[The New York Times დენიელ ბაიმანი, ჩარლზ კინგი]
სამი წლის წინ, აგვისტოში, რუსეთს და საქართველოს შორის ერთი უცნობი მთიანი რეგიონის – სამხრეთ-ოსეთის გამო, რომელმაც საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხანმოკლე და სასტიკი ომი წარიმართა. რუსეთმა საერთაშორისო ნორმების დარღვევით, სამხრეთ-ოსეთი დაიცვა და მოგვიანებით სეპარატისტები დამოუკიდებელ მთავრობად ოფიციალურად აღიარა. ასობით ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი სადავო რეგიონიდან გაიქცა და დევნილად იქცა
2008 წლის ომმა იმის დემონსტრირება მოახდინა, თუ რა ფეთქებადსაშიში პოტენციალის შემცველია რუკაზე ფანტომური სახელმწიფოების არსებობა: ადგილების, რომლებიც შეიარაღებულ ძალებს ქმნიან, არჩევნებს მართავენ, ადგილობრივ ეკონომიკებს აშენებენ, განათლებას აძლევენ ბავშვებს და ამავდროულად ბუნდოვანი პოზიცია უკავიათ ფაქტობრივ არსებობას და საერთაშორისო ლეგიტიმურობას შორის.
საერთაშორისო პოლიტიკაში ერთ-ერთი ასეთი ანომალია სამხრეთ-ოსეთია, სადაც დაახლოებით 70 000 ადამიანი ცხოვრობს, მის მოძმე სეპარატისტულ რესპუბლიკა აფხაზეთში დაახლოებით 250 000 ადამიანი (ეს რიცხვი სადაოვა). ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა მსგავსი წარმონაქმნებია მთიანი-ყარაბახი და დნესტრისპირეთი. სამხრეთით კვიპროსის თურქული რესპუბლიკაა, პალესტინის ტერიტორიები მდინარე იორდანის სანაპიროზე და ღაზას სექტორში და დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი სომალილენდის ტერიტორია. ამ ჩამონათვალს შეგვიძლია დავუმატოთ დაახლოებით ხუთზე მეტი ტერიტორია მსოფლიოს სხვა ადგილებში. მთლიანობაში აქ დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ფანტომური სახელმწიფოები აწარმოებენ ომებს, ხელს უწყობენ კრიმინალს და სუსტ ქვეყნებს კიდევ უფრო ასუსტებენ. მთიან- ყარაბახს სომხეთი ადიდებს, აზერბაიჯანი აძაგებს: კონფლიქტის ყველა მხარე იარაღდება იმ შემთხვევისთვის, თუკი შეტაკებები განახლდება. ჩრდილოეთ-კვიპროსის სტატუსის გაურკვევლობა ასუსტებს ყველა კვიპროსელის ეკონომიკურ პერსპექტივას და ამწვავებს ურთიერთობას ევროკავშირს და თურქეთს შორის, რომელიც ჩრდილოეთ-კვიპროსის მხარდამჭერი მთავარი ძალაა და მართალია სომალილენდი ანარქიაში ჩაძირული სომალით გარშემორტყმული ეფექტურად მართული კუნძულია, თუმცა მისი არ აღიარებული სტატუსი აქ ხელს უშლის ინვესტიციების და დახმარების განხორციელებას.
ფანტომური ქვეყნები ხშირად ომების შედეგად წარმოიქმნება და მათ შემდგომი ბრძოლებისთვის საფრთხის სახით ინარჩუნებენ. ღაზაში „ჰამასმა“ ისრაელთან პერიოდული, ხანმოკლე ომები გააჩაღა. ამავდროულად ის არც ადგილობრივ კრიმინალს ებრძვის და ტერიტორიას ნაგვისგანაც კი არ ასუფთავებს.
ფანტომური სახელმწიფოების ლიდერები ერთა თვითგამორკვევის უფლების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები არიან, მაშინ როცა სახელმწიფოები, რომელთაგან დამოუკიდებლობასაც ისინი მოითხოვენ, სტაბილური საზღვრების აუცილებლობაზე საუბრობენ. ამ ორ შეუთავსებელ პრინციპს შორის გაჭედილ ფანტომურ მთავრობებს ახასიათებთ უხერხული პრეცედენტებით ოპერირება, ორმაგი სტანდარტები და უცხოურ მფარველობაზე მოწოდებები. მართლაც, ფანტომების უმრავლესობა გარე დახმარების ხარჯზე არსებობს. მოსკოვი სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთისთვის რუხი კარდინალია, მთიან-ყარაბახში კი სომხეთი ბატონობს.
