„არჩევნებზე მასწავლებლებმა უგულავაზე იმუშავეს, ახლა ხომ უნდა გაიგონ, რაც დააშავეს“

„არჩევნებზე მასწავლებლებმა უგულავაზე იმუშავეს, ახლა ხომ უნდა გაიგონ, რაც დააშავეს“

[ნანა მაისაშვილი]

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად იზრდება პრობლემები. მშობლებს ძვირადღირებული სასწავლო წიგნების ყიდვის პარალელურად ახალი დილემმა შეექმნათ. განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა რიგითობის მიხედვით გააუქმა და გაყიდა სკოლები. მასწავლებლების დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა, მოსწავლეებს კი სახლიდან ძალიან მოშორებით მოუწევთ სკოლებში სიარული. გაძვირებული მგზავრობა, გაძვირებული სწავლა-განათლება და კაპიკებად გაყიდული სკოლის შენობები...

ეს არის რეალობა, რომელსაც შაშკინი რეფორმას უწოდებს. ამ და სხვა თემებზე გვესაუბრება განათლების მუშაკთა თავისუფალი პროფესიული კავშირის „ერთობის“ წარმომადგენელი დავით წიქარიშვილი:

– ეს ზაფხული ძალიან მძიმე აღმოჩნდა. 26 მაისი, ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმული ორი იდიოტური ნაბიჯი, ფოტოჟურნალისტების საქმე, პროდუქტების და ტრანსპორტის ხელოვნური გაძვირება, დევნილების გამოსახლება, სკოლების დახურვა... აი, არასრული ჩამონათვალი იმ უბედურებებისა, რაც ამ ზაფხულს დატრიალდა. 26 მაისის შემდეგ ახალი რეალობა დადგა - სისხლის გემო გაიგო მთავრობამ და მთლად აიღო ხელი ნამუსზეც და თავზეც. ამ ფონზე ძნელია მოსთხოვო მასწავლებელს, რომ მარტო მასწავლებლებმა დაიცვან სკოლა, თან, იმ რეჟიმის პირობებში, ხალხს რომ ისეთი თვალით უყურებს, არიქა, რამე არ იშოვოს ვინმემ ისეთი, სული რომ მოითქვასო.

ტერორი და ციხეა ხალხთან ურთიერთობის ერთადერთი მეთოდი, ასე რომ, მასწავლებლები, საზოგადოებისაგან მოწყვეტით, მარტონი ვერ შეძლებდენ ამ პროცესთან დაპირისპირებას. ხოლო არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკოსები არ ჩაერივნენ ამ პროცესში. შსს აკონტროლებს, რომ მასწავლებელი პრესამდე არ მივიდეს ან, პირიქით, პრესა არ მივიდეს მასწავლებლამდე (როგორც ჩანს, სერიოზული ცენზურა იწყება ბეჭდვით მედიაში), პროფკავშირებსაც არ სცალია და აი შედეგიც – ათიოდე პუბლიკაცია, ორიოდე სატელევიზიო გამოსვლა - ესაა სულ. დაშინება და ტერორი იმდენად არ ჭრის, რამდენადაც იმის შეგრძნება, რომ წყალს ნაყავ და სრული ინერტულობაა შენს გარშემო.

რატომ შეხვდნენ პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი ასე დუმილით ამ პროცესს?

- პოლიტიკოსები - გასაგებია, სკოლები შენ გადაარჩინო და ხმა სხვას მისცენ... სხვები ფიქრობენ, სერიოზული გამოსვლების ორგანიზება ასე იმპროვიზებულად ვერ მოხერხდებაო. არადა, როგორ უნდა მოემზადებინათ, როცა სკოლებში მასწავლებლებს ფიქრისაც კი ეშინიათ? ჩიტი ვერ შეფრინდება – მანდატური, აკრძალვა, თვალთვალი....ზოგი ფიქრობს, თბილისის მერის არჩევნებზე მასწავლებლებმა უგულავაზე იმუშავეს, ახლა ხომ უნდა გაიგონ, რაც დააშავესო. საზოგადოება არ არის მზად. დანარჩენი-დეტალებია…

სხვათა შორის, ერთი რამის თქმაც მინდოდა - ვიღაცამ დამირეკა, ძაღლოვან სტრუქტურებს გაჩვენებთო. მე ვუთხარი, თუ არ დამიჭირო, შენი ... და გავუთიშე. არ მგონია დამიჭირონ, თუ გახსოვთ, ყვარყვარეს რომ ეუბნება მისი იდეოლოგი-კარგს იზამ თუ დამიჭერო... ამასაც ცოდნა უნდა, ამიტომ ცდილობს მიშა, რომელმაც ხალხის მხარდაჭერა დიდი ხანია დაკარგა, სხვებსაც მოუსპოს სოციალური დასაყრდენი, რომ არჩევნები იყოს არა იდეების და პოზიციების, არამედ ფინანსების ბრძოლა. იქ კი მარტივი გათვლა აქვს - რაც ხალხს წავართვი ათი წლის მანძილზე, იმის მეათასედს მივცემ და სიხარულით აჭყლოპინებულნი მომცემენ ხმას მე, ან ჩემს მიერ შეთავაზებულ კაცსო. ხელისუფლების ხელიდან გაშვება არ უნდა, იცის სხვების დანაშაულსაც მას აჰკიდებენ და ეს მისთვის დასამარება იქნება.

ბეჭდვით მედიაში ცენზურა იწყებაო – რას გულისხმობთ, გაქვთ ინფორმაცია თუ-თქვენი ვარაუდია?

- მარტო ვარაუდით ვერ გავბედავდი თქვენთან მოსვლას, ინფორმაციაც მაქვს და ფაქტების მოყვანაც შემიძლია. მკითხველი ხშირად იმახსოვრებს ასეთ განცხადებებს. რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ საზოგადოება მზად უნდა იყოს ამისთვისაც. თანაც, ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი - ჯერ იძახდნენ პრესა „თვითცენზურულიაო“ მერე-ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ-ბეჭდვითი მედია გაათავისუფლეს მარწუხებიდან. ხალხი ტელევიზიებს მოეშვა და კითხვას მიეძალა, ახლა-სერიოზულად ნანობენ ამას. ბეჭდურ პრესას ვერაფერი შეცვლის, მითუმეტეს, ჩვენი უღიმღამო ტელევიზიები. არ უნდა დაგვავიწყდეს, მთელი მეოცე საუკუნე ფილოსოფოსები გამოდიოდენ ლიტერატურის თეორეტიკოსებთან ერთად, ანუ, ანბანით გამოსახული სიტყვა იყო მათთვის მნიშვნელოვანი ამა თუ იმ პრობლემის შესწავლისას.

თქვენ შსს ახსენეთ, როგორც ბრძანებების შემსრულებელი ორგანო. რამდენად ხშირად ერევა და რა დოზებით შსს განათლების საკითხებში?

- მანდატურებიც რომ არ იყოს, ტერიტორიის პოლიტიკურ კონტროლს ახორციელებს პოლიცია და სკოლა ერთი აუცილებელი კომპონენტია ამ მხრივ. თუ სკოლა არ გადაგვარდა, საზოგადოება არ გადაგვარდება. ეს მშვენივრად აქვთ გააზრებული. ასევე დამკვიდრდა პროპაგანდისტული მიზნებისათვის სკოლების გამოყენების მავნე პრაქტიკა. ჩვენებური პროპაგანდა, მოგეხსენებათ, მთავრობის მომხრეთა შესანარჩუნებლად სისტემატურად იყენებს ისეთ თანამედროვე პროპაგანდისტულ მეთოდებს, როგორიცაა მოწინააღმდეგეთა ტერორი, შანტაჟი, ნარკოტიკის ჩადება და სხვა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, რომ ახალგაზრდობა იყოს მაქსიმალურად ლოიალური რეჟიმის მიმართ და ეს ლოიალობა, რა თქმა უნდა, გამაგრებული უნდა იყოს ჩემს მიერ უკვე ნახსენები მეთოდებით. ესაა ერთ ერთი მიზეზი, რის გამოც სკოლებს და უნივერსიტეტებს „მჭიდრო კავშირი აქვთ“ (ესეც ბრჭყალებში, თუ შეიძლება) შსს-სთან.

