საქართველო: კავკასიის კუბა?

საქართველო: კავკასიის კუბა?

[Newsvoa.com  ჯეიმს ბრუკი]

მოდი მოვიცილოთ თავიდან აგვისტოს მოწყენილობა და თამაშით გონება გავივარჯიშოთ. მოდი, წარმოვიდგინოთ, რომ დემოკრატიული საქართველო, სადაც ბაზარი თავისუფალია… კავკასიის კუბაა. ორივე ქვეყნისთვის, იმისთვისაც რომელიც კარიბის ზღვაშია და იმისთვისაც, რომელიც კავკასიაშია, ჩრდილოელი კოლოსი ნომერო უნო პრობლემაა

ეს ჩრდილოური იმპერია უკვე დიდი ხანია ერევა… თავად აირჩიეთ პასუხი შემდეგი ვარიანტებიდან: მამაცი საქართველოს ბ)ჰეროიკული კუბის საქმეებში.

ოფიციალური ნარატივების თანახმად, რასაც ზურგს მხოლოდ გეოგრაფია უმაგრებს (კავკასიის ქედი, თუ ფლორიდის ყურე), ორივე ქვეყნის ნაციონალური ლიდერი ძალაუფლების მოყვარე მეზობლისგან საკუთარი კულტურისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის იბრძვის. რუსეთის მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობაზე 32-ჯერ მეტია. შეერთებული შტატების მოსახლეობა კუბისას 28-ჯერ სჭარბობს.

იმისთვის რომ ქვეყანა დაიცვას, ქარიზმატული და გამჭრიახი ლიდერები ცდილობენ საკუთარი ქვეყნის ბედი მჭიდროდ დაუკავშირონ შორეულ სუპერსახელმწიფოებს.

საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისისკენ მიმავალი მოგზაური ჯორჯ ბუშის ქუჩას გაივლის, სადაც ბილბორდზე 43-ე პრეზიდენტის გაღიმებული პორტრეტია აღბეჭდილი. მეზობელი ქუჩა ჯონ შალიკაშვილის სახელს ატარებს, წარმოშობით ქართველი თავადისას, რომელმაც შემდეგ აშშ-ს გაერთიანებული შტაბის უფროსის სტატუსს მიაღწია. ქალაქის გადაღმა აშშ-ს დიდი საელჩო გადაჭიმულა ქუჩაზე, რომელსაც ამერიკელი ქორეოგრაფის, ქართველი კომპოზიტორის ვაჟის, ჯორჯ ბალანჩინის სახელი ჰქვია. ამ პატარა ქვეყნისთვის, სტეროიდებზე გაზრდილი აშშ-ს საელჩო, რომელშიც 400 ადამიანი მუშაობს, ნამდვილად ბევრად უფრო დიდია, ვიდრე აშშ-ს მისიები ხორვატიაში ან ახალ ზელანდიაში, ანუ იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა თითქმის იმდენივეა, რამდენიც საქართველოში – დაახლოებით 4.4 მილიონი. რუსებმა შეიძლება ეს ახალი შენობა ჰავანაში საბჭოთა კავშირის საელჩოს ჰორიზონტალურ ვერსიად მიიჩნიონ. საბჭოთა კავშირის საელჩო ჰავანაში კი ერთ დროს ყველაზე მაღალი შენობა იყო – ოცსართულიანი.

თბილისში ამერიკული საელჩოს ძირითადი ფუნქცია საქართველოში ამერიკული დახმარების დისტრიბუციის კონტროლია. ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, საქართველო 15 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის, ამერიკული დახმარების ყველაზე დიდი რეციპიენტია. 2008 წლის აგვისტოში ვაშინგტონმა თავის ახალგაზრდა მოკავშირეზე თბილისში კონტროლი დაკარგა და მან რუსეთის მშვიდობისმყოფელებს შეუტია. ეს სიუხვე ძირითადად მაშინ მიღებული ზარალის კომპენსაციაა.

ისტორიკოსებმა შეიძლება პარალელებიც კი მოძებნონ, რუსულ-ქართული ომის განმვალობაში, თბილისსა და აშშ-ს შორის გამართულ დიპლომატიურ მიმოწერაში და მოსკოვისა და ჰავანას მიმოწერას შორის, 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის დროს. ახლა უკვე ცნობილია, რომ იმჟამინდელი საბჭოთა პრემიერი ნიკიტა ხრუშჩოვი ცდილობდა შეეკავებინა მისი აგრესიული ლათინი მოკავშირე ფიდელ კასტრო.

ზნეკეთილ ამერიკელთა მთელი თაობები ცდილობდნენ კუბაში კატსროს რეჟიმს მისწვდომოდნენ. როგორც სჩანს, ისინი უგულვებელყოფდნენ იმ ფაქტს, რომ ანტი-ამერიკანიზმი ის საყრდენია, რომელიც ზურგს უმაგრებდა ძმები კასტროების მმართველობას. ყოველდღიური ურთიერთობები ”ნორმალურია” და მაკდონალდის დროშების მომრავლება ჰავანაში, ალბათ კასტროს რეჟიმის დასასრულის დასაწყისის მომასწავებელია.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის საყრდენი სვეტიც რუსოფობიაა. გასულ წელს ქართულ ქალაქებში მეორე მსოფლიოს ომის მემორიალები ან ააფეთქეს, ან აიღეს. ახალი კანონმდებლობით საჯარო სივრცეებში აიკრძალა საბჭოთა სიმბოლიკა, იმ ხიდებზეც კი, სადაც რკინის გისოსებში ხუთქიმიანი ვარსკვლავია ამოტვიფრული.

თბილისის მთავარ ქუჩაზე, რუსთაველის პროსპექტზე საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმია – კუბაში იანკების იმპერიალიზმისადმი მიძღვნილი მუზეუმის სარკისებური იდეოლოგიური ანარეკლი.

საქართველოში ”მოთხოვნის დეფიციტის” გამო რუსულენოვანი სკოლები იხურება, რუსული ენა ტელევიზიებში, რადიოში და საჯარო სივრცეში აბრებზე, მკაცრად იზღუდება.

ამიტომ პოსტ-საბჭოთა ქართველები, ისინი ვინც 35 წელზე ახალგაზრდები არიან, რუსულად ცუდად ლაპარაკობენ. ერთ დღესაც, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობა აღდგება და ქართველები ისევ გაემგზავრებიან ჩრდილოეთით, მათ დიდი გაჭირვება ელით რუსეთში მცხოვრებ თავის ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან კომუნიკაციისას, მათი რაოდენობა კი 500 000-ს აღწევს.

იმის ნაცვლად, რომ მეზობლების ენა ისწავლონ, თბილისმა სკოლის ყველა მოსწავლეს ინგლისურის სწავლა დაავალა. საგანმანათლებლო ინსტიტუტები ახალგაზრდა ამერიკელ და ბრიტანელ მასწავლებლებს მთელი ქვეყნის (რომელიც ფართობი ირლანდიის ტოლია) სოფლებში აგზავნიან. მართალია ინგლისური ლამაზი ენაა, მაგრამ უახლოესი ინგლისურენოვანი ქვეყანა ბრიტანეთია და მას საქართველოდან 3 000 კილომეტრი აშორებს.

რუსული საქართველოს ყველა მეზობლისთვის და ტურისტისთვის, თურქების გარდა დღესაც ლინგვა ფრანკაა.

პარალელურ ლინგვისტურ ანომალიას ადვილად გადაეყრებით კუბაში, სადაც 40-ს გადაცილებული ადამიანები კარგი რუსულით ლაპარაკობენ და სულ არ იციან ინგლისური. თუ სამეზობლოს გავითვალისწინებით, ამგვარი ვითარება გამოსადეგი არ უნდა იყოს.

