რუსეთმა კოკოითის შემცვლელი შეარჩია

რუსეთმა კოკოითის შემცვლელი შეარჩია

[„რეზონანსი“ იაგო ნაცვლიშვილი]

მოსკოვში, კერძოდ, საგანგებო სიტუაციათა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთ განყოფილებაში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის საბოლოო კანდიდატურაზე შეთანხმდნენ. სააგენტო „რეგნუმი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ეს კანდიდატი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ანატოლი ბიბილოვია.

„რეზონანსი“ ანატოლი ბიბილოვის შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეეცადა, თუმცა ქართველი კონფლიქტოლოგები ამ თემაზე არ საუბრობენ. ჩვენ მცირე ინფორმაციას მკითხველს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, დიმიტრი სანაკოევზე დაყრდნობით ვაწვდით.

ანატოლი ბიბილოვი რუსეთის ქალაქ რიანზანში დაიბადა, ეს საჯარისო ქალაქია. განათლებაც თავისივე მშობლიურ ქალაქში მიუღია. შემდეგ 1990-იან წლებში ცხინვალში ჩამოსახლდა და ოსურ სამშვიდობო ბატალიონში დაიწყო მუშაობა. იქ 2008 წლის ომამდე უმუშავია, დაახლოებით 2008 წლის ნოემებერ-დეკემბერში კი სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრად დანიშნულა.

ქართველებისადმი მის განწყობას სანაკოევი ვერ აკონკრეტებს და არც იმაზე აკეთებს კომენტარს, როგორი ურთიერთობა შეიძლება დაამყაროს საქართველოს ხელისუფლებასთან. თუმცა ის, რომ კანდიდატურა მოსკოვში უკვე შეთანხმებულია, ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთში ეკონომიკური ფორუმი იგეგმება. ამის შესახებ „რეგნუმი“ სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთ ჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

ერთდღიანი ღონისძიებისთვის მზადება დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, ვინაიდან „დამოუკიდებლობის დღეს“ რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციის პრეზიდენტი სერგეი ნარიშკინიც ჩავა. მასთან ერთად იქნება რეგიონთაშორისი კულტურული კავშირების სამმართველოს ხელმძღვანელი სერგეი ვიკაკუროვი და საგანგებო სიტუაციათა მინისტრი სერგეი შოიგუ.

წყაროს თქმით, ამ დელეგაციის ვიზიტი კარს მომდგარ სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის არჩევნებს“ უკავშირდება. როგორც აღვნიშნეთ, მომავალი „პრეზიდენტის“ კანდიდატურა უკვე შეთანმხმებულია რუსეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან. იუწყებოდნენ იმასაც, რომ ანატოლი ბიბილოვის საარჩევნო კამპანიას ისეთი მაღალანაზღაურებადი პიარ სააგენტოები აწარმოებდნენ, როგორიცაა „ნიკოლო მ“ და „იმა კონსალტინგი“. ადრე კი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად „პარლამენტის ვიცე-სპიკერი“ ზურაბ კოკოევი და „სამხრეთ ოსეთის“ ელჩი რუსეთში დიმიტრი მედოევი მოიაზრებოდნენ.

კანდიდატების რეგისტრაცია აგვისტოს ბოლოდან ოფიციალურად დაიწყება, ხოლო არჩევნები კი „ნოემბერშია“ დაგეგმილი. არსებული ინფორმაციით, „არჩევნებში“ მონაწილეობის სურვილი 40-მდე კანდიდატმა უკვე გამოთქვა. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მთავარი ბრძოლა კოკოითის მემკვიდრეს, ამჟამად „სამხრეთ ოსეთის გენერალურ პროკურორს“ თეიმურაზ ხუგაევსა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს შორის უნდა გამართულიყო, რომელსაც კანდიდატურა ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია. თუმცა, მოსკოვის პოზიციიდან გამომდინარე, ბრძოლა ანატოლი ბიბილოვსა და ოპოზიციურ ლიდერს შორისაა მოსალოდნენლი.

ცნობილია ისიც, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი „სახალხო ფრონტის“ ლიდერი რუსეთის მოჭიდავეთა ფედერაციის პრეზიდენტი ჯამბოლათ თადეევი იქნება. თუმცა მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციით არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალება, რადგან, „კონსტიტუციის“ მიხედვით, „პრეზიდენტობის“ კანდიდატი ბოლო 10 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უნდა ცხოვრობდეს, თედეევი კი მხოლოდ ბოლო 5 წელია, რაც ცხინვალში ცხოვრობს. გარდა ამისა, კონსტიტუციის თანახმად, კანდიდატი „სამხრეთ ოსეