედარებით ეკონომიკა ყველა მაჩვენებლის მიხედვით წინ მიიწევს.

 

შარან ორ კვარტალში საქართველოში 291 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. წელს კი ამ მაჩვენებელმა 273 მილიონ დოლარს ძლივს მიაღწია; ანუ საქართველოს ინვესტიციების შემოდინების კუთხით შარშანდელთან შედარებით, 18-მილიონიანი გარღვევა აქვს. კერძოდ, შარშან პირველ კვარტალში 114 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მეორე კვარტალში 177 მილიონი დოლარი. წელს კი ანალოგიურ პერიოდებში 76 და 197 მილიონი დოლარის ინვესტიციები შემოვიდა. მეორე კვარტალში განხორციელებული ინვესტიციების 40% ნიდერლანდებზე მოდის, მას მოყვება ამერიკა (21%-ით) და ვირჯინიის კუნძულები (9%-ით).

 

უფრო საგანგაში ვითარება არის ის, რომ წლეულს პირველ ნახევარში ინვესტიციების გადინების ფაქტები დაფიქსირდა.  ოფიციალური სტატისტიკით, პირველ კვარტალში ყაზახურმა ბიზნესმა ქვეყნიდან 14 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია გაიტანა.

ექსპერტთა აზრით, ინვესტიციების გადინება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. მათი განმარტებით, „გადინება“ გულისხმობს როგორც თანხების ქვეყნიდან გატანას, ასევე სამუშაო ადგილების შემცირებას, რაც არსებულ პირობებში ქვეყნისთვის სერიოზული დანაკარგია. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ბიუჯეტისთვის.

 

არადა, საქართველოს მთავრობა 2010 წელს მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას ელის, რაც მთავრობის მიერ დაგეგმილი 4%-იანი ეკონომიკური ზრდის გარანტი იქნება. თუმცა, პრემიერმა ნიკა გილაურმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 6%-მდეც კი გაზარდა.

 

შარშან, საქართველოში მხოლოდ 759 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ასეთი დაბალი საინვესტიციო მაჩვენებელი ქვეყანას 2005 წლის შემდეგ არ ჰქონია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2009 წელს 759.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 1.56 მილიარდი აშშ დოლარი იყო. 2007 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2.014 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2006 წელს - 1.19 მილიარდი, ხოლო 2005 წელს - 449.8 მილიონი დოლარი.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ედუარდ გარდნერი მთავრობის ოპტიმიზმის საწინააღმდეგოდ წლის დასაწყისშივე განაცხადა, რომ საქართველოში ინვესტიციების მაჩვენებელი 2010 წელს 2009 წლის ანალოგიური იქნებოდა. ამასთან, გარდნერმა ისიც აღნიშნა, რომ შარშანდელ მონაცემებზე გასვლა მთავრობის მუშაობის მაქსიმუმი იქნებოდა.

 

გარდნერის პროგნოზიც განაწყენებულმა მთავრობის წევრებმა კი განაცხადეს, რომ სავალუტო ფონდი პროგნოზის დროს კონსერვატიულ გათვლებს ეყრდნობა, ხოლო მათი გათვლები გაცილებით რეალურია.

 

ასე რომ, წლის დასაწყისში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხო ქვეყნებში განხორციელებული ტურნეს შემდეგ 2010 წელს საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შემოტანა დაგეგმა.

 

მთავრობის წევრების განცხადებით კი, 2010 წელს განსახორციელებელი ინვესტიციების მაჩვენებელი 1,5 მილიარდს შეადგენდა. ეროვნული საინვესტიციო სააგენტოში კი პრეზიდენტისგან განსხვავებით შედარებით „მოკრძალებული“ რიცხვი დაასახელეს - 1,2 მილიარდი დოლარი.

 

კითხვაზე როგორ მოახერხებს ქვეყანა ამ რაოდენობის ინვესტიციის მოზიდვას სააგენტოში პასუხი არა, მაგრამ იმედი აქვთ. სააგენტოში აცხადებენ, რომ ინვესტიციები საიდან წამოვა ეს რთული სათქმელია, მაგრამ თურმე არსებობს გლობალური პროგნოზები, რომლის მიხედვითაც „2010 წელს ამ მიმართულებით ყველაზე აქტიურები იქნებიან კომპანიები ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ბრაზილიიდან და რუსეთიდან“. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ლედის სამშობლო აქტიურობს.

