„განა შეიძლება, იტალიაში ცხოვრობდეს ადამიანი და მიქელანჯელოს ქანდაკებას ხელს ამტვრევდეს?!“

„განა შეიძლება, იტალიაში ცხოვრობდეს ადამიანი და მიქელანჯელოს ქანდაკებას ხელს ამტვრევდეს?!“

[მანანა ნოზაძე]

რუსთაველის თეატრიდან რობერტ სტურუას „თეატრალურად გაცილებამ“ ხელოვანი ადამიანებიც ქუჩაში გაიყვანა. ქართველმა მსახიობებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა კულტურის სამინისტროსთან დიდი რეჟისორის სამსახურიდან გათავისუფლება გააპროტესტეს და ხელისუფლებას მსოფლიო დონის რეჟისორის მიმართ ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

მართალია, რობერტ სტურუას უყვარდა გამოთქმა, რომ „შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ“, მაგრამ მსახიობებისთვის იგი მართლაც შეუცვლელი რეჟისორი აღმოჩნდა და მათ ვერ წარმოუდგენიათ, ვინ გახდება სტურუას მემკვიდრე.

ხელოვანები განმეორებითი აქციის მოწყობას არ გამორიცხავენ და აანონსებენ, რომ, შესაძლოა, ამ აქციებში თავად რობერტ სტურუამაც მიიღოს მონაწილეობა.

დიდი მაესტროს მხარდასაჭერ აქციაში როგორც ძველი, ისე ახალი თაობის მსახიობები მონაწილეობდნენ, რომლებიც არ მალავდნენ, რომ მათთვის სტურუას შემდეგ რუსთაველის თეატრში მოღვაწეობა აზრს კარგავდა. ამდენად, შესაძლოა, სამომავლოდ რუსთაველის თეატრში მოვლენები კიდევ უფრო თეატრალურად განვითარდეს და რობერტ სტურუას შემდეგ მსახიობთა დასის ნაწილმაც მიატოვოს მშობლიური თეატრი.

მაესტროსადმი ბოლომდე ერთგულების გამოჩენას აპირებს მსახიობი ბესო ზანგური, რომელმაც თავის დროზე სტურუასადმი ერთგულების გამო უშუალო დევნაც განიცადა (იგი 24 მაისს უცნობმა პირებმა გაიტაცეს და ხელკეტით სცემეს).

„პირადად მე არ ვაპირებ თეატრში დარჩენას, თუ რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრიდან წავა”, - გვითხრა ბესო ზანგურმა.

მსახიობმა გია გაჩეჩილაძემ, იმავე „უცნობმა“ კი რობერტ სტურუასადმი ხელისუფლების მხრიდან შურისძიება მხატვრულად გადმოსცა: „განა შეიძლება, იტალიაში ცხოვრობდეს ადამიანი და მიქელანჯელოს ქანდაკებას ხელს ამტვრევდეს?!“

რეჟისორმა ზაზა სვანაძემ კულტურის სამინისტროს შენობის კედელსა და შესასვლელ კარზე საპროტესტო პლაკატები გააკრა წარწერით: “რეჟისორია სტურუა, მხედრიონელი რურუა”, მანვე კულტურის სამინისტროში შეიტანა  ავტომატგამოსახულებიანი პლაკატი, წარწერით: „კულტურის მინისტრის კულტურა“ და პლაკატის მინისტრისთვის გადაცემა მოითხოვა. თუმცა პასუხად პლაკატი ძირს დაუგდეს და არ ჩაიბარეს.

ზაზა სვანაძე აცხადებს, რომ ავტომატი არის დღევანდელი კულტურის სახე. ხოლო მხედრიონელი რურუა კანის ფესტივალზე კი არ უნდა დადიოდეს, არამედ უნდა დაიკითხოს ქართველი ერის წინაშე მხედრიონელობის დროს ჩადენილი დანაშულის გამო.

პრესაგე.ტვ. ესაუბრა აქციის მონაწილეებს.

რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ, როდესაც კულტურა აბარია მკვლელს, შედეგიც ფატალურია.

„ბატონი რობიკოს გათავისუფლება, ესაა კულტურის მოკვლა. რურუა არის პრიმიტიული მკვლელი და ეს იცის მთელმა საზოგადოებამ. როდესაც ქვეყანას აბარებ მკვლელს, საბოლოოდ, იღებ მოკლულ ქვეყანას. ამის სახეა სააკაშვილი და ამიტომაცაა ქვეყანა მოკლული. მარტო თეატრალური სააზოგადოების შეკრებაზე არაა საქმე, ცნობილი ადამიანები არ წყვეტენ ამ თემას, არამედ აქ არსებითია მთლიანი საზოგადოების ზნეობა და მენტალობა. ხალხი არ არის მზად, გადაარჩინოს საკუთარი ქვეყანა. ამ ხალხს არ ადარდებს, რომ მათი მომავალი ისპობა, რომ ეს ქვეყანა ნაწილ-ნაწილ იყიდება მედუქნე ბენდუქიძის მიერ“.

ხაინდრავას აზრით, არანაირი ანტისომხური გამონათქვამები რობერტ სტურუას არ ჰქონია, ქართველებისა და სომხების ძმობა კი ფარისევლობაა.

„უბრალოდ, სტურუამ თქვა, რომ სააკაშვილი არის სომეხი და მე არ მინდა, სომეხი პრეზიდენტი გვყავდესო. მეც იმავეს ვაცხადებ, არ მინდა, სომეხი პრეზიდენტი მყავდეს, ისევე, როგორც სომხების 100 % გეტყვით, რომ არ სურთ ქართველი პრეზიდენტი. ქსენოფობია ისაა, რასაც აკეთებს სააკაშვილი ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს  მიმართ. სააკაშვილი ვერ იტანს ჩვენს ხალხს, ჩვენს ერს და ჩვენს სახელმწიფოს. ქართველებისა და სომხების ძმობა ფარისევლობაა. ძმური ერები არ არსებობენ, არსებობენ მეზობელი ერები, მეგობარი ერები, თანამშრომელი ან წაკიდებული ერები“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

მსახიობი თემიკო ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფალთ კრიტიკული სპექტაკლები არ უნდა აფრთხობდეს, რადგან ეს მათ გამოსაფხიზლებლად კეთდება.

„ჩემს გაგებაში არ მოიაზრება, რომ რობერტ სტურუა შეიძლება იყოს ქსენოფობი. მე მგონია, ეს არ არის რეალური მიზეზი, რის გამოც იგი გაათავისუფლეს თანამდებობიდან. მიზეზი სულ სხვაა, უბრალოდ, სახელი დაერქვა ასეთი. ანტისომხური განცხადება სულ სხვაა და ბატონი რობერტის  განცხადებები სულ სხვა. ეს ცოტა უფრო რთული განსახილველი თემაა. ხელოვნება ისეთი რამეა, რომელიც ქადაგებს ძალიან მაღალ მატერიებს. შესაძლოა, იქ იყოს ისეთი პიესები და თემატიკა, როგორიცაა სახელმწიფო მეთაურების თუ მოხელეების კრიტიკა. ყველა დროს, ყოველთვის ასეთი იყო თეატრი. ალბათ, ყველა ხელისუფალს გულზე ხვდება კრიტიკული სპექტაკლები, ყოველთვის ხვდებოდათ და მოხვდებათ, მაგრამ ეს არის თეატრი, ესაა ხელოვნების ფორმა. მისი მოვალეობაა, შეუძახოს თავის ხელისუფლებას, რათა ის ფხიზლად იყოს“, – აღნიშნა თემიკო ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, მცდარია მოსაზრება, თითქოს რობერტ სტურუა მომხდარს არ განიცდის და უამრავი მიწვევების გამო მოვლენებს ზედაპირულად უყურებს.

„რას ჰქვია არ განიცდის, როგორ შეიძლება არ განიცადო? რაღაც მოლოდინის რეჟიმში იყო ალბათ  ბატონი რობერტი... სად გააგრძელებს, როგორ გააგრძელებს მოღვაწეობას, დარჩება თეატრში რიგით რეჟისორად თუ სხვა თეატრის ხელმძღვანელად წავა, ეს მისი გადასაწყვეტია“.

რაც შეეხება თეატრალური დასის სამომავლო ბედს, თემიკო ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მსახიობები შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ, თუ როგორ გააგრძელებენ თეატრში მოღვაწეობას.  

„ჯერჯერობით, არ განიხილება, რომ ჩვენც წავყვეთ ბატონ რობერტს. ნახევარმა დასმა არც იცის ეს ამბავი, რადგან ზოგი ზღვაზეა, ზოგი საზღვარგარეთ, სოფელში, რეკავენ და ინტერესდებიან ბატონი რობერტის ბედით. ხოლო ჩვენი, ანუ მსახიობების თეატრში ყოფნა-არ ყოფნის საკითხი ეჭვქვეშ ჯერ არავის დაუყენებია“, –  გვითხრა თემიკო ჭიჭინაძემ.

სახალხო არტისტ სანდრო მრელაშვილს რობერტ სტურუას სხვა ქვეყანაში გადახვეწა გიორგი სააკაძის უცხო მიწაზე გადახვეწას აგონებს. მრელაშვილი მიიჩნევს, რომ  რუსეთში სტურუას წასვლა ქართული საზოგადოებისთვის სილის გაწვნა იქნება.

„სავარაუდოდ, ბატონი რობერტი დატოვებს თეატრს და ალბათ რუსეთში წავა, რაც დიდი სილის გაწვნა იქნება ჩვენთვის, რადგან ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყანაში ჩვენი ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე ემიგრირებული იქნება. მართალია, სულ სხვა მაგალითი მომყავს, მაგრამ ახლა მესმის, რატომ გაიქცა გიორგი სააკაძე საქართველოდან. ფსიქოლოგიური მექანიზმი ერთი და იგივეა“.