იმ დროს როდესაც ქართველები (იგივე კუბელები) ჩივიან სასტიკი მეზობლის მიერ დაწესებული უსამართლო სავაჭრო ემბარგოს გამო, ისინი როგორც სჩანს, ძალიანაც არ ჩქარობენ ამ საკითხის მოგვარებას. საქართველოს სამთავრობო შენობაში, მაღალ სართულზე, თბილისში, მე საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, კანადაში გაწვრთნილ ვერა ქობალიას ველაპარაკები იმის შესახებ, რომ საქართველოს თავისი ცნობილი ღვინისა და მინერალური წყლების გაყიდვა რუსეთში, ისტორიულად ჩამოყალიბებულ მთავარ ბაზარზე არ შეუძლია.

მინისტრი ლაჟვარდოვანი თვალებით შემომცქერის. ის პარტიულ ხაზს მიჰყვება და ამბობს, რომ რუსული ემბარგო რეალურად კარგი რამ იყო ქართული ღვინისთვის, რომ მათ გააუმჯობესეს მარკირება და ღვინის ხარისხი ევროპის კავშირის სტანდარტებამდე აიყვანეს.

რეალურად ყველაზე დიდ მოგებაში მე დავრჩი. თბილისის სუპერმარკეტში მისულმა შესანიშნავი თეთრი, მშრალი ღვინის ექვსი ბოთლი ვიყიდე მოსკოვში წასაღებად და 50 დოლარის ქართული ექვივალენტი გადავიხადე.

მოსკოვში სიხარულით შეხვდებოდნენ ქართული ღვინის სავაჭრო რაოდენობას. აქ სუპერმარკეტებში მესამეხარისხოვანი ერთი ბოთლი ევროპული ღვინო 20 დოლარი ღირს. რესტორნებში იგივე პროდუქტის პაწაწინა ულუფას ჭიქით 12 დოლარად მოგართმევენ.

კუბაშიც და საქართველოშიც ქარიზმატული პრეზიდენტები თავის შარმსა და ქარიზმას სტუმრად ჩამოსულ უცხოელებთან პოლიტიკური მაგიისთვის იყენებენ.

მაშინ, როდესაც ფიდელი სტუმრად ჩასულ ევროპელებსა და კანადელებს ჰავანური სიგარების კოლოფით ხვდება, საქართველოს ”მიშა” სააკაშვილი იმითაა ცნობილი, რომ უცხოელი სტუმრები დილით ვერტმფრენით სათხილამუროდ მიჰყავს კავკასიის მთებში, ხოლო შუა დღეს შავი ზღვის სანაპიროზე – საცურაოდ.

შუალედში კი საქართველოს ლიდერმა შეიძლება საუკეთესო აღმოსავლური იტალიური კერძი და ღვინო შემოგთავაზოთ.

ნიუ-იორკში დახვეწილი, მშვენიერი ამერიკულით მოლაპარაკე მიშა ამერიკელ კონგრესმენებსა და ტელეკორესპონდენტებს თავს ისე აგრძნობინებს, როგორც საკუთარ სახლში. მისი გულწრფელი თავდასხმა რუსულ ექსპანსიონიზმზე მუსიკასავით ჩაესმის ამერიკელთა იმ თაობის წარმომადგენლებს, რომლებიც ცივი ომის ეპოქიდან მოდიან.

იმავე ინტონაციაში, ფიდელ კასტრო დეკლარირებს ამერიკელთა მიერ კონტროლირებად ანკლავზე გუანტანამოში ან იმაზე, თუ როგორი მარცხი განიცადეს ამერიკის მხარდაჭერით მოქმედმა ჯარებმა Bahia de los Cochinos-ისაზე თავდასხმისას. მისი ეს მონათხრობი იმ ლათინო-ამერიკელებს აღელვებს, რომლებიც ისტორიულად ამერიკელებისგან თავს დამცირებულად გრძნობენ.

იქ სადაც კასტრო თავის ლათინურ ქარიზმას იყენებს გრინგოების დასაჯაბნად, სააკაშვილი ქართულ სიმკვირცხლეს მიმართავს რუსეთის სლავი ლიდერების დასაჩრდილად, 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა იოლად მოიგო რეალური, მაგრამ საზარლად დამარცხდა PR ომში. დღეს უკვე ჩრდილო-სამხრეთული მტრობა პირად ხასიათს ატარებს.

ომის მსვლელობისას, პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქართველ პრეზიდენტს ინტიმური ადგილებით დაკიდებდა. თავის მხრივ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პუტინს ”ლილიპუტინი” უწოდა, რუსი ლიდერის მოკრძალებულ სიმაღლეზე მინიშნებით.

გასულ კვირას ქართველი და რუსი რეპორტიორებისთვის მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტმა მედვედევმა არად ჩააგდო თავისი ხალისიანი კოლეგა და მას აბეზარი უწოდა.

რუსმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არასდროს ჩამოართმევს ხელს პრეზიდენტ სააკაშვილს ომის დაწყების გამო და დაიფიცა: ”მე მას ამას არასდროს ვაპატიებ, არასდროს დაველაპარაკები, თუმცა ხანდახან სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებზე ის ცდილობს თვალი ჩამიპაჭუნოს”.

8 აგვისტოს ომის წლისთავზე ამ განცხადებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, სერგეი ლავროვიც შეუერთდა და ქართველ ლიდერს ”პათოლოგი და ანომალიური” უწოდა. შემდეგ რუსეთის უმაღლესმა დიპლომატმა ქართველის დედასაც მიაყენა შეურაცხყოფა და განაცხადა, რომ ის ”აშკარად ძალიან ცუდადაა გაზრდილი”.

ბავშვებივით ერთმანეთის ძაგება ნაცნობია დასავლეთ ნახევარსფეროშიც. ამერიკელი კარიკატურისტის, ჯულს ეიფერის კლასიკურ ნახატზე ეიზენჰაუერიდან დაწყებული 8 ამერიკელი პრეზიდენტია გამოსახული ორმწკრივად. ყველა პრეზიდენტს ერთი წარწერა ახლავს: ”ფიდელ კასტრო ჩემი პრეზიდენტობისას წავა”.

მაგრამ ფიდელ კასტრო სახელმწიფოს მეთაურის სტატუსში ისე დიდხანს დარჩა, რომ თითქმის დედოფალი ელისაბედის მეფობის წლებს გადააჭარბა. იმის გამო, რომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა არაა, მას მომავალში ბევრი სხვადასხვა პრეზიდენტი არ ეყოლება. ბევრ ანალიტიკოსს სწამს, რომ პრემიერ-მინისტრი პუტინი მომავალ წელს პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნდება და სათავეს დაუდებს თავის 25 წლიან მმართველობას რუსეთში.

სამხრეთის საზღვრებზე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა შესაძლოა მიბაძოს თავის მოსისხლე მტერს. მან 2013 წლის იანვრისთვის, იმ მომენტისთვის, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შექმნა და პრემიერ-მინისტრის უფლაბამოსილებანი განამტკიცა. ქართველმა პრეზიდენტმა შეიძლება მშვენივრად მიბაძოს პუტინს: გამოიცვალოს თანამდებობა, მაგრამ შეინარჩუნოს ძალაუფლება.

თუ იმ ამერიკელი პრეზიდენტების სახელებს გავიხსენებთ, რომლებმაც 50 წლის განმავლობაში თავიდან ვერ მოიცილეს ფიდელ კასტრო, გამოდის რომ ჩვენ მიშას და ვლადის შოუს მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი ვნახეთ, მაგრამ საქართველოს და კუბას უამრავი კილომეტრი აშორებს, ასე რომ თამაში დამთავრებულია.