რუსეთი და საქართველო, სამი წლის შემდეგ

რუსეთი და საქართველო, სამი წლის შემდეგ

[The New Yorker ჯულია ლოფი]

ორშაბათს რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავი იყო, ომის, რომელმაც ხუთი გაუგებარი დღის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღება პეკინის ოლიმპიურ თამაშებს მოწყვიტა და დღესაც სამი წლის შემდეგ, ცოტა რამ თუ გაირკვა იმის თაობაზე, თუ როგორ დაიწყო ომი, როგორ წარიმართა, რა მემკვიდრეობა დატოვა და საერთოდ, რა შეიძლება მას დაარქვა. შესაბამისად, ომის მესამე წლისთავი მხარეებმა კონფლიქტის ნარატივის კონტროლს მოანდომეს

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ მაყურებელს ტიპურად უხეში ვერსია შესთავაზა, აჩვენა რა მემორიალური აქცია სამხრეთ- ოსეთის დედაქალაქ ცხინვალში. მოტირალმა ოსებმა ცაში თეთრი ბურთები გაუშვეს და სანთლები დაანთეს, რომელიც ტროტუარზე ქმნიდა წარწერას „ჩვენ გვახსოვს“, კადრს მიღმა კი რეპორტიორის ხმა გვიხსნიდა, რომ ეს „საქართველოს აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილი გლოვაა. „ისინი მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანა“ -ამბობდა კორესპონდენტი დაინტერესებული იმით „თუ როდის მიიღებენ კრიმინალები საზღაურს“.

მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. „ცხინვალ“-ი (ქალაქის ორიგინალური სახელწოდების „ცხინვალი“-ს პოსტ-ომისეული ვერსია) რუსიფიცირებულია. სწორედ ცხინვალია ის ადგილი (საქართველოს სადავო რეგიონის სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქი. ამ რეგიონში ოსების უმცირესობა ეთნიკური ქართველების გვერდით ცხოვრობდა), სადაც ომი დაიწყო. 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით ქართველებმა ქალაქის დაბომბვა დაიწყეს – ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც ამ მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ გამოიცა. ქალაქი ინსტენსიური ცეცხლის ალში გაეხვა, როგორც ქართველი ასევე რუსი სამხედროების მხრიდან და მისი დიდი ნაწილი დაინგრა. პირველი სამხედრო შეტაკების დროს, ორი რუსი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა. რადგან ცხინვალი რუსეთის კონტროლიდან ქართველების კონტროლის ქვეშ გადავიდა, შემდეგ კი კვლავ რუსების კონტროლს დაუბრუნდა, მსხვერპლის რიცხვი მერყეობდა: რუსები გენოციდის შესახებ გაჰყვიროდნენ და აცხადებდნენ რომ ქართველებმა უკან დახევის დროს სამხრეთ-ოსეთის დაახლოებით ორი ათასი მცხოვრები მოკლეს; ქართველების თქმით, დაღუპულთა რეალური რიცხვია 200 და ისინი ოსი სამხედროების მიერ რეგიონიდან გაძევებული ქართველები არიან. ევროპელების თქმით, ეს რიცხვი დაახლოებით 800-ია (ევროპულ ანგარიშში ასევე უარყოფილია რუსეთის ბრალდება გენოციდის შესახებ, ხოლო Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ ცნობები გარდაცვლილთა რაოდენობაზე ძალიან გადაჭარბებულია).

ამავდროულად, ამერიკელთა ხმებმა (ჯორჯ ბუშის, კონდოლიზა რაისის, ჯონ მაკკეინის და ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით) მოსკოვი აგრესიისთვის დაგმეს. „მეგობრებო, ჩვენ მივაღწიეთ კრიზისს, რომელიც ალბათ ყველაზე სერიოზული საერთაშორისო კრიზისია ცივი ომის დასრულების შემდეგ“ – განაცხადა მაკკეინმა იმ დღეებში, ასპენში კამპანიის მიმდინარეობისას. „ეს აგრესიის აქტია“, მაგრამ კონკრეტულად ვისი აგრესიის? საქართველომ პროვოცირება მოახდინა – რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში აღვივებდა ცეცხლს რეგიონში, ელოლიავებოდა რა სეპარატისტულ მოძრაობებს სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში, ხოლო ომის დაწყების წინ იქაურ მცხოვრებლებს რუსულ პასპორტებს ურიგებდა, თუმცა საქართველომ, რომელსაც შესაძლოა ვაშინგტონის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, პირველმა ისროლა.

ომი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა, ხოლო სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები გახდნენ. საქართველომ საკუთარი ტერიტორიის დაახლოებით მეოთხედი დაკარგა და დამამცირებელი სამხედრო მარცხი განიცადა: რუსული ტანკები დედაქალაქ თბილისისკენ მიიწევდნენ, როდესაც საფრანგეთმა ბოლოს და ბოლოს შესძლო ამ ორი ჩხუბისთავის გაშველება.

მაგრამ როდესაც ნიკოლა სარკოზი ბრძოლის დასრულებას შუამავლობდა, ეს სწორედ ამას ნიშნავდა: შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტას. სამი წელი გავიდა მას შემდეგ რაც სროლა შეწყდა, თუმცა ცოტა რამ თუ მოგვარდა. რეგიონი მისთვის ნაცნობ, გაყინული კონფლიქტის მდგომარეობას დაუბრუნდა. სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთი შესაძლოა ფორმალურად დამოუკიდებლები არიან, თუმცა ისინი მხოლოდ რუსეთმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და სავარაუდოდ, წყნარი ოკეანის კუნძულმა სახელმწიფომ ნაურუმ აღიარეს. ორივე რეგიონი სავსეა რუსი სამხედროებით და გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მოსკოვს რეგიონში „გაერთიანებული“ სამხედრო ბაზების განთავსების და მართვის შესაძლებლობას აძლევს.

რუსეთი და საქართველო ერთმანეთს დღემდე არ ელაპარაკებიან. ქართული ღვინო, რომელიც ერთ დროს იქ დიდი დელიკატესი იყო, რუსეთში დღესაც აკრძალულია, კვლავ მოსჩანს ქართული სოფლებისკენ ჰორიზონტზე დევნილთა ბანაკების ვრცელი რიგები და მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები აღდგა, ვიზების მიღება ორივეგან (როგორც პროცედურულად, ასევე ფსიქოლოგიურად) დღემდე რთულია. რუსეთი არ აღიარებს სააკაშვილის არსებობას, ბევრჯერ და ღიად უთქვამს, რომ მას არანაირი საქმე არა აქვს საქართველოსთან რომელსაც სააკაშვილი მართავს. თავის მხრივ მოძრავი, ქარიზმატული და დასავლეთში განსწავლული სააკაშვილი, „აუტსაიდერი“ საქართველოს სტატუსს თავის აბსოლუტურ უპირატესობად იყენებს, დარწმუნდა რა იმაში, რომ რუსეთს უცხოეთში კვლავ არამზადის რეპუტაცია აქვს და მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს იმისთვის, რომ შეაფერხოს რუსეთის დიდი ხნის მისწრაფება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ. ის ასევე განაგრძობს რუსეთისადმი შიშის გაღვივებას ქვეყნის შიგნით. შარშან გაზაფხულზე, ქართულმა ტელევიზიამ ეთერში ოცწუთიანი „ახალი ამბების“ გამოშვება გადასცა, სადაც იუწყებოდა, რომ რუსეთი კვლავ შემოიჭრა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არსად შეჭრილა. რეპორტაჟში 2008 წლის კადრები გავიდა. ჯო ბაიდენმა სააკაშვილს დაურეკა და ამ ტრიუკისთვის ყური აუწია.

ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ეს ორი, ერთ დროს ერთმანეთზე კულტურულად შეყვარებული ქვეყანა, დღემდე დაობს იმაზე, თუ ვინ და რატომ დაიწყო ეს. ომის ბოლო წლისთავზე, ბლოგერმა „სუხუმი“-მ (ასე ჰქვია დღეს უკვე დამოუკიდებელი აფხაზეთის დედაქალაქს) ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ომთან დაკავშირებულ 8 მითს უარყოფს. „მითი ნომერი 3“ – წერს იგი -„რუსეთმა დაიწყო ომი მისი მშვიდობისმყოფელების დასაცავად“ (სხვა მითები რომლებსაც ის უარყოფს: „რუსეთმა დაიწყო ომი ოსების გენოციდის შესაწყვეტად“, „რუსეთმა დაიწყო ომი საკუთარი მოქალაქეების დასაცავად“, „ქართულმა არმია, სამარცხვინოდ გაიქცა ბრძოლის ველიდან“).

რუსული მედია მოხარულია ორივე მხარის ბლოგერებს მისცეს დეტალების შესწავლის საშუალება. ის უფრო გლობალურ გზავნილებზეა ფოკუსირებული: საქართველოს აგრესია, ოსების გენოციდი, რუსეთი – ერთადერთი მორალური ძალა რეგიონში. ორშაბათს, რუსეთის ტელევიზიამ აჩვენა, თუ როგორ აჯილდოვებს მედვედევი რუსეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი სპეცდანიშნულების ძალებს, რომლებმაც ქართველები მოიგერიეს, ხოლო რუსულმა გაზეთებმა დაწერეს ომის სამხედრო გმირებზე და რუსეთზე, რომელიც „წითელი ხაზს ავლებს“ საკუთარი მოქალაქეების დასაცავად.

მოსახლეობის გაღიზიანების მიზნით, რომლის ეჭვებიც ოფიციალური კურსის მიმართ სულ უფრო იზრდება, კრემლმა შესანიშნავი ციტატები შემოგვთავაზა, მას შემდეგ რაც პუტინმა სააკაშვილზე განაცხადა, რომ მას სხეულის ქვედა ნაწილით დაკიდებდა. გასული კვირის ბოლოს, ომის წლისთავთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამ რუსულ საინფორმაციო არხს ინტერვიუ მისცა. „დიპლომატიურ ძალისხმევაზე, მოლაპარაკებებზე და ერთმანეთის მოსმენის ნებაზე“ საუბრისას, მედვედევმა სპეკულირება დაიწყო იმით, თუ რა ხდებოდა სააკაშვილის „ადუღებულ თავში“ 2008 წელს და განაცხადა, რომ ცხინვალის ომის გაჩაღებისთვის მან პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე. მედვედევმა დასძინა: „მისი ბრძანებით ასობით ჩვენი მოქალაქე მოკლეს, მათ შორის რუსი მშვიდობისმყოფელები. მე მას ამას არასდროს ვაპატიებ და მე მასთან ურთიერთობა არ მექნება“. მან ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი „თვალს უკრავს“ მას მსოფლიო პოლიტიკის კულუარებში, მაგრამ ის მსგავსი ჟესტების იგნორირებას ახდენს.

მედვედევმა ასევე ისაუბრა „ასაკოვან“ ამერიკელ სენატორებზე, რომლებმაც 29 ივლისს, ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთს მოუწოდებს გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიებიდან და ეს რეგიონები დაუბრუნოს საქართველოს. კონგრესისთვის დამახასიათებელია რეგიონზე ინფორმაციის მიღება საქართველოსგან და შესაძლოა ამის გათვალისწინებით, მედვედევმა განაცხადა, რომ კონგრესი „უცხო ქვეყნის პარლამენტია. მე ეს არ მანაღვლებს“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასევე გამოიყენა ომის წლისთავი სააკაშვილის გაშავებისთვის და მას უწოდა „პათოლოგიური შემთხვევა, ანომალია ქართველებს შორის“. (ანომალიაა თუ არა, ქართველების უმრავლესობა მას მხარს უჭერს). მან საქართველოს პრეზიდენტს უზრდელიც უწოდა. სააკაშვილის პრეს-სამსახურის კომენტარები ასეთი იყო: „ცინიკური გამართლება ეთნიკური წმენდისა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ განახორციელა“, ხოლო უფრო პოლიტიკოსმა, ვიდრე დიპლომატმა სააკაშვილმა მოსკოვის რადიო „ეხო მოსკვისთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს და საქართველოს შორის ომი „რუსეთის მხრიდან არ დასრულებულა, რადგან მე პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთი არ აღიარებს სამშვიდობო შეთანხმებას და ოფიციალურად სურს ჩვენი მთავრობის დამხობა“.
foreignpress