 

სააგენტოს „მოკრძალებული მაჩვენებლის“ გათვალისწინებითაც მთავრობამ წლის ბოლომდე 900 მილიონზე მეტი ინვესტიციის შემოტანა უნდა მოახერხოს.

ამ მაჩვენებლის მისაღწევად ელჩებმა გენერალური დავალებები უკვე მიიღეს. ამბასადორიალზე სრულიად საქართველოს ელჩებს ყველა მინისტრი სათითაოდ შეხვდა და ინვესტიციების მოზიდვა მოსთხოვა.  კულუარული ინფორმაციით, ყველაზე აქტიურ ელჩებს დაწინაურებასაც შეპირდნენ. ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ამ მოთხოვნას თავისი გასაჭირიც დაუმატა და ელჩებს დააბარა იქნებ დონორები გრანტების თუ არა კრედიტების გამოყოფაზე მაინც დაითანხმონ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, აუცილებელია, ელჩებმა იმუშაონ იმ მიმართულებით, რომ საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი იმიჯი შექმნან. ნიკა გილაურის განცხადებით კი, ელჩებმა ნებისმიერ პოტენციურ ინვესტორთან საერთო ენა უნდა გამონახონ.

 

„ელჩების მიმართ ჩემი ნომერ პირველი დავალება არის ინვესტიციების მოზიდვა და ნებისმიერ პოტენციურ ინვესტორთან საერთო ენის გამონახვა. იმედია, ისინი მთავრობის იმედებს გაამართლებენ“, - დაიბარა გილაურმა.

 

ექსპერტების პროგნოზით, წლეულს ინვესტიციები უფრო მეტად დაიკლებს და ამას ორი მიზეზი აქვს: მსოფლიოში არსებული კრიზისი, რომელიც ჯერ კიდევ არ დაძლეულა და ის, რომ საქართველოს გავლენიანი ეკონომიკური ორგანიზაციები არცთუ დადებითად ახასიათებენ.

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევებით საქართველოს კონკურენტუნარიანობის რეიტინგში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. ამ მიმართულებით გვისწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არის აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა აჩვენა, რომ სინგაპურის გზით მიმავალი ქვეყანა განვითარების ყველა მიმართულებით მაჩანჩალაა. ამ რეიტინგში სინგაპური ერთ-ერთი პირველია, საქართველო კი 93-ე ადგილზეა. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდა, ვინაიდან კონკურენტუნაირანი ქვეყნების სიაში შარშან საქართველო 90-ე ადგილს იკავებდა.

 

ასე რომ, ექსპერტების საინვესტიციო პროგნოზები საკმაოდ პესიმისტურია. ექსპერტის შოთა მურღულიას აზრით, კარგი იქნება, ინვესტიციები უკვე დაწყებული პროექტებიდან მაინც თუ შემოვა.

 

„მსოფლიოში ფულადი რესურსი შემცირდა და თამაშის წესები შეიცვალა. ამიტომ კარგი იქნება, ინვესტიციები უკვე დაწყებული პროექტებიდან მაინც თუ შემოვა. მთავარია, ინვესტიციები მხოლოდ დაპირებებად არ დარჩეს და მათი განხორციელება რეალურად დაიწყოს“, - ამბობს მურღულია.

 

ექსპერტ ლევან კალანდაძე შიშობს, რომ მიღწეული ინვესტიციებიც არ დავკარგოთ. მისი თქმით, საუკეთესო შემთხვევაში, საქართველო ინვესტიციების არსებულ მოცულობას შეინარჩუნებს.

 

„მთავარია, მიღწეული არ დავკარგოთ და გაზრდაზე შემდგომ წლებში ვიფიქროთ, რადგან პოსტკრიზისული პერიოდი, რომელიც ევროპასა და აშშ-შია, ლოდინის რეჟიმით, ვითარების გაანალიზებით ხასიათდება და ინვესტიციების აქტიურობით არ გამოირჩევა“, - ამბობს კალანდაძე.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. სპეციალისტებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 197 მლნ დოლარის ინვესტიციაზეც ეჭვი ეპარებათ, ვინაიდან სტატისტიკის სამსახურში კონფედენციულურობის მოტივირებით ინვესტორების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლებელია. კერძოდ, რომელი კომპანიის მიერ, რა რაოდენობის ინვესტიცია სად განხორციელდა.