[რადიო თავისუფლება. ოქროპირ რუხაძე]
მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე ბოლოდროინდელი რყევები რუსეთის ეკონომიკამაც იგრძნო. ამ ქვეყნის ვალუტის - რუბლის - კურსი დოლარის მიმართ თითქმის ოთხი პროცენტით დაეცა ერთ დღეში. თუმცა, როგორც ეკონომიკის ექსპერტები განმარტავენ, რუსეთის ეკონომიკის ზრდას, ნავთობისა და გაზის ფასის გარდა, იმპორტ-ექსპორტის ბალანსიც განაპირობებს.
თვითონ რუსეთის ეკონომიკა მსოფლიოსგან საკმაოდ იზოლირებული რჩება...
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ეკონომიკური ექსპერტი სერგეი სენინსკი ჩვენი რადიოს კორესპონდენტ ბრაიან უიტმორთან საუბარში თავიდანვე ამბობს, პირდაპირი გავლენა საერთო საფინანსო კრიზისისა რუსეთის ეკონომიკაზე არ არის, მთლიანობაში, დიდი - მხოლოდ რუსეთის საფონდო ბირჟაზე მოქმედებს ეს რყევა და იქაც იმიტომ, რომ იქ უცხოელი ინვესტორების ხარჯზე ხდება ვაჭრობაო.
სენინსკი განმარტავს:
„თვითონ რუსეთის ეკონომიკა მსოფლიოსგან საკმაოდ იზოლირებული რჩება და მოთხოვნა რუსეთის მთავარ საექსპორტო პროდუქტზე, ნავთობზე , დასავლეთში ეკონომიკური ზრდის შეფერხების მიუხედავად, არათუ მცირდება, არამედ ზრდას განაგრძობს. ნავთობის ფასი, როგორც ადრე, რუსეთის ეკონომიკის განვითარების მთავარ ფაქტორად რჩება. 3-4 წლის წინ ექსპერტები, სხვათა შორის, ასეთ მარტივ ფორმულას იყენებდნენ: ნავთობის ფასის წლიური ზრდა - ერთ ბარელზე ათი დოლარით - რუსეთის ეკონომიკის ერთი პროცენტით ზრდას ნიშნავდა და პირიქით. ეს ურთიერთდამოკიდებულება დღესაც შენარჩუნებულია.“
სენინსკი ამბობს, თუმცა ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რუსეთის ეკონომიკური ზრდის ერთი პროცენტით მერყეობისთვის ამ ეტაპზე დოლარის ფასის ათ დოლარზე მეტით ზრდაა საჭირო, მაგრამ კრიზისის შემდეგ რუსეთის ეკონომიკა ნავთობიდან შემოსავალს უფრო ნელა კარგავს, ვიდრე უწინ, რადგან ბიზნესის გეგმები უფრო კონსერვატული გახდაო. მაშინ, როცა მსოფლიოში ნავთობის ფასმა წელს მაისში მიაღწია მწვერვალს და შემდეგ თითქმის მეოთხედით დაეცა, რუსეთის საერთო შიდა პროდუქტი მაინც გაიზარდა, გვეუბნება რუსეთის ეკონომიკის ექსპერტი, რომელიც მთავარ პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ ეს ზრდა ნავთობის ფასზეა დამოკიდებული. ნავთობის ფასის ზრდა არა მხოლოდ სანავთობო მრეწველობაზე, საერთოდ ეკონომიკაზე მოქმედებსო, ამბობს სენინსკი, რომელიც ამის მოგვარების გზად ეკონომიკის გამრავალფეროვნებას, სხვა დარგების განვითარებას და წარმოებული პროდუქტის უცხოეთის ბაზარზე გატანას, იქ მათი კონკურენტუნარიანობის მიღწევას მიიჩნევს. ამის ნაცვლად რუსეთში მოქმედებს სისტემა, სადაც კომპანიების წარმატებას არა მათი გამოცდილება, არამედ სამთავრობო სტრუქტურებთან კავშირები განსაზღვრავს, რასაც ახლავს ქვეყნიდან კერძო კაპიტალის გატანა. ის კი უცხოეთში ხმარდება, სენინსკის თქმით, სამუშაო ადგილების შექმნას და არა რუსეთში. შეკითხვას, მოქმედებს თუ არა რუსეთის ვალუტაზე კაპიტალის გარეთ გადინება, სენინსკი დადებითად უპასუხებს და ამბობს, ვითარება საკმაოდ უჩვეულოაო:
უკვე 2012 წლის ბოლოს და 2013 წლის დასაწყისისთვის რუსეთის საგარეო ვაჭრობის ახლანდელი, აშკარად დადებითი სალდო შეიძლება გაბათილდეს...
„კაპიტალის გადინებას უწოდებენ ქვეყნიდან უფრო დიდი თანხების გასვლას, ვიდრე მასში შედის, სხვათა შორის, სანავთობო და გაზის შემოსავლის სახით. ბოლო ნახევარ წელიწადში ამ სუფთა გადინებამ 50 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. შედარებისთვის: ეს რუსეთის სავალუტო მარაგის მეათედია. იმისთვის, რომ შემოსულმა სანავთობო დოლარმა არ გამოიწვიოს რუსეთის ვალუტის უკიდურესი გამაგრება, ცენტრალური ბანკი მას სავალუტო ბაზარზე ყიდულობს. ამისთვის მას მეტი რუბლის ბეჭდვა სჭირდება, რაც ინფლაციას იწვევს. მაგრამ, თუ ქვეყანაში შემოსული დოლარი შემდეგ კვლავ გადის თავისით, კაპიტალის გადინების სახით, ეს ნიშნავს, რომ ცენტრალურ ბანკს შეუძლია ახალი რუბლი მცირე რაოდენობით დაბეჭდოს. ეს ასეცაა შარშანდელი შემოგომის შემდეგ. და სწორედ ამან მოიტანა ბოლო თვეებში ინფლაციის არსებითი შემცირება ქვეყანაში.“
ჩვენმა კორესპონდენტმა ეკონომიკის ექსპერტს შეახსენა რუსეთის ვალუტის კურსის ძლიერი დაცემა 9 აგვისტოს. სენინსკი ამბობს, დოლარის მაღალი ფასის, ქვეყანაში ვალუტის შესვლის, ასევე რუსეთის სავალუტო მარაგის პირობებში, მარაგისა, რომელიც მხოლოდ ჩინეთს და იაპონიას ჩამოუვარდება,რუსული რუბლის კურსის არსებითი რყევა ცენტრალური ბანკის ინიციატივით თუ არის შესაძლებელიო. მაგრამ, მისივე განმარტებით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რუბლს არაფერი ემუქრება. სერგეი სენინსკის თქმით, რუბლს საფრთხეს შიდა ფაქტორები თუ შეუქმნის, კერძოდ კი, იმპორტის და ექსპორტის შეუსაბამობა. ამ ეტაპზე, მისი თქმით, იმპორტის ზრდა სამჯერ უსწრებს ექსპორტის ზრდას და თუკი ეს ტენდენცია შენარჩუნდა: „უკვე 2012 წლის ბოლოს და 2013 წლის დასაწყისისთვის რუსეთის საგარეო ვაჭრობის ახლანდელი, აშკარად დადებითი სალდო შეიძლება გაბათილდეს. და, ამავე დროს, თუ გაიაფდა ნავთობი და გაზი, ვალუტა ქვეყანაში ნაკლებად შევა და, ამასთან, მასზე მოთხოვნა მაღალი დარჩება.“
ასეთი ვითარება ალბათ არ გამოიწვევს რუბლის მკვეთრ დაცემას, რადგან ეს ყველაფერი ერთად სწრაფად ვერ მოხდება, მაგრამ, ჩვენი რადიოს ეკონომიკის ექსპერტის სერგეი სენენსკის თქმით, საერთო ზეწოლა რუბლზე, კურსის დაცემის სახით, გაიზრდება.