[ბანკები და ფინანსები. თეონა ჭიტაძე ლევან მზიანიშვილი]
2011 წლის 16 აგვისტოს, თბილისში, სასტუმრო „ძველი მეტეხის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრ IPL-ის და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციისადმი მიძღვნილი ბრიფინგი.
კვლევის თემა იყო: „საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, მისდამი მოქალაქეთა დამოკიდებულება, ადამიანების სოციალური დაცულობის მდგომარეობა“. გამოკითხვა ჩატარდა თბილისში,
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. გამოიკითხა 1000 რესპოდენტი.
მოქალაქეებმა უპასუხეს კითხვებს: ბოლო 5 წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა მისი და მისი ოჯახის შემოსავლები, მხარს უჭერენ თუ არა ამჟამინდელი ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას, სინგაპურის მოდელი უფრო მოსწონთ, ევროპის ქვეყნების თუ ჩინეთის.თითოეულ გამოკითხულს უნდა დაეფიქსირებინა მხარს უჭერს თუ არა გენმოდიფიცირებული ჯიშების დანერგვას საქართველოში, სასოფლო–სამეურნეო სავარგულების ინდოელებზე და ჩინელებზე მიყიდვას, აგრეთვე, ეპასუხა სხვა საკითხებზე.
ნიშანდობლივია, რომ, მიუხედავად ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოში განვითარებული დრამატული მოვლენებისა (2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი; მსოფლიო საფინანსო კრიზისი; 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა; ორი არჩევნები, რომელთა სამართლიანობაში ეჭვი ბევრს ეპარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
დემოკრატიული ინსტიტუტების და სამოქალაქო სექტორის სისუსტე; 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლა-დარბევა ძალის გადაჭარბებული გამოყენებით და ა.შ.), მოქალაქეთა 22% მაინც თვლის, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების შემოსავლები გაიზარდა, 46%-ის საწინააღმდეგოდ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი შემოსავლები შემცირდა.
გამოკითხვის შემოფარგლვა ქალაქ თბილისით განაპირობა სათანადო ფინანსების არქონამ. თუმცა, ამ შემთხვევაში, მოცემულმა თავისებურებამ დადებითი როლი შეასრულა გამოკითხვის შედეგების ადეკვატურობის მიღწევის თვალსაზრისით. არავინ დაობს, რომ საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომია ალტერნატიული ინფორმაცია, მათ შეუძლიათ ოფიციოზისგან განსხვავებულ ვერსიებს გაეცნონ, ხელისუფლების კონტროლს მიღმა დარჩენილი რამდენიმე ტელეკომპანიის, ბეჭდური მედიის ზოგიერთი გამოცემის და ინტერნეტ-მედიის მეშვეობით. ამასთან, თბილისელები უფრო თავისუფალნი არიან შიშის სინდრომისგან და, უმეტეს შემთხვევაში, გულწრფელ პასუხებს იძლევიან ანკეტის კითხვებზე.
ჯგუფი შეეცადა კვალიფიციური კონსულტანტებისგან მიეღო ამომწურავი ინფორმაცია მათ მიერ შერჩეული მეთოდიკის თავისებურებებზე, დასაშვები ცდომილების 2,5-3%-იანი ზღვრის რაობაზე, ამ ცდომილების გამოკითხვის შედეგებზე ზეგავლენის მინიმიზებისთვის ჩასატარებელ სამუშაოებზე.
გამოკითხვის თანახმად თბილისში დასაქმებულია შრომისუნარიან მოქალაქეთა 35.5%. თვითდასაქმებული - 25.5%. საბოლოო ჯამში, გამოდის რომ დედაქალაქში დასაქმების მაჩვენებელი 61%-ს აღწევს. “საქსტატის” მონაცემებზე გაცილებით მაღალია უმუშევართა რაოდენობა - 27.5%. დროებით უმუშევრებთან (11.5%) ერთად უმუშევრები დედაქალაქის მოზრდილი მოსახლეობის 39%-ს შეადგენენ. მაშინ, როცა ”საქსტატის” თანახმად, უმუშევრობა 16.3%-ია.
მთავარი, რა თქმა უნდა, არ არის რას ფიქრობს ხელისუფლება თავის საქმიანობაზე. მათი მუშაობის შედეგი საზოგადოების მიერ მთავრობის საქმიანობის შეფასებით განისაზღვრება. ამ მხრივ, საინტერესოა, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას იწონებს მოქალაქეთა 23.5%. ამ პოლიტიკას მხარს არ უჭერს 62.5%.