სანდრო მრელაშვილის აზრით, თუკი ვინმეს ჰგონია, რომ რობერტ სტურუას შემოქმედებითი კრიზისი ჰქონდა, მაშინ მისთვის ხელი კი არ უნდა ეკრათ, არამედ უნდა დახმარებოდნენ.

„ზოგიერთები ამბობენ, რომ ის ბოლო წლებში შემოქმედებით კრიზისს განიცდიდა. თუ ეს ასეა, მერე რა მოხდა? თუკი ხედავ, რომ ასეთი დიდი ხელოვანი შემოქმედებით კრიზისშია, დაეხმარე მას და არ გააღრმავო ეს კრიზისი. თავის დროზე, 60-იან წლებში, როცა შექსპირის მემორიალურ თეატრს სიძნელეები ჰქონდა, მაშინ მთავრობამ მასში სამუშაოდ მიიწვია პიტერ ბრუკი, პიტერ ჰოლი და ერთობლივი ძალისხმევით აამაღლეს თეატრის შესაძლებლობა. სტურუა ფართოდმოაზროვნე შემოქმედია, რომელმაც საკუთარი სტილი შექმნა თეატრში“.

მრელაშვილის აზრით, სტურუა ოპოზიციონრობის გამო გაუშვეს თეატრიდან და  სომხურ-ქართული ურთიერთობა მხოლოდ მიზეზია. „სურდათ, ლაფი ესროლათ მისთვის და იგი გაესვარათ. ამიტომ მოიგონეს „სომხობის თემა“. ეს ადამიანის გასვრის ყველაზე უფრო მდაბიური ხერხია. მეც არ მინდა ჩემი პრეზიდენტი იყოს გინდა სომეხი, გინდა ფრანგი, რა არის ამაში ცუდი?“, – კითხულობს მრელაშვილი.     

მსახიობმა ჟანრი ლოლაშვილმა რობერტ სტურუასთან ერთად 45 წელიწადი იმუშავა, მასთან ერთად შექმნა საეტაპო სპექტაკლები და მას საკუთარ პედაგოგად, მსოფლიო მოქალაქედ მიიჩნევს.

ჟანრი ლოლაშვილი აცხადებს, რომ რობერტ სტურუა სომეხი მეგობრებითაა გარშემორტყმული და მისი თანამდებობიდან გაშვება სულაც არ უკავშირდება ამ თემას, არამედ აქ ღრმა „შიდადინებებია“. 

„რობიკოს ჰყავს უამრავი სომეხი ძმაკაცი სომხეთსა თუ საქართველოში. პირადად მე და რობიკო რომ ვხვდებით ერთმანეთს, ხანდახან სომხურადაც ვუყვებით ხოლმე  რაღაცებს. აქაური სომხები მაინცდამაინც დიდ პატივს არ სცემენ იქაურ სომხებს. პირიქით, თბილისელი სომხები ზემოდან უყურებენ იქაურებს. არ შეიძლება ამხელა ესთეტი კაცი, როგორიც რობერტია, პრიმიტიული აზროვნების იყოს და ვინმე სომხობის გამო დაიწუნოს. ის, თუ რის გამოც იგი გაუშვეს თეატრიდან, სულ სხვა საკითხია. მანდ სხვა შიდადინებებია, მიწისქვეშა „სტიქსია“, – აღნიშნა ჟანრი ლოლაშვილმა და არ დაგვიკონკრეტა, რა იგულისხმა „შიდადინებებში“ .

„მის გათავისუფლებაში არაა საქმე, არამედ – ჩხირკედელაობაში, ამცირებ გამოჩენილ ადამიანს და ცდილობ, დაჩაგრო დიდი ხელოვანი. ქვეყანაში უამრავი საქმეებია, რატომ ირჩევ დასაჩაგრად ინდივიდს, რომელიც ირჩევს ხელოვნების ენას, სამყაროს?! განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის ნააზრევს. თეატრიდან გაშვების შესახებ რობიკო გრძნობდა, კაი 25 წელია, ამბობდა, თქვენ მე გამაგდებთო. ადამიანს ჰქონდა სევდიანი პასაჟები. მას სევდა აქვს, ტირილი შეუძლია, შეუძლია მოკვდეს უცებ, თუ გულს ატკენ. ამიტომ მასთან მიმართებით სიფრთხილე იყო საჭირო“.

ლოლაშვილის აზრით, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ხელოვნების საქმეებში, რადგან ასეთი დამოკიდებულება მსოფლიოში არსადაა.

„მე პირადად მარტო ერთგულების გამო არ ვდგავარ აქ, რომ მიყვარს რობიკო. მიმაჩნია, რომ ყველა ნორმალური ადამიანი უნდა განიცდიდეს ამას. თორემ უამრავი გზა აქვს რობიკოს, მისთვის არაჩვეულებრივად გახსნილია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისკენ გზა“, – აღნიშნა ჟანრი ლოლაშვილმა.