ტაივანი ამ თავსატეხის გადაწყვეტის ერთ-ერთი ვარიანტია: სამართლებრივი გაურკვევლობის პირობებში არსებობის მიუხედავად, ის გადარჩა. 1949-1971 წლებში ტაივანის ნაციონალისტურ მთავრობას გაერო-ში ჩინეთის ადგილი ეკავა და მსოფლიოს მთავრობების უმრავლესობა აღიარებდა, თუმცა 1970-იანი წლებიდან არც ერთი დიდი სახელმწიფო მსოფლიოში ტაივანს ოფიციალურად არ აღიარებს. ამის მიუხედავად, ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ტაივანი ეკონომიკურ ძალად, ავტორიტარული მმართველობიდან დემოკრატიული გარდაქმნის მაგალითად და საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელ წევრად იქცა, თანაც ისე, რომ გაერო-ში წარმომადგენელიც არ ჰყავს.
გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩართულობა. ტაივანის ეკონომიკურმა და სტრატეგიულმა მნიშვნელობამ აიძულა შეერთებული შტატები, ჩინეთი და სხვა გავლენიანი ზესახელმწიფოები ფეხაკრეფით ევლოთ (და ზოგჯერ ესარგებლად კიდეც) მისი გაურკვევლი სამართლებრივი სტატუსით. ლეგიტიმურმა, მაგრამ არ აღიარებულმა, ნამდვილმა ქვეყანამ, ოღონდ არა დამოუკიდებელმა ტაივანმა კრეატიული გაურკვევლობის პოზიტიური ძალა აჩვენა.
მსგავსი მიდგომის გამოყენება ბევრგან შეიძლება. ფანტომური სახელმწიფოები ხშირად კორუმპირებულები არიან, მათ სამხედრო მეთაურები მართავენ და ნარკოტრაფიკითა და სხვა არალეგალური ვაჭრობით არიან დაავადებულები, მაგრამ გამჭვირვალე მმართველობა, თავისუფალი არჩევნები და მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკა ფანტომური სახელმწიფოებისთვის ისევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც რეალური ქვეყნებისთვის. თუკი ფანტომური მთავრობები კარგად იქცევიან, წამყვანმა სახელმწიფოებმა მატად უნდა შესთავაზონ ლეგიტიმურობის პერსპექტივა. ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები შეიძლება განხორციელდეს სუვერენიტეტზე დისკუსიების პარალელურად და შესაძლოა მის მხარდასაჭერადაც.
ტერიტორიული მთლიანობის მოთხოვნით, შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები უარს ამბობენ საერთაშორისო არენაზე ფანტომური სახელმწიფოების პასუხისმგებელ მოთამაშეებად გადაქცევაზე. მანამ სანამ ფანტომები სეპარატისტებად და უკანონო ვაჭრობის კერებად მიაჩნიათ, საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან ცოტა შანსი აქვს იმის, რომ მათ ლიდერებს დააკისროს პასუხისმგებლობა, ხოლო მათდამი მხოლოდ ისე მოპყრობა, თითქოს ისინი ანომალიებია იმას ნიშნავს, რომ თავად ფანტომურ სახელმწიფოებს საერთაშორისო წესრიგზე ზრუნვის ძალიან ცოტა მიზეზი აქვთ.
იმ დროსაც კი, როდესაც ფანტომური სახელმწიფოები ნამდვილ სახელმწიფოებად გარდაიქმნებიან, პრობლემები აუცილებად არ სრულდება. ერითრეა რომელიც ეთიოპიას 1993 წელს გამოეყო რამდენიმე ომის შემდეგ, ერთგვარი გაფრთხილებაა. მას შემდეგ ის ტირანიად გარდაიქმნა, სასაზღვრო ომი აწარმოა ეთიოპიასთან, რომელსაც ათასობით ადამიანი შეეწირა და მხარი დაუჭირა სომალიში სასტიკ დაჯგუფებას „აშ-შაბაბი“. მართალია ერითრეა დამოუკიდებელი, თუმცა ის დღემდე მუდმივი არასტაბილურობის წყაროა.
იმისთვის, რომ არ დავუშვათ ახალი ერითრეა, საერთაშორისო თანამეგობრობამ ფანტომურ სახელმწიფოებს გამორჩეულად დამოუკიდებლობისკენ მისწრაფების ნაცვლად, რეფორმებისკენ უნდა უბიძგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პლანეტის მილიონობით მცხოვრები სამართლებრივი და პოლიტიკური გაურკვევლობის მდგომარეობაში დარჩება (მებრძოლები მიზეზით და ჯარისკაცები მზა საბაბით უკმაყოფილებისთვის), მაშინ როდესაც მიმდებარე ტერიტორია მუდმივად ომის საფრთხის ქვეშ იქნება.
დენიელ ბაიმანი – ბრუკინგსის უნივერსიტეტში ახლო-აღმოსავლური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის „საბანის” დირექტორი. ჩარლზ კინგი – ავტორი წიგნისა Odessa: Genius and Death in a City of Dreams („ოდესა: გენიოსი და სიკვდილი ოცნებების ქალაქში“); ორივე ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტის პროფესორია.