საარსებო მინიმუმი 158.6 ლარამდე შემცირდა

საარსებო მინიმუმი 158.6 ლარამდე შემცირდა

[ბანკები და ფინანსები]


საარსებო მინიმუმი, რეალური გათვლებით, 220 ლარს უნდა შეადგენდეს

ამერიკაში ფასების დონე მაქსიმუმ 2-ჯერ, ხოლო საარსებო მინიმუმი დაახლოებით 11-ჯერ მეტია

საარსებო მინიმუმი შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკით, შრომისუნარიან მამაკაცს თვეში არსებობისთვის 158 ლარი და 60 თეთრი ესაჭიროება. ეს მაჩვენებელი ერთი თვის წინანდელზე 7 ლარითა და 80 თეთრით ნაკლებია.

ექსპერტების განცხადებით, ბოლო რამდენიმე წელია სურსათზე ფასების ზრდა უსწრებს ინფლაციის ზრდას. მაგალითად, მაშინ, როცა გასული წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაცია 9.8% იყო, სურსათზე ფასებმა 20.1%-ით მოიმატა. ეს ტენდენცია შემდეგ თვეებშიც შენარჩუნდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით სურსათი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 33%-ით გაძვირდა. ეს განსაკუთრებით მტკივნეულია დარტყმაა იმ ფონზე, როცა საარსებო მინიმუმის 70% სწორედ სასურსათო პროდუქციაზე მოდის. 

საინტერესოა სიტუაციის განხილვა საშუალო ხელფასთან მიმართებაში. 2004 წლიდან, როდესაც საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 156.6 ლარი იყო, 2009 წლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 72%-ით გაიზარდა და 556.8 ლარი შეადგინა. ნომინალურად ეს, რა თქმა უნდა, დიდი პროგრესია, მაგრამ ფასების დინამიკას თუ გავითვალისწინებთ, სიტუაცია რეალურად არ შეცვლილა. ექსპერტების მტკიცებით, ფასების დონე 2003 წლიდან დაახლოებით 77-80%-ითაა გაზრდილი. გამოდის, რომ მაშინდელი 156.6 ლარი უფრო მსყიდველობითუნარიანი იყო, ვიდრე 2009 წლის 556.8 ლარი.
საკითხავია, რამდენად ოპტიმალურია საარსებო მინიმუმის დათვლის ფორმულა. სპეციალისტების განცხადებით, 70/30 პროპორცია სასურსათო და არასასურსათო პროდუქციას შორის ცოტა მოძველდა და განახლებას საჭიროებს. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანაფარდობის შეცვლა აუცილებელია, რადგან ცივილიზებულ ქვეყნებში ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი გაცილებით ფართოა. ექსპერი მიიჩნევს, რომ სასურსათო და არასასურსათო პროდუქცია 50/50-ზე თანაფარდობით უნდა იყოს წარმოდგენილი საარსებო მინიმუმის განსასაზღვრა კალათაში.
ანუ ექსპერტის შეფასებით, საარსებო მინიმუმის ოდენობა, რომელსაც `საქსტატი~ აქვეყნებს, გაცილებით მცირეა იმ მაჩვენებელზე, რაც რეალურად უნდა იყოს. თუ საარსებო მინიმუმის განსაზღვრისთვის სასურსათო და არასასურსათო პროდუქციის თანაფარდობას 50/50-ზე პროპორციით განვსაზღვრავთ, დღეს არსებული ციფრის მიხედვით სურსათზე დანახარჯები გამოდის 111.02 ლარი (158.6 ლარის 70%), თუ ამ მაჩვენებელს ავიღებთ, როგორც 50%, შესაბამისად 50%, ანუ საარსებო მინიმუმის მეორე ნახევარი (არასასურსათო საქონელი) იქნება ასევე 111.02 ლარი, ამ ციფრების მიხედვით საარსებო მინიმუმი გამოდის და საარსებო მინიმუმი გამოდის 224.04 ლარი. რა თქმა უნდა, ეს ბევრი არ არის, მაგრამ რეალობასთან ცოტა უფრო ახლოსაა.

არჩვაძის შეფასებით, აუცილებელია სასაქონლო ნომენკლატურის გაზრდა. კალათაში ბევრი ისეთი საქონელი თუ მომსახურებაა შესატანი, რომელიც აუცილებელია ადამიანის არამარტო ფიზიკური არსებობისთვის, არამედ მისი გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობების და უნარების განვითარებისთვის. ეს ნაბიჯი საარსებო მინიმუმის გამომსახველ ციფრს, ბუნებრივია, კიდევ უფრო გაზრდის.

ამდენად, გამოდის, რომ საარსებო მინიმუმი საგრძნობლად ჩამორჩება იმ დონეს, რომელიც ოპტიმუმთან ახლოს არის და რეალობას უფრო მკაფიოდ ასახავს.

საინტერესოა შევადაროთ ფასების დონე და საარსებო მინიმუმი სხვადასხვა ქვეყნებში. ამ მხრივ მოვიყვანოთ ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მოწინავე ეკონომიკის მაგალითი.

ხშირად, როცა საქართველოს რაიმე ეკონომიკური პარამეტრის მიხედვით ადარებენ რომელიმე განვითარებულ ქვეყანას, არგუმენტად მოჰყავთ, რომ განვითარების დონეების განსხვავების გამო პარალელების გავლება არასწორია. მაგრამ შეფარდებითი მაჩვენებლების გამოყენებით სავსებით შესაძლებელია საქართველო, როგორც განვითარებადი ქვეყანა, შევადაროთ მოწინავე სახელმწიფოებს. 

ექსპერტ სოსო არჩვაძის განცხადებით, ამერიკაში ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი წელიწადში 10830 დოლარს შეადგენს. ეს თვეში 902.5 დოლარი გამოდის. ალბათ, დამერწმუნებით, კოლოსალური განსხვავებაა. ქართული საარსებო მინიმუმი ამ მაჩვენებლის დაახლოებით 9%-ია. იმათ საყურადღებოდ, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკაში ფასების დონე გაცილებით მაღალია აღვნიშნავ, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდის ინფორმაციის მიხედვით საქართველოში არსებული ფასების დონე აშშ-ს ფასების დონის 51%-ია, ბიგმაკის მიხედვით კი ეს მაჩვენებელი 85%-მდეა. გამოდის, ამერიკაში ფასების დონე მაქსიმუმ 2-ჯერ მეტია, ხოლო საარსებო მინიმუმი კი დაახლოებით 11-ჯერ მეტი. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ში ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ბენზინი, ფრინველის ხორცი, სატელეფონო მომსახურება, პური, კვერცხი და ა.შ. ფასები ჩვენთან შედარებით უფრო დაბალია. ცნობისთვის, შტატებში ბენზინის ფასი 40%-ით ნაკლებია, ვიდრე საქართველოში.

ამდენად, საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის ზრდა სულაც არ ნიშნავს, რომ იგი ოპტიმალურ ნიშნულს უახლოვდება. მისი ზრდა მხოლოდ და მხოლოდ ფასების დონის ზრდის გამო ხდება. ცალკე თემაა ის, თუ მოსახლეობის რა ნაწილს აქვს თუნდაც ამ 158.6 ლარზე მცირე შემოსავალი. სტატისტიკის სამსახური ამ მაჩვენებელს კარგა ხანია აღარ აქვეყნებს.