[მაკა ჯაიანი]
„საქსტატის“ ინფორმაციით, სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 2009 წელს 512,6 ლარი შეადგინა, არასახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა – 608,5 ლარი. უფრო ახალი ინფორმაცია, რომელიც ამ მაჩვენებელს ქვეყანაში არსებული საქმიანობების მიხედვით მოუყრიდა თავს, ორგანიზაციის საიტზე არ მოიპოვება.
ამ წელს, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებიდან, ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო (2258,9 ლარი) და სამთომოპოვებითი (2438,1 ლარი) სფეროს წარმომადგნლებს ჰქონიათ. ყველაზე დაბალი – თევზჭერითა და მეთევზეობით დაკავებულებს (129,2 ლარი). ფაქტობრივად, იგივე მეორდება არასახელმწიფო სექტორშიც: ყველაზე მაღალი ხელფასი აქაც საფინანსო სექტორში ჰქონიათ (1302,5 ლარი), ყველაზე დაბალი – თევზჭერასა და მეთევზეობაში (262,1 ლარი). საშუალო ხელფასი ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულთა ნაწილი არსებულ მაჩვენებელზე მეტს იღებს, ნაწილი კი – ნაკლებს, მაგალითად, თევზჭერისა და მეთევზეობის სფეროში, სადაც 2009 წელს საშუალო ხელფასი, სულ რაღაც, 129,2 ლარს შეადგენდა.
მაინც, როგორ ნაწილდება ხელფასები საშუალო ნომინალური მაჩვენებლის მიღმა? ყველაზე საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანიც, ამ კონტექსტში, სახელმწიფო სექტორში არსებული მდგომარეობაა. მიზეზი რამდენიმეა. პირველი – კერძო სექტორისთვის იგი, როგორც წესი, ორიენტირია. მეორე – როცა თავად გასცემს ხელფასს, ხელისუფლებას აქვს სრულყოფილი შესაძლებლობა, დაიცვას სოციალური სამართლიანობა, რაც სახელმწიფოს მართვის საფუძველთა საფუძველია. იმ კვლევის მიხედვით, რომელიც საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულმა კავშირმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, „ღირსეული შრომა საჯარო სექტორში“, ფარგლებში ჩაატარა, შეიძლება თამამდ ითქვას, რომ სოციალური სამართლიანობა ამ ხელისუფლებისთვის ფრიად შორეული და ღრმად თეორიული დეფინიციაა.
ოფიციალური სტატისტიკით, სახელმწიფო მმართველობაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა, 2011 წლის 1 კვარტალში 929 ლარი შეადგინა, ხსენებული კვლევის მიხედვით კი, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების 50%-ს საარსებო მინიმუმზე დაბალი ანაზღაურება აქვს.
ოფიციალური მონაცემებით, რომელსაც „საქსტატი“ აქვეყნებს, საარსებო მინიმუმმა ივნისში 158,6 ლარი შეადგინა. კვლევაში მოყვანილი ციფრების მიხედვით, საჯარო სექტორში მუშაობენ ადამიანები, ვისი ყოველთვიური ხელფასიც 170 ლარს შეადგენს. ასეთები არიან, მაგალითად, ტერიტორიული რწმუნებულების სამსახურების თანამშრომლები გორის რაიონში, შტატის მიხედვით – 46 ადამიანი. მას, შემდეგ, რაც 170 ლარს საშემოსავლო გადასახადი გამოაკლდება, ამ ადამიანების ხელფასი საარსებო მინიმუმზე ნაკლები, 136 ლარი ხდება. თუმცა, საარსებო მინიმუმს „ჩამორჩენილები“ მხოლოდ ასე დაბალანაზღაურებადი საჯარო მოხელეები არ არიან. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ პრობლემა შედარებით მაღალანაზრაურებად მუშაკებსაც ექმნებათ, მათ, ვისი ხელფასიც 170-დან 300-400 ლარამდე მერყეობს. ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული და, სამწუხაროდ, მზარდი ინფლაციაა.
ნოყიერი ნიადაგი კორუფციისთვის
„ივნისში ინფლაციამ 13% შეადგინა, ივლისში – 10%, უფრო ადრე მისი მაჩვენებელი 16%-მდე ავიდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სექტემბერში, როდესაც ბოსტნეულზე ფასი მოიმატებს, შესაძლოა, ინფლაცია ისევ გაიზარდოს... ეს ნიშნავს, რომ, გარდა საშემოსავლო გადასახადის 20%-ისა, დასაქმებულს ხელფასიდან ყოველ თვე, მინიმუმ, 10% ინფლაციას „მიაქვს“. შედეგად, ვიღებთ, თანხას, რომელიც საარსებო მინიმუმზე დაბალია,“ – ამბობს კვლევის ერთ–ერთი ავტორი, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ ჭინჭარაული. „წარმოუდგენელია, ადამიანმა ამ ხელფასით იმუშაოს, იყოს უზრუნველყოფილი და მოტივირებული. თავი დავანებოთ, პროფესიული სრულყოფისკენ მისი ბუნებრივი სწარფვის დაკმაყოფილებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ქმნის ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანი, რომელიც ვერ ახერხებს მიღებული ანაზღაურებით საკუთარი და ოჯახის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, კორუფციაში ჩაერთოს. ეს მაშინ, როცა ხმამაღლა ვამბობთ, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა კორუფცის დასამარცხებლად. მაშინ, რატომ ვუწყობთ ხელს კორუფციისკენ მიბრუნებას? იმ პერიოდის დაბრუნებას, როცა ხელფასები იყო დაბალი და, საკუთარი და ოჯახის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ადამიანები თავიანთი სამსახურებრივი პოზიციების გამოყენებით ცდილობდნენ?“
როგორც კვლევამ აჩვენა, საჯარო მოსამსახურეთა სახელფასო ფონდი, ორად იყოფა, მისი 50% მაღალანაზღაურებად მოხელეებს ხმარდება, დარჩენილი 50% - მოხელეთა დაბალანაზღაურებად ნაწილს. მაგალითისთვის, ვნახოთ როგორ ანაწილებს ბიუჯეტი ხელფასებს ბორჯომის ტერიტორიულ ერთეულში. ბორჯომის გამგეობაში სულ 118 ადამიანია დასაქმებული. აქედან, გამგებელი იღებს 2387 ლარს, პირველი მოადგილე – 1100 ლარს, მოადგილე – 945 ლარს, აპარატის უფროსი – 700 ლარს, იურისტი – 420 ლარს, მთავარი სპეციალისტი (10 ადამიანი) – 420 ლარს, ტერიტორიული რწმუნებული (11 ადამიანი) – 400 ლარს, უფროსი სპეციალისტი (26 ადმიანი) – 380 ლარს, სპეციალისტი (56 ადამიანი) – 230-280 ლარს ტექპერსონალი (10 ადამიანი) – 230 ლარს.
ბორჯომის საკრებულოში ბიუჯეტი 18 ადამიანის შრომას ანაზღაურებს. აქედან, საკრებულოს თავმჯდომარე იღებს 2360 ლარს; მოადგილე – 1100 ლარს; აპარატის უფროსი – 700 ლარს; კომისიის თავმჯდომარე (4 ადამიანი) – 650 ლარს; ფრაქციის თავჯდომარე (2 ადამიანი) – 650 ლარს; უფროსი სპეციალისტი (5 ადამიანი) – 350 ლარს; ტექნიკოს-სპეციალისტი (2 ადამიანი) - 300 ლარს; სპეციალისტი – 280 ლარს; დამლაგენელი – 200 ლარს.
კვლევაში მოყვანილი ეს ციფრები აჩვენებს, რომ დაბალანაზღაურებადი მოხელეების წილი საჯარო მოსამსახურეთა საერთო რაოდენობაში მაღალანაზღაურებად მოხელეებზე საგრძნობლად მეტია.
როგორც საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ამბობს, ამ უთანასწორობის ხაზგასმას ორგანიზაცია არა მაღალი ხელფასების შემცირების, არამედ დაბალი ანაზღაურების გაზრდის მიზნით აკეთებს.
„კარგია, რომ საჯარო სექტორში არსებობს მაღალი ხელფასი,“ – ამბობს ნუგზარ ჭინჭარაული, – „მაღალანაზღაურებადი ადამიანი მოტივირებული უნდა იყოს, არ უნდა ჩაერთოს კორუფციაში, ამ მხრივ სუფთა გარემო უნდა შეიქმნას ირგვლივაც, მაგრამ რა ვუყოთ დანარჩენებს? მაღალი ხელფასი ორიენტირი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ერთბაშად ხელფასების გაორმაგებაზე არავინ საუბრობს, მაგრამ ხელფასების მატებისკენ უნდა მივდიოდეთ.
პოლონეთსა და ისრაელში, რომელთა მაგალითებიც ჩვენ კვლევის განმავლობაში შევისწავლეთ, მსგავსი სიტუაციები სამმხრივი დიალოგის ფარგლებში რეგულირდება. კოლექტიურ ხელშეკრულებებში იდება სპეციალური მუხლი, რომლის მიხედვითაც, ინფლაციის შემთხვევაში, ხელფასების კორექტირებას კონკრეტულ დაწესებულება თავად ახდენს. მაგალითად, როცა ინფლაცია 4%-ზე მეტს აღწევს, ხელფასების კორექტირებას უშუალოდ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახორციელებს. ჩვენ შემთხვევაში ეს წარმოუდგენელია, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობების ბიჯეტები, ძირითადად, ცენტრალური ბიუჯეტიდან წამოსული ტრანსფერით ფინანსდება, კონკრეტულად ხელფასების 65%-ს სწორედ ტრანსფერი აფინანსებს, შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლება ამ საკითხს მარტო ვერ გადაწყვეტს.“
ბიუჯეტი, როგორც პრობლემა
საქართველოს ბიუჯეტის უცნაურ ხასიათზე ექსპერტი იაკობ მესხია ჯერ კიდევ 2008 წლის აპრილში საუბრობდა. „დღეს ბიუჯეტი გასცემს სამი ტიპის ტრანსფერს – გამოთანაბრებითს, მიზნობრივსა და სპეციალურს,“ – განმარტავდა ექსპერტი, – „გამოთანაბრებითი გულისხმობს, რომ რაიონებს, რომლებიც, რეალურად, განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან, განსხვავება არ დაეტყოთ განვითარებაში. არსებობს სპეციალური ფორმულა, რომელიც, ფაქტობრივად, გვერდზეა გადადებული. მაშ, როგორ ხდება ამ ტრანსფერის გამოყოფა? იმის მიხედვით, თუ რომელ ხელმძღვანელს ეხება საქმე, როგორია მისი მდგომარეობა, რეიტინგი, პოლიტიკური სტატუსი და ა.შ. ყველაფერი აბსოლუტურად არაეკონომიკური გამოთვლებით კეთდება. მოხსნილია ყველა ის ძირითადი ინდიკატორი, რომელიც მთავარი უნდა იყოს. მაგალითად, ჩხოროწყუს რაიონს მისცეს 2 მილიონამდე ლარი, წალენჯიხის რაიონს – 400 ათასი, თბილისს – 226 მილიონი, მაშინ, როდესაც თბილისი დონორია. რატომ ხდება ასე, ფორმულაც ვერ აგიხსნით.
მეტს გეტყვით: ზოგიერთ უწყებას აქვს სახსრები, რომლის დახარჯვას ვერ ასწრებს, მინისტრი კაბინეტებს ყოველ ორ კვირაში არემონტებს, მანქანებს იცვლის, ღონისძიებებს აწყობს, ა.შ. მაშინ, როდესაც მეორე დაწესებულებას საკანცელარიო ნივთების საყიდელი ფულიც არ აქვს. რაშია საქმე? სწორედ იმაში, რომ საბიუჯეტო დაგეგმვის მეთოდიკა–მეთოდოლოგია არ გვაქვს. არ გვაქვს სახელმწიფო სტანდარტები, სახელმწიფო ნორმატივები – როგორ კაბინეტში უნდა იჯდეს მინისტრი, როგორში – მისი მოადგილე, რამდენი უნდა დახარჯოს ამაზე, რა მანქანით უნდა იმოძრაოს, რამდენი უნდა დახარჯოს მის მომსახურებაზე, რამდენი უნდა დახარჯოს ხელფასზე და ა.შ. დღეს ერთი მინისტრი წელიწადში 50 ათას ლარს იღებს, მეორე – 25 ათასს.“
საქართველოს ბიუჯეტი პოლიტიკური და არა ეკონომიკური ბიუჯეტია – ექსპერტების დიდი ნაწილი სწორედ ამაზე თანხმდება. ზოგადად, როგორც ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, სახელმწიფო ბიუჯეტი ყველა ქვეყანაში პოლიტიკური ნებისა და ეკონომიკური რეალობის ნაზავია და რა დოზით არის ეს მხარეები წარმოდგენილი მასში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად განვითარებულია ქვეყანა, რამდენად დემოკრატიულია იგი და რამდენად გამჭვირვალეა მმართველობა მასში. ის, თუ როგორ ნაწილდება ქვეყნის ბიუჯეტი, მართლად მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფო შემოსავლები მმართველების პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ნაწილდება. ფაქტია ისიც, რომ ამ პოლიტიკაში ვერ „ჩაჯდა“ სახელმწიფო მმართველობის დაბალ რგოლებში დასაქმებულების ნორმალური სახელფასო უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, დაბალი ანაზღაურება, ძირითადად, პერიფერიებში მცხოვრებ საჯარო მოხელეებს აქვთ. ალბათ, სახელმწიფო ხაზინადარები (საჯარო მოხელეთა ხელფასების განსაზღვრა სწორედ მათი პრეროგატივაა) ფიქრობენ, რომ ისინი თავის გატანას საკუთარი შინა მეურნეობების საშუალებითაც შეძლებენ. ესეც ზერელე დამოკიდებულებაა – მოუსავლიან გურიასა და ნოყიერნიადაგიან კახეთში ერთნაირი პირობები ვერ იქნება. რომც იყოს, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, ერთსაც და მეორესაც, ორმაგი შრომა უწევთ – შინ და გარეთ, თვითმმართველობასა და ყანა-ბოსტანში, როგორმე საკუთარი თავი და ოჯახი რომ გამოკვებონ.
„სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საჯარო მოსამსახურეების 50%-ზე მეტი დასაქორწინებელი და გასათხოვარია,“ – ამბობს ნუგზარ ჭინჭარაული, – „მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეკონომიკური პირობები არ აქვს და არც დრო აქვს, რადგან სამუშაოს შემდგაც საკუთარი თავის გადარჩენისთვის უკვე შინა მეურნეობაში მუშაობს. ასეთ კადრს, როგორც კი მიეცემა საშუალება, როგორც კი ცოტა უკეთესი ვარიანტი გამოუჩდენა, აუცილებლად სხვა სამსახურში გადავა. ეს იმას ნიშნავს, რომ საჯარო სექტროში გამოცდილი კადრი აღარ გვეყოლება.
არსებობს საკითხის სხვა მნიშვნელოვანი კუთხეც: კერძო სექტორი ყოველთვის ცდილობს, საჯარო სექტროში არსებულ ხელფასებთან დაახლოებული ხელფასი ჰქონდეს. თუ საჯარო სექტორში დაბალი ხელფასები იქნა, ხელფასები დაბალი იქნება კერძო სექტორშიც. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ფენა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, საშუალო ფენა, რომელმაც უნდა შექმნას ამინდი ქვეყანაში, არ გვეყოლება, არც საჯარო და არც კერძო სექტროში. თუკი ასე მოხდა, მაშინ ჩვენი ქვეყნის დეკლარირებული ორიენტირი – ზრდა ევროპული ღირებულებებისკენ, მხოლოდ ცარიელ სიტყვებად დარჩება.“
წინადადება საქართველოს ხელისუფლებას
„თუკი ხელფასების გაზრდას ინფლაციის ახალი ტალღის შიშით ვერიდებით, გავატაროთ სხვა ღონისძიებები ამ ადამიანების მატერიუალური დანაკარგების კომპენსიორებისათვის. მაგალითად, მოვაგვაროთ მათი ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხი,“ – ამბობს ნუგზარ ჭინჭარაული, – „საჯარო სექტორში, დაახლოებით, 7-10 ათასი დაბალხელფასიანი ადამიანი გვყავს. ამასთან, საჯარო სექტორიში მომუშავეების 80%-ის ასაკი არ სცილდება 40 წელს, უხეშად რომ ვთქვათ, დაზღვევის რისკის ჯგუფს არ წარმოადგენს. 10%-იანი ინფლაციის პირობებში, 300-ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანი კარგავს 30 ლარს. სახელმწიფოს შეუძლია მათ აუნაზღაუროს ეს დანაკარგი, თუკი, მაგალითად, 30-ლარიანი სადაზღვევო პაკეტის ღირებულების სამედიცინო დაზღვევას გაუკეთებს, რაც, 7-10 ათასი ადამიანის ერთიანად დაზღვევის პირობებში, ბიუჯეტს ორჯერ ნაკლები დაუჯდება. კორპორატიული დაზღვევის მთელი ხიბლი სწორედ ამგვარ შესაძლებლობებში მდგომარეობს. ეს კარგი იქნება, ერთი მხრივ სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის და, მეორე მხრივ, იქნება კომპენსაცია ამ ადამიანებისთვის.“
ამ საკითხის გააქტიურების მეთოდებს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი, მოკლე ხანში განიხილავს კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობას ევროპელი ექსპერტებიც მიიღებენ. თუმცა, ორგანიზაციაში ესმით, რომ ცენტრალური ხელისუფლების ნების გარეშე ამ იდეის განხორციელება წარმოუდგენელი იქნება. იქ აცხადებენ, რომ მზად არიან, შეასრულონ შავი სამუშაო, გააგრძელონ ინფორმაციის მოგროვება, მოამზადონ შესაბამისი წინადადებები. მათთვის მთავარია, ეს იყოს კორპორატიული ხასიათის შეთავაზება სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც მათ, ისევე დაზღვეულებს და, მთლიანად, სახელმწიფოსაც.
დღეს სახელმწიფო ბიუჯეტი საჯარო სექტორში დასაქმებულებიდან, სავალდებულო დაზღვევის წესი მხოლოდ მეხანძრეებზე ვრცელდება, მაგრამ საქართველოს ბევრ რაიონში, მეხანძრეებს მხოლოდ სიცოცხლის დაზღვევა აქვთ და სხვა შემთხვევებში მათი დაზღვევა არ მოქმედებს. ამ დაზღვევით ისინი რიგით სამედიცინო მომსახურებასაც კი ვერ მიიღებენ, რადგან მათი დაზღვევა მხოლოდ მაშინ იწყებს მოქმედებას, როცა მეხანძრე უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება. ვითარების უკეთ წარმოდგენისთვის ზემოთ უკვე ხსენებულ გორის რაიონს მივუბრუნდეთ: იქაურ სახანძრო სამსახურში ყველაზე მაღალი ანაზღაურება 420 ლარია, ყველაზე დაბალი – 250. გამოაკელით ამას საშემოსავლო გადასახადი, ინფლაციის პროცენტი და დარწმუნდებით, რომ ამ და ყველა სხვა დაბალანაზღაურებადი ადამიანისთვის, არა მარტო ნორმალური სამედიცინო დაზღვევის მიღებაა მნიშვნელოვანი.