[foreignpress ჯეიმს ვერჩი]
იმ დროს, როდესაც მსოფლიო დიდი გულისყურით ადევნებდა თვალს კონგრესის გადაწყვეტილებას ვალსა და დეფოლტს შორის არჩევანზე, საქართველოს რესპუბლიკაში გაზეთის პირველ გვერდზე ასეთი სათაური გაჩნდა: „თბილისი მიესალმება შეერთებული შტატების სენატის გადაწყვეტილებას“. ავტორიტეტულმა ინგლისურენოვანმა გაზეთმა The Messenger-მა მაღალი შეფასება მისცა სენატის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, განსაკუთრებით კი „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს რეგიონების – სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაციის აღიარების“ საჭიროებას.
საქართველოში ეს ისე გაჟღერდა, თითქოს აშშ-ს სენატში მთავარი დებატები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას დაეთმო, როგორც ჩვენთვის ნაციონალური მნიშვნელობის საკითხს. ამერიკული გადმოსახედიდან კი ეს ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ რაღაც მოხდა და სხვაობამ ამ რაღაცას და იმას შორის, თუ როგორ მოხდა ამის ინტერპრეტაცია საქართველოში, შეიძლება სერიოზული შედეგები იქონიოს საქართველოსთვის, აშშ-სთვის და სხვა ადგილებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
სენატის რეზოლუციიდან რამდენიმე დღეში თბილისში თედო ჯაფარიძეს, აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ამ საქმეში დისკუსიის საგანი ამერიკის ინტერესს და ამერიკის სიმპათიას შორის სხვაობაა. ამ სხვაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ მზარდი განგაშის ფონზე, რაც მსოფლიოში ამერიკის გეგმებთან დაკავშირებით არსებობს, და ჩვენ კარგად უნდა გავარკვიოთ ის, თუ რომელი იგულისხმება ჩვენს ოფიციალურ განცხადებებში.
მათ, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოში ამერიკას სასიცოცხლო ინტერესი აქვს, შესაძლოა გაგვახსენოს საქართველოს წვლილი ამერიკის ომებში ავღანეთსა და ერაყში (სამხედროების მცირე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვი) ან მისი სატრანზიტო როლი (ქვეყანაში გადის მილსადენი, რომელსაც ნავთობი და გაზი კასპიის ზღვის აუზიდან დასავლეთში გადააქვს). მაგრამ ომები სრულდება, ხოლო საქართველოს მილსადენზე მსოფლიოს ნავთობმომარაგების მხოლოდ 1% მოდის. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, სადაც 4,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამერიკას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაციონალური ინტერესების რანგში აჰყავს, არარეალისტურია.
როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში უფრო ადექვატური ამერიკის სიმპათიაზე საუბარია. ყოველ შემთხვევაში, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ჩვენ განვიხილავდით საქართველოს, როგორც დემოკრატიის შესანიშნავ ექსპერიმენტს და ვამაყობდით მისი მხარდაჭერით. ის ჩვენს მთავარ ნაციონალურ ნარატიტივს ასახავდა „ქალაქზე, რომელიც ბორცვზე დგას“ – შუქურაზე, რომელიც სხვებს გზას უნათებს. და ზოგიერთი ამერიკელისთვის არც თუ უსიამოვნოა ის ფაქტი, რომ დემოკრატიის მშნებელობის ეს ეპიზოდი ჩვენი „ცივი ომის“ პერიდოის მეტოქის, რუსეთის საზღვრებთან ვითარდება.
რა თქმა უნდა, დასავლელი დამკვირვებლები სულ უფრო და უფრო იმედგაცრუებულები არიან პოლიტიკური რეპრესიებით, მედიის კონტროლითა და დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობით საქართველოში, თუმცა სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ის კვლავ იმედისმომცემ კონდიციაში რჩება.
ისეთ შემთხვევებზე ფიქრის დროს, როგორიც საქართველოა, ზოგიერთი ანალიტიკოსი აშშ-ში იმდენად შორს მიდის, რომ ამაყად მოიხსენიებს ამერიკას „სახიფათო ქვეყნად“, ქვეყნად, რომლის ოთხსაუკუნოვანი ისტორიის კულტურული მახასიათებელი სამყაროსთვის ისეთი იდეებიის შეთავაზებაა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მონარქიებს და სხვა ფორმის ავტორიტარულ რეჟიმებს. მაგრამ პოზიტიური თვალსაზრისით საფრთხისშემცველი ამერიკა, შესაძლოა საფრთხისშემცველი ნეგატიური და დესტრუქციული თვალსაზრისითაც გახდეს. ჩვენს წარსულში მრავლადაა ისეთი ეპიზოდები, როგორიცაა იარაღით მომარაგება ან სამხედრო მოქმედებების ესკალაცია, რაც ამერიკული ინტერესების ამერიკულ სიმპათიებში აღრევიდან მოდის. ხშირად ჩვენს საჯარო დისკურსში მეორე მარტივად გადაიზრდება ხოლმე პირველში.
მთელი მისი ხარვეზებითა და იმედგაცრუებებით, საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული ექსპერიმენტია სამყაროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, მაგრამ არასტაბილურ ნაწილში. ჩემი აზრით, ამერიკამ კვლავინდებურად უნდა უთანაგრძნოს ამ ქვეყანას, იმ გამოწვევების გამო, რომელიც ამ დემოკრატიულ ექსპერიმენტს ახლავს, ასევე მხარი უნდა დაუჭიროს მას როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია თავი ავარიდოთ ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, თითქოს შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესების საკითხად განიხილავს.
შესაძლოა, ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ ასეც უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის, და
ამ რეგიონში ნებისმიერი ბიძგი რუსეთთან კონფრანტაციის რეალიზაციისკენ, ტრაგიკულ შედეგებს გამოიწვევდა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მოთამაშეთა გაცილებით ფართო წრისთვის. სინამდვილეში, შესაძლოა სწორედ ამერიკული სიმპათიებისა და ამერიკული ინტერესების არასწორი ინტერპრეტაცია იქცა იმ ფაქტორად, რასაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე მაგრამ სასტიკი ომი მოჰყვა. მომავალში მსგავსი გაუგებრობის თავიდან აცილება ყველას ინტერესებშია.
ჯეიმს ვერჩი – ვაშინგტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმეთა ასოცირებული ვიცე-კანცლერი და ზურაბ ქარუმიძესთან ერთად წიგნის “Enough!: The Rose Revolution in the Republic of Georgia in 2003″ („კმარა!: 2003 წლის ვარდების რევოლუცია საქართველოში“) თანარედაქტორი.