„აფხაზეთში პროქართული ფიგურები არ არსებობენ“

„აფხაზეთში პროქართული ფიგურები არ არსებობენ“

[მერაბ ბრეგაძე]  

ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო“ არჩევნების წინ კანდიდატებს შორის ურთიერთობა იძაბება. ამის უშუალო მიზეზი გახდა მოსკოვში მოკალათებული თენგიზ კიტოვანის სკანდალური ინტერვიუ, რომელიც მან ადგილობრივ მედიას მისცა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატს ალექსანდრე ანქვაბს 1992-1993 წლებში ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ამხელს. როგორც კიტოვანი აცხადებს, ანქვაბი 1992-1993 წლებში აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ დაზვერვასთან და მას მნიშვნელოვან ინფორმაციებს აწვდიდა.

გარდა ამისა, კიტოვანი ამტკიცებს, რომ ქართული ჯარის მიერ სოხუმში შესვლის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ ალექსანდრე ანქვაბი საქართველოს სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობაში ჩართო და მას „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების დროებით ორგანოების ფორმირება“ დაავალა.

ამასთან, როგორც საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, „ანქვაბის მხრიდან ეს არ იყო არც დანაშაული და არც ღალატი, რამდენადაც არსებობდა ერთი ქვეყანა - საქართველო და ავტონომიის მინისტრს სწორედ საქართველოს ხელისუფლების განკარგულებები უნდა შეესრულებინა“.

კიტოვანის ინტერვიუ, რომელიც მან გაზეთ „Московская правда“-ს მისცა, სოხუმის ცენტრში ვიდეო-რგოლის სახით უჩვენეს. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი ამტკიცებს, ინტერვიუ „საპრეზიდენტო კანდიდატის სერგეი შამბას საარჩევნო შტაბის მიერ მომზადდა და კიტოვანი ნაყიდია“.

„რაც სოხუმში მოხდა, მოსალოდნელი იყო. ვიცოდით, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის სერგეი შამბას შტაბი პროვოკაციას ამზადებდა. დარწმუნებულნი ვართ, რომ რამდენიმე მოსკოვურ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიები და კიტოვანის ინტერვიუ ერთი ჯაჭვის რგოლებია. გამაოგნებელია, რომ დღეს მოწმედ და ფაქტობრივად, მოკავშირედ სამხედრო დამნაშავე, აფხაზი ხალხის მკვლელი ჰყავთ. ის იყიდეს და დარწმუნებუყლი ვარ, არც თუ ისე ძვირად“, - აცხადებს ანქვაბი.

 მისივე თქმით, საზოგადოებას გაუჩნდა სრულიად საფუძვლიანი კითხვები – „როგორ იპოვეს ერთ-ერთი აფხაზი კანდიდატის შტაბის წევრებმა კიტოვანი და თანაც ასე იოლად“:

„ის, ვინც პოულობს კიტოვანს, მისგან ინტერვიუს იღებს, არ ესმის, რომ ამით ვლადისლავ არძინბას ხსოვნასაც აყენებს შეურაცხყოფას. ან ისინი ამას შეგნებულად აკეთებენ, რამდენადაც სამხედრო დამნაშავე ასევე ბრალს სდებს ჩვენი ხალხის ლიდერს იმაში, რომ ჯარების შემოყვანა მასთან იყო შეთანხმებული“.

ანქვაბის ვარაუდით, შესაძლოა, კიტოვანმა მსგავს დანაშაულში სხვაც დაადანაშაულოს:

„მაგრამ ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელობა არ აქვს იმ ადამიანის ბოდვას, რომელიც ჩვენს ხალხს ანადგურებდა, დაანგრია ქალაქები და სოფლები“.

თავად სერგეი შამბას შტაბის კომენტარი ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პროცესებს თბილისში აფასებენ. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად აფხაზეთში არავითარ ცვლილებას არ ელის და თვლის, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახდება ე.წ. პრეზიდენტი.

თარგამაძის შეფასებით, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებებიც კი, რომელიც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბრობს და რომელიც საქართველოსადმი შედარებით ლოიალურად განწყობილ ფიგურად ითვლება, „მხოლოდ რიტორიკაა“:

„თავის დროზე, სერგეი ბაღაფშიც პროქართულ ფიგურად მიიჩნეოდა, თუმცა რა ხეირიც მოგვიტანა მან, ყველამ ვნახეთ. ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთში ის ბოლო ადამიანია, ვისზეც ამბობენ, რომ თითქოს პროქართულია. ამის გამო ანქვაბის ლიკვიდაცია ორჯერ უკვე სცადეს და ბუნებრივია, მას რამდენიმე თავი არა აქვს“.

თავის მხრივ, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მხარდაჭერით დე ფაქტო პრემიერის სერგეი შამბას გაპრეზიდენტებას ელის.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი ალექსანდრე ანქვაბის ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას აბსურდს უწოდებს:

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ანქვაბის ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა აბსურდია და მეტი არაფერი. ვფიქრობ, მოწინააღმდეგეს მსგავსი არ უნდა აკადრო. როგორც ჩანს გარკვეულ ძალებს, შესაძლოა, რუსულ მხარეს, ალექსანდრე ანქვაბის დისკრედიტაცია სურს“, - განუცხადა  „პირWელს“ ყარყარაშვილმა და დასძინა, რომ ანქვაბი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატია.

ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის ვასილ ჭყოიძის აზრით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ სახეზეა არა პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის, არამედ სამ აფხაზურ კლანს შორის დაპირისპირება. ჭყოიძე ოკუპირებულ რეგიონში „არჩევნების“ დაძაბულ ვითარებაში ჩავლას ელის. 

როგორც მან "პირWელთან" საუბრისას აღნიშნა, მეტოქეები დე ფაქტო არჩევნებში ერთმანეთის ჩაძირვას და გამარჯვების მოპოვებას სწორედ ურთიერთკომპრომეტირების და ე.წ. მამხილებელი განცხადებების კეთების გზით შეეცდებიან. თუმცა ჭყოიძე ცალსახად დარწმუნებულია, რომ ამ „არჩევნებში“ გადამწყვეტი როლი მაინც რუსეთის ფედერაციის პოზიციას მიენიჭება და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტიც გახდება ის, ვინც კრემლში ყველაზე მეტად აწყობთ:

„რომელიმე კანდიდატის პროქართულობაზე საუბარი, ნამდვილად არასერიოზულად მიმაჩნია. სამივე მათგანი სეპარატისტთა ლიდერია და მათ შორის შესაძლო განხვავება მხოლოდ რუსეთისადმი ერთგულების ხარისხში მდგომარეობს. თავად ის ფაქტი კი, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩენებში მხოლოდ ეთნიკური აფხაზების კანდიდატურებია წარმოდგენილი, მაშინ როცა აფხაზები დღევანდელი აფხაზეთის უმრავლესობას ნამდვილად არ შეადგენენ, ამ არჩევნების ეთნოცენტრისტულობაზე მიუთითებს.“

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე თვლის, რომ ალექსანდრე ანქვაბის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი და ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრობლობის თაობაზე თენგიზ კიტოვანის მიერ გაკეთებული განცხადებები, „არჩევნებისთვის დამახასიათებელი შავი პიარის ნაწილია“.

არეშიძის აზრით, „კიტოვანს ანქვაბის მისამართით ეს განცხადება ათქმევინეს“:

„მე არ ვიცი, ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირს ვინ რას ეძახის, თუმცა თავის დროზე ანქვაბი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბის უფროსი და პოლიტკომიტეტის წარმომადგენელი იყო, რაც გახლდათ ერთიანი სივრცე საბჭოთა კავშირის ფარგლებში. ზოგადად კი, კიტოვანს გადაუმოწმებელ ინფორმაციებზე განცხადებების კეთება ახასიათებს. არ ვამბობს, რომ მას ანქვაბის ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირების შესახებ განცხადების გაკეთება შეუკვეთეს, მაგრამ მას ეს ათქმევინეს“.

ამასთან, არეშიძე ცალსახად აცხადებს, რომ ალექსანდრე ანქვაბი, ისევე როგორც მისი კონკურენტები, პროქართული კანდიდატი არ არის და აფხაზეთში ასეთი ფიგურები არ არსებობენ. მისივე თქმით, „ქართულ მხარესთან თანამშრომლობაზე ყველა ფიქრობს, თუმცა ეს საქართველოსთან ერთიანი სახელმწიფოს შექმნას არ გულისხმობს“.

გარდა ამისა, როგორც არეშიძე ამბობს, ე.წ. პრეზიდენტობის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს შორის კრემლს საკუთარი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არა აქვს.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება, რომელშიც ალექსანდრე ანქვაბის, სერგეი შამბას გარდა, ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბაც მიიღებს მონაწილეობას.