დიდი, მოუქნელი  და ძვირადღირებული აპარატი თითქმის მხოლოდ ამითაა დაკავებული. არადა, რა ღირს ეს ყველაფერი? როცა მაღაზიაში შევდივართ ვინტერესადებით არა მხოლოდ საქონლის ხარისხით, არამედ მისი ფასითაც. ცუდი კრიმინალური ეპოქისაგან ჩემმა პირადმა ზარალმა შეადგინა მინიმუმ 1000 ლარი. ვეჭვობ, რომ ეს მოჩვენებითი უსაფრთხოება ბევრად უფრო ძვირი დამიჯდა. ამიტომაა,რომ ყველა ერიდება პოლიციელების თვალში მოხვედრას - ისინი საზოგადოებაში ძალიან ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ. ამიტომ ვამბობ ხოლმე, პოლიციელი მოქალაქის მტრად გადაიქცა-მეთქი.

შს მინისტრმა აღნიშნა კრიმიოგენული ვითარების შემცირების გამო სამართალდამცველებს ნაკლები საქმე აქვთ და ისინი უფრო მოსახლეობის მომსახურებაზე და მათთვის კომფორტის შექმნაზე არიან გადასულნი

- რაც შეეხება სახელმწიფოს ხერხემლის ამ განცხადებას, მგონი, აქ უფრო რთულადაა საქმე. ეს იყო ნათქვამი დღევანდელი პოლიტიკური ელიტის მისამართით: – ნუ ფიქრობთ, რომ შეინარჩუნებთ გავლენასა და სიმდიდრეს ასეთი მმართველობით, ეს რეჟიმი გაკოტრდა. რაღაც სიახლეა საჭირო, ვხედავ, ახალ ხალხს და სისხლი ეძებეთო  გადასასხმელად, ღმერთი არ გაგიწყრეთ, პოლიციას არ შეეხოთ, მაშინ კი-შესაძლოა, მართლაც ყველაფერი დაკარგოთო. ეს ფრაზა ისეთი ფორმით თქვა და ისეთ ადგილას, (აი, მარტო შუშაბანდი როა, ისეთი შენობის გახსნაზე.) რაც მისმა განათლებამ უკარნახა. მართლაც და, თუ კრიმინალი მეათედამდე დავიდა, რაში სჭირდება ქვეყანას ათჯერ გაზრდილი პოლიციური აპარატი, ვიდრე კრიმინალთან ბრძოლის დაწყებისას იყო?

სკოლების დახურვას, იქნებ, ეს შემინულ-შეშუშაბანდებული შენობები გაგვეყიდა? პასუხი, დე, მკითხველმა გასცეს. ასეა თუ ისე, მზადდება სერიოზული ცვლილებები, ცოტა ხანში ორი ფრთა გამოიკვეთება. ერთი-რომელიც თვლის, რომ მიშამ ხელისუფლება უნდა დათმოს გადაბარების გზით (ოღონდ, გადაბარება უნდა მოხდეს ისე, რომ ხალხმა დაიჯეროს), და მეორე ფრთა - რომელიც მხარს დაუჭერს მიშას მარიონეტს პრეზიდენტად და მიშას - პრემიერ-მინისტრად. ის, თუ ძალთა როგორი თანაფარდობა გვექნება, ალბათ, მალე გახდება ცნობილი.