[DieWelt გიუნტერ ფერჰოიგენი]
სამი წლის წინ კავკასიას თავს დაატყდა რუსეთ-საქართველოს ომი. ამ მოვლენებზე ფიქრმა რამდენიმე დღის განმავლობაში შეგვიპყრო, თუმცა მოგვიანებით ჩვენ პოლიტიკურ ყოველდღიურობას დავუბრუნდით. მაგრამ პრობლემა დღესაც გადაუჭრელია. დადგება დრო, როდესაც ეს კონფლიქტი ხელახლა გამწვავდება, და ვერცერთი ექსტრემალური დიპლომატიური მისია ვეღარ შეძლებს მის მოგვარებას.
ფაქტები: ევროკავშირის სახელით კონფლიქტში აქტიურად ჩართული საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეული ზავის პირობები არ სრულდება. რუსეთი შეთანხმების პირობებს არღვევს. მოსკოვმა ორივე რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნას არაფრად აგდებს. რუსეთი განაგრძობს საქართველოს ეკონომიკურ ბლოკადას. ევროკავშირის დამკვირვებლებს დღესაც არ აქვთ სადაო ტერიტორებზე შესვლის შესაძლებლობა.
რუსეთის ინტერესი ცხადია: მოსკოვი კავკასიაზე სრული კონტროლის მოპოვებას ცდილობს, სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება ის საქართველოს ინტეგრაციას ატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში, ანუ ნატოსა და ევროკავშირში. დღემდე რუსეთი ამ პოლიტიკას წარმატებით ახორციელებდა და მათ შორის იმიტომაც, რომ ევროპელები ამაზე თვალს ხუჭავენ. ეს „რეალპოლიტიკის“ (არასწორი ინტერპრეტაციის) კლასიკური გაკვეთილია. როგორც ჩანს არსებობს კომპრომისი რუსეთთან ჩვენს ურთიერთობას და პატარა საქართველოს შორის. არადა საქართველოსთან ურთიერთობა რუსეთთან ურთიერთობის შემცვლელი შემადგენელი არ არის. ამიტომ ამ კომპრომისის შეზღუდულობა სასწრაფოდ გადასალახია. უსამართლობაზე დაფუძნებული კომპრომისი გრძელვადიან პერსპექტივაში არასდროს ამართლებს (იხ. დასავლური პოლიტიკის მარცხი ჩრდილოეთ აფრიკაში).
ნდობა პოლიტიკაში ყველაზე დიდი სიკეთეა. საქართველოს საქმეში, ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერ ერთი, დასავლური პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესრულებას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე პასუხისმგებლობის აღიარებას, როგორც ეს ახლახანს აშშ-ს სენატმა გააკეთა. მეორეც, დასავლეთმა ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკური ბლოკადის გაუქმებას. ამისთვის კარგი ათვლის წერტილია რუსეთის მიზანი გაწევრიანდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. და მესამე (და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი) დასავლეთმა საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის უფრო მდგრადი პერსპექტივა უნდა შესთავაზოს.
ევროკავშირს შეუძლია და უნდა გააკეთოს კიდეც იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე აკეთებდა. მას შეუძლიათ საქართველოში პოლიტიკური და სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა. ევროპელებმა უფრო ინტენსიურად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოში მიმდინარე შთამბეჭდავ რეფორმებს და ამავდროულად უნდა ახსოვდეთ ის, რაც აღმოსავლეთისკენ გაფართოვების პროცესში გაიგეს: რეფორმების განხორციელების უნარი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში, პირველ რიგში ევროკავშირის წინადადებების სიმტკიცეზეა დამოკიდებული. და რა თქმა უნდა, საქართველოს საკითხი რუსეთს და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებათა დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს, როგორც ევროპის მხრიდან კავკასიის რეგიონში სტაბილურობის მხარდაჭერის ნიშანი. კავკასიას არა გარე ძალის მფარველობა, არამედ აქ მცხოვრებ ხალხებს დამშვიდება სჭირდება. სხვაგვარად ჭრილობები არ მოშუშდება. თუკი ევროკავშირს უნდა, რომ რეგიონში სერიოზულ მოთამაშედ და სტაბილურობის გარანტად აღიქმებოდეს, მაშინ მისი საქმიანობისთვის საქართველო ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია.
გიუნტერ ფერჰოიგენი – 1999-2004 წლებში ევროკავშირის კომისარი გაფართოვების სკითხებში; 2009 წელს ევროპის კომისარი წარმოებისა და ინდუსტრიის საკითხებში; დღეს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი
foreignpress