[რეზონანსი. მაკა ხარაზიშვილი]
სტატისტიკოსების გათვლებით დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის ინფლაციის მაჩვენებელი გაორმაგდა (20%). ამის მიზეზი ღარიბი მოსახლეობისთვის მთავრობის მიერ გამოტანილი ვერდიქტია - საბავშვო ბაღებისა და ტრანსპორტის გაძვირება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ღარიბი მოსახლეობა ღატაკების ფენაში გადაისროლა. სტატისტიკური გათვლებით კი, საქართველოში 80% უკვე ღარიბია. გამომდინარე იქიდან, რომ სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით საარსებო მინიმუმი თითქმის ყოველ თვე იზრდება, ღარიბების რაოდენობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და წლის ბოლომდე 85%-ს მიაღწევს.
მთავრობა მომსახურების სფეროს გაძვირებისას აპელირებს, რომ ხარჯები სოციალურად დაუცველ მოსახლეობას არ გაზრდია, რადგან მას თვითონ ანაზღაურებს. სინამდვილეში, სოციალურად დაუცველთა სიაში მხოლოდ მილიონამდე ადამიანია დარეგისტრირებული, თუმცა ღატაკად თავს 1,6 მილიონი ადამიანი მიიჩნევს, რომლებსაც შემოსავალი არ გააჩნიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ოჯახი, სადაც ერთი წევრი მაინც მუშაობს ღატაკების ოჯახს არ მიეკუთვნება, თუნდაც მისი ხელფასი 100 ლარს არ აღემატებოდეს. სპეციალისტები სვამენ კითხვას, რა ქნას მილიონობით ოჯახმა, რომელიც დაბალშემოსავლიანია, მთავრობა სოციალურად დაუცველთა სტატუსს არ ანიჭებს და ყველაფერს უძვირებს. ამ საკითხებზე "რეზონანსი" სტატისტიკოსს სოსო არჩვაძეს ესაუბრა.
"რეზონანსი": სურსათისა და კომუნალური გადასახადების გაძვირებას, ტრანსპორტისა და საბავშვო ბაღების გაძვირებაც მოჰყვა, თქვენი აზრით ეს პროცესი დაბალ შემოსავლიან მოსახლეობაზე რა გავლენას იქონიებს?
სოსო არჩვაძე: ეს პრობლემა არის კომპლექსური სოციალური საკითხებიდან დაწყებული და პოლიტიკურით დამთავრებული. მომსახურების გაძვირება პირდაპირ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას ურტყამს. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის ინფლაციის მაჩვენებელი ორჯერ უფრო მაღალი იქნება.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 4-სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 266 ლარია. შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი კი 158,6 ლარს შეადგენს, მაგრამ ამ მაჩვენებლის განსაზღვრა დამოკიდებულია იმაზედ, თუ რა კრიტერიუმების მიხედვით დავითვლით სიღარიბესა და ღარიბთა რაოდენობას. სტატისტიკის სამსახურს აქვს თავისი მეთოდიკა. იგი თვლის, რომ ეს მონაცემები ასახავს რეალობას.
საარსებო მინიმუმი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებელი, ეს ნიშნავს, რომ სამომხმარებლო კალათაში შეტანილი საქონელი სწრაფად ძვირდება. მაგალითად ივნისის საარსებო მინიმუმი წინა წლის ივნისთან 23,3%-ით გაიზარდა, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი მხოლოდ 10% იყო (ივნისი-ივნისთან). ეს ფაქტი იმაზედაც მიუთითებს, რომ ფასების გაძვირების ტვირთი გადადის ფიქსირებულ, დაბალ შემოსავლიან და შედარებით ასაკოვან ადამიანებზე. ანუ პენსიონერებსა და მათთან გათანაბრებული პირების მატერიალურ მდგომარეობაზე.
"რ": არის თუ არა ეს 266 ლარი სიღარიბისა რეალური მაჩვენებელი და როდესაც ქვეყანაში ღარიბების რაოდენობაზე ვსაუბრობთ უნდა ვისარგებლოთ თუ არა ამ მონაცემით?
ს.ა: ჯერ ერთი, სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს იმ ოჯახების შინამეურნეობათა შეფარდებით მაჩვენებელს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან - ეს არის მედიანური მოხმარების 60%-40%-ის მაჩვენებელი. ვფიქრობ, ამ მაჩვენებლის განსაზღვრისას მექანიკური ან სტატისტიკური გათვლითი მიდგომა არ იქნება სწორი, ვინაიდან საქართველო მთლიანად ჩართულია გლობალურ ეკონომიკურ პროცესში. ქვეყანას მსოფლიოს თითქმის 150 ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირი აქვს.
ჩვენი ცხოვრების წესი, მოხმარების კულტურა ყალიბდება არა მარტო ქვეყნის შიგნით მიღებული შემოსავლებით და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დონით, არამედ მნიშვნელოვან წილად, საერთაშორისო დახმარებების, უცხოური ინვესტიციებისა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასული ჩვენი თანამემამულეების მიერ გადმოგზავნილი ფულით.
შესაბამისად, ჩვენზე გავლენას ახდენს, დანარჩენი მსოფლიო თავისი მოხმარების წესით კულტურითა და თავისებურებებით. ამ კუთხით შედარებისთვის აღებულია ამერიკის შეერთებული შტატების სტრუქტურა და ბიგმაკის ინდექსი.
ბიგმაკის ინდექსი, სწორედ, ამერიკის დონესთან მიმართებაში დაიანგარიშება. როგორც უკვე აღვნიშნე, 4-სულიან ოჯახზე საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი 266 ლარს შეადგენს. ამერიკა, ვალუტის ოფიციალური კურსით, თვლის, რომ 4 - სულიან ოჯახზე საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი, თვეში 3082 ლარს უნდა შეადგენდეს. ამერიკის სატისტიკური მონაცემებით, 4 სულიან ოჯახზე წლიური მაჩვენებელი 22 ათასი დოლარია. ეს არის დაანგარიშებული ამერიკის 48 შტატის მიხედვით, აქ არ შედის ალიასკა და ჰავაის კუნძულები, ვინაიდან იქ საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი რიგი გარემოებების გამო უფრო მაღალია.
ამ მაჩვენებლების შედარებისას ვნახავთ, რომ ჩვენთან საარსებო მინიმუმის დონე ამერიკის დონის 8,6%-ია. მაშინ როდესაც, სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში ფასების დონე ამერიკის დონის 53%-ია და ბიგმაკის ინდექსით კი ამერიკის დონის 82%-ს შეადგენს. რიგი პროდუქტების მიხედვით ჩვენთან გაცილებით მაღალი ფასებია, ვიდრე ამერიკაში. საქართველოში საწვავი დაახლოებით 27%-ით ძვირია, ვიდრე ამერიკაში. ასევე ჩვენთან უფრო მაღალი ფასებია სხვა სამომხმარებლო პროდუქტზე - საქონლის ხორცი, ფრინველის ხორცი, კვერცხი, რძე...
იმისთვის, რომ სტატისტიკამ საარსებო მინიმუმის გათვლისას რეალური სურათი დადოს, უნდა გაიზარდოს იმ საქონლის მოცულობა, რომლითაც საარსებო მინიმუმის გაანგარიშება ხდება. ეს გაზრდის საარსებო მინიმუმის ღირებულებას, ღარიბთა რაოდენობას. ანუ დარგის სპეციალისტების მონაწილეობით ამ კალათის დაზუსტება უნდა მოხდეს.
"რ": რეალურად რამდენია ღარიბი მოსახლეობის თვიური ხარჯი?
ს.ა: მე ვთვლი, რომ ღარიბად ითვლება 4-სულიანი ოჯახი, რომლის ხარჯების მოცულობა, თვეში, დაახლეობით 800 ლარია.
"რ": ამ ხარჯებში რა შედის?
ს.ა: უპირველესად, სურსათი, სატრანსპორტო და კომუნალური მომსახურება. ჩვენი მოთხოვნილებები იზრდება და ამ მოთხოვნილებების ზრდა, უსწრებს კეთილდღეობის რეალურ ზრდას. 20 წლის წინ ადამიანმა არ იცოდა რა იყო ინტერნეტი, დღეს კი მისი გამოყენება აუცილებელი გახდა. აქედან გამომდინარე, მაგალითად, თუ მშპ იზრდება 1%-ით, მოთხოვნილების ზრდა 1,5-2%-ია. შესაბამისად, როდესაც მოთხოვნილებები იზრდება, ჩვენ საარსებო მინიმუმის კორექტირება უნდა მოვახდინოთ.
"რ": საქართველოში რეალურად რამდენია ღარიბი და საშუალო ფენა?
ს.ა: სხვადასხვა სტანდარტებით სხვადასხვა მონაცემებია. სურსათის წილი ხარჯების საერთო მუცულობაში არის 15,2%, ევროზონაში, ჩვენთან 44,5%, დასკვნა თვითონ გამოიტანეთ. კვების ხარჯები, რომ დაფარო შემოსავლები სულ ცოტა სამჯერ მაინც უნდა გაზარდო, ეს კი შეუძლებელია.
ემპირიული დაკვირვების, საქართველოში მდიდრები და შეძლებულები ერთად აღებული, დაახლოებით, 10%-ია, აქედან 2-2,5% მდიდარია, დანარჩენი შეძლებული. საშუალო ფენაც ასევე 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დანარჩენი 80%-ის ცხოვრების სტანდარტი არ აკმაყოფილებს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების სტანდარტს. ასეთი სხვაობის ფონზე კი, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა მდიდრებს და სიმდიდრეს, არამედ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სიღარიბეს.
ქართულ რეალობაში იმისათვის, რომ საშუალო ფენას განეკუთვნებოდეს სულ მინიმუმ საბანკო ანგარიზშე 2 520 ლარი უნდა გქონდეს. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, როგორიცაა აგარაკი, მანქანა და ა.შ. ესეც ქართველების საკმაოდ დიდ ნაწილს არ აქვს, შესაბამისად, ისინი, რა თქმა უნდა, საშუალო ფენას არ განეკუთვნებიან, ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.