„ხელისუფლების ცვლილება დაპირისპირების, შეთქმულების, მშვიდობიანი თუ სისხლიანი გადატრიალების მეშვეობით მოხდება“

„ხელისუფლების ცვლილება დაპირისპირების, შეთქმულების, მშვიდობიანი თუ სისხლიანი გადატრიალების მეშვეობით მოხდება“

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციურ ცვლილებათა პროექტს აფასებს როგორც „შეუსაბამოს და საშიშს ქართული სახელმწიფოსთვის“. კომისიის წევრები აცხადებენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ხელს არ შეუწყობს ქვეყანაში რეალური დემოკრატიული და სამართლებრივი გარემოს შექმნას. კომისიის დასკვნით, წარმოდგენილი ცვლილებებით აღმასრულებელი ხელისუფლება (მთავრობა-პრეზიდენტის ტანდემი) ისეთივე ყოვლისშემძლე და უკონტროლოა, როგორც მოქმედი კონსტიტუციით.

ბოლო დღეებში კონსტიტუციის განხილვის პროცესში სამი არასაპარლამენტო ოპოზიციური გაერთიანება – „თავისუფალი დემოკრატები“, „ახალი მემარჯვენეები“ და „მრეწველები“ ჩაერთვნენ. მათი ძირითადი შენიშვნაც კვლავ სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსის დაცვას უკავშირდება, რასაც, ოპოციზიის მტკიცებით, მომზადებული პროექტი ვერ უზრუნველყოფს. 

ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით მათ შენიშვნებს არ გაიზიარებს. ალასანია იმედოვნებს, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია უმცირესობაში დატოვებს ნაციონალური მოძრაობას და ამით შეუშლის ხელს სააკაშვილის გაპრემიერებას. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით, „არის მცდელობა სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის საკუთარ ინტერესებთან მორგების და კონსტიტუციის ინსტრუმენტად გამოყენება ხელისუფლებაში დარჩენისათვის“.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერს დავით გამყრელიძეს მიაჩნია, რომ სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის შენარჩუნება არც ახალი კონსტიტუციის პროექტით არის უზრუნველყოფილი. მისივე თქმით, „თუკი მოქმედი კონსტიტუციით, მთელი ძალაუფლება პრეზიდენტის ხელშია თავმოყრილი, ახალი კონსტიტუციის პროექტის თანახმად, ქვეყანას სუპერ-პრემიერ-მინისტრი ეყოლება“. 

ხანგრძლივი მუშობის შემდეგ საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციურ ცვლილებათა პროექტზე საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა. 6 გვერდიან დოკუმენტში პროექტი შეფასებულია, როგორც შეუსაბამო და საშიში ქართული სახელმწიფოსთვის.

კომისიის წევრები აცხადებენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ხელს არ შეუწყობს ქვეყანაში რეალური დემოკრატიული და სამართლებრივი გარემოს შექმნას, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვასა და რეალიზაციას, ასევე, ეკონომიკურ განვითარებას, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სტაბილურობასა და პროგრესს.

საზოგადოებრივი კომისია კიდევ ერთხელ მოითხოვს, პროექტი, ყოველგვარი საპარლამენტო განხილვების გარეშე, გამოთხოვილი იყოს საკანონმდებლო ორგანოდან.

დასკვნის მიხედვით, ცვლილებები საერთოდ არ შეეხო ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც რეალურად ქმნიან დემოკრატიული კონსტიტუციის საყრდენს. კერძოდ, ცვლილებები არ ეხება სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას; მოსახლეობისათვის შრომითი უფლებების უზრუნველყოფასა და მინიმალური სოციალური გარანტიების შექმნას; კერძო საკუთრების რეალურ ხელშეუხებლობასა და დაცვას; მედიის თავისუფლებას; საპარლამენტო ოპოზიციის კონსტიტუციურ უფლებებს რეალური კონტროლის განსახორციელებლად ხელისუფლების საქმიანობაზე და სხვა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტში პარლამენტის უფლება, თავად მოახდინოს მთავრობის ფორმირება, რაც პროექტის ყველაზე მნიშვნელოვან ნოვაციად და დემოკრატიულ ნაბიჯად ითვლება, ფორმირების პროცედურით (მუხლი 80, პუნქტები: 5 და 6) უაღრესად ჩახლართული და გაჭიანურებულია. ხოლო მთავრობის ფორმირების შემდეგ, იმისდა მიუხედავად, პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელდა იგი, თუ თავად პარლამენტმა მოახდინა, პარლამენტი რეალურად კარგავს მისი გაკონტროლებისა და მასზე ზემოქმედების საშუალებას. ეს იმ შემთხვევაშიც, თუ მთავრობის საქმიანობას მხარს არ უჭერს პარლამენტის შემადგენლობის ნახევარზე მეტი, რომ არაფერი ითქვას საპარლამენტო ოპოზიციაზე (მუხლი 81).

კომისიის წევრების განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებებით აღმასრულებელი ხელისუფლება (მთავრობა-პრეზიდენტის ტანდემი) ისეთივე ყოვლისშემძლე და უკონტროლოა, როგორც მოქმედი კონსტიტუციით. მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება (სიითი შემადგენლობის 3/5), პარლამენტისათვის, ფაქტობრივად, გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენს, ხოლო ორგანულ კანონთა კატეგორიის გაუქმება და პრემიერ მინისტრის უფლება, ნებისმიერ კანონპროექტთან დაკავშირებით დასვას მთავრობისადმი ნდობის საკითხი (მუხლი 811), უძლიერესი მექანიზმია მთავრობის ხელში პარლამენტზე დიქტატის განსახორციელებლად; მაშინაც კი, როდესაც მთავრობას არ გააჩნია პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა.

„ორად „გახლეჩილი“ აღმასრულებელი ხელისუფლება (პრეზიდენტი-პრემიერი), აღჭურვილი საკმაოდ ძლიერი, ერთმანეთისაგან მკაფიოდ გაუმიჯნავი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და საგარეო ურთიერთობის უფლებამოსილებებით, გაყოფილი და ექსკლუზიურად დაქვემდებარებული ძალოვანი სტრუქტურებით (პრეზიდენტი-არმია, პროკურატურა, სასამართლო; მთავრობა-შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამოძიება, სპეცრაზმები) ერთობ მძიმე და სახიფათო ვითარებას ქმნის. 

თუ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ურთიერთობა „გარკვეულია“ და ერთი აღიარებს მეორის უპირატესობას (პირველობას), მაშინ აღმასრულებელი ხელისუფლება ერთიანია და შესაძლებლობა ეძლევა დაუბრკოლებლად განახორციელოს დიქტატი როგორც პარლამენტის, ასევე სასამართლოსა და მთელი ერის მიმართ; ხოლო თუ ეს ურთიერთობა „გარკვეული“ არ არის, მაშინ ცდუნება და შესაძლებლობები (როგორც მატერიალური, ასევე პოლიტიკური და ადამიანური რესურსების თვალსაზრისით) დაპირისპირებისა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის იმდენად დიდია, რომ მასში ბუნებრივად აღმოჩნდება ჩართული როგორც სახელმწიფო-ბიუროკრატიული აპარატის სრული შემადგენლობა, ასევე ძალოვანი სტრუქტურები და მოსახლეობა. 

ჩვენ მივიღებთ ქვეყანას, სადაც ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით კი არ განხორციელდება, არამედ ღია თუ ფარული დაპირისპირების, შეთქმულების, მშვიდობიანი თუ სისხლიანი გადატრიალების მეშვეობით“, – ნათქვამია საზოგადოებრი საკონტიტუციო კომისიის დასკვნაში.

კომისიის წევრები აღნიშნულ დასკვნას დეტალურად გააცნობენ ვენეციის კომისიას. ვენეციის კომისიის დელეგაციას, რომელსაც კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო უხელმძღვანელებს, საქართველოში 16 სექტემბერს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო პროექტის სახალხო-საჯარო განხილვის კომისიამ უკვე შემაჯამებელი სხდომა გამართა და ამით დაახლოებით თვენახევრიანი მუშაობა დაასრულას. 

კომისიამ პარლამენტის სპიკერ დავით ბაქრაძის თავმჯდომარეობით პირველი შეხვედრა 28 ივლისს გამართა. ამ ფორმატში საკონსტიტუციო პროექტზე მსჯელობა ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებისა და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ჩატარდა. 

ბოლო დღეებში პროცესში სამი არასაპარლამენტო ოპოზიციური გაერთიანება – „თავისუფალი დემოკრატები“, „ახალი მემარჯვენეები“ და „მრეწველები“ ჩაერთვნენ, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები და შენიშნვები კომისიას უკვე გააცნეს. ძირითადი შენიშვნა კვლავ სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსის დაცვას უკავშირდება, რასაც, ოპოციზიის მტკიცებით, მომზადებული პროექტი ვერ უზრუნველყოფს. 
 
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით მათ შენიშვნებს არ გაიზიარებს. 

„როგორც ჩანს, ჩვენი შენიშვნები გაზიარებული არ იქნება და უმრავლესობა ამ პროექტს გაიტანს. მაგრამ ჩვენი ამოცანა იქნება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე უმცირესობაში დავტოვოთ ნაციონალური მოძრაობა და ამით შეუშალოთ ხელი სააკაშვილის პრემიერობას“ – აცხადებს ირაკლი ალსანია. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად მათი შენიშვნების არგაზიარებისა ასეთ შეხვედრებს ყოველთვის აქვს აზრი და საჭიროა ამ შეხვედრების გამართვა. 

„ყველა უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ ქვეყნისათვის საჭირო საკითხები მხოლოდ დიალოგით უნდა წყდებოდეს და სხვანაირად ვერ გადაწყდება“, – აცხადებს ალასანია, თუმცა იგი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს იყო პირველი და ბოლო შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და ხელისუფლებასთან შეხვედრებს აღარ აპირებს. 

რაც შეეხება მისი პარტიის პოზიციას, თავად ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ძალა მხარს უჭერს შერეულ საპარლამენტო მოდელს ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტის და ძლიერი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებით. ხელისუფლების მოდელში კი ყველაზე ძლიერი არის პრეზიდენტი და შეთანხმება სწორედ ამ პრინციპებთან დაკავშირებით ვერ ხერხდება. 

მეორე პრინციპული სხვაობა კი ალასანიას თქმით, „ის არის, რომ ეს არის მცდელობა სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის საკუთარ ინტერესებთან მორგების და კონსტიტუციის ინსტრუმენტად გამოყენება ხელისუფლებაში დარჩენისათვის“.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერს დავით გამყრელიძეს მიაჩნია, რომ სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის შენარჩუნება არც ახალი კონსტიტუციის პროექტით არის უზრუნველყოფილი. 

გამყრელიძის განცხადებით, „თუკი მოქმედი კონსტიტუციით, მთელი ძალაუფლება პრეზიდენტის ხელშია თავმოყრილი, ახალი კონსტიტუციის პროექტის თანახმად, ქვეყანას სუპერ-პრემიერ-მინისტრი ეყოლება“. 

„მთავარი შენიშნვა ჩვენი მხრიდან სწორედ ბალანსის დაუცველობაში მდგომარეობს, რაც პრობლემაა როგორც მოქმედ კონსტიტუციაში, ისე ახალი კონსტიტუციის პროექტში“ – აცხადებს გამყრელიძე. 

რაც შეეხება „დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძისა და სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციონერი ლიდერების პრეტენზიას, რომელიც ირაკლი ალასანიას, „მემარჯვენეებისა“ და „მრეწველების“ ხელისუფლებასთან კონსულტაციებში ჩართვას ეხება, გამყრელიძის განმარტებით, 

„ახალ მემარჯვენეებს“ არ აქვთ ილუზია, რომ კომისია და მმართველი გუნდი მათ ყველა შენიშვნას გაიზიარებენ, თუმცა ამ მიმართლებით პოზიციის დასაფიქსირებლად ყველა შესაძლო გზა უნდა იყოს გამოყენებული“. 

ახალი საკონსტიტუციო პროექტის განხილვის პროცესმა უშუალოდ პარლამენტში გადაინაცვლა.