დამაფიქრებელია მოქალაქეთა დამოკიდებულება ეკონომიკური მოდელების მიმართ, რომელთა გადმოტანასაც საქართველოში დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს. აქ აბსოლუტურ უპირატესობას ევროეკონომიკის მოდელების მომხრეები ფლობენ. 68.5%-ს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის ყველაზე მეტად მისაღებია ევროპული ქვეყნების - ევროკავშირის წევრების, ჰოლანდიის, დანიის, ბელგიის, გერმანიის, ავსტრიის, იტალიის და ა.შ. მოდელები. გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების მიერ ასე რიგად გაპიარებული სინგაპურის მოდელის გადმოტანას საქართველოში, გამოკითხულთა მხოლოდ 6.1% უჭერს მხარს. ჩინეთის მოდელს - 7.2%, ოღონდ ამ 7.2%-ს, ჩანს, ავიწყდება, რომ “ჩინური მოდელის” საქართველოში დასანერგად აუცილებელია ჩინეთის მრავალმილიონიანი კომპარტია, ერთპარტიული სისტემა, “კაგებეს” ჩინური მოდიფიკაცია, მილიარდ სამასი მილიონი ქართველი, რომელთაგან მხოლოდ ნახევარი ჭამს, მეორე ნახევრის პირველმა რამდენიმე მილიონმა კი ჭამა ახლახანს დაიწყო, რის გამოც ლამისაა მშიერი დავრჩით. კიდევ საჭიროა რეფორმატორი დენ სიაო პინი და არა ცრურეფორმატორი და ცრუ ლიბერალი ბენდუქიძე, რომელიც მეგობრობს რუს ოლიგარქებთან და თითის წვერებზე “ათამაშებს” საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს. რატომღაც, ქართველებს არ მოსწონთ სამხრეთ კორეის მოდელი, რომელსაც, სავარაუდოა, არ იცნობენ.
სოფლის მეურნეობის განვითარებას მთავრობა ყურადღებას რომ არ აქცევდა, ამაში ეჭვი თითქმის არავის ეპარება. კონსერვატორი ქართველები სოფლად ტრადიციული კულტურების მოყვანას უფრო უჭერენ მხარს (ვენახი, ხილი, ბოსტნეული-ბაღჩეული, აგრეთვე მეცხოველეობა) - 55.8%. თუმცა, ისინი არც თხილის, ზეთისხილის და ნუშის მოყვანის წინააღმდეგნი არიან. აი, ბაყაყების და ალიგატორების მოშენებასთან დაკავშირებით კი შეფიქრიანებულნი სჩანან.
თბილისელების 80.2% საქართველოში გენმოდიფიცირებული ჯიშების დანერგვის წინააღმდეგია, რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე - ინდოელებზე, ჩინელებზე, პაკისტანელებზე და ა.შ. მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემას, აქ ორი აზრი თითქმის არ არსებობს, გამოკითხულთა 83.6% ამის წიააღმდეგია. როცა უცხო ქვეყნების მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს გადავცემთ, ჩვენს მთავრობას კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული რომ ჩვენი მოქალაქეების, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს თბილისელი მოქალაქეების 83.6%-ის წინააღმდეგ მიდის.
თუ სურსათის უვნებლობის ევროპულ სტანდარტებს არ დავიცავთ, ევროკავშირი არ დადებს საქართველოსთან ”თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” ხელშეკრულებას და მაშინ ცხადი გახდება, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრი, ვერონიკა ქობალია ტყუის. მისი მტკიცების საწინააღმდეგოდ, საქართველო მიდის არა ევროპისკენ, არამედ სინგაპურისა და აზიისკენ, სადაც ჭარბი მოსახლეობის გამოკვების პრობლემას ბევრი ევროპული ნორმა ეწირება, მათ შორის, გენმოდიფიცირებული პროდუქციის დასაშვებობა.
მოქალაქეებმა აგრეთვე, შეაფასეს ეკონომიკის განვითარებისთვის ცალკეული პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და კონკრეტული ინსტიტუტების საქმიანობა 10-ბალიანი სისტემით. შეფასებები იმდენად დაბალია, რომ გადავწყვიტეთ შედეგები მოცემულ კომენტარში არ გამოვაქვეყნოთ. შეფასებები 2 ბალიან ნიშნულს არ აღემატება. შევნიშნავთ მხოლოდ, რომ პირველ ადგილზეა ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 1.69, მეორეზე პრეზიდენტი სააკაშვილი - 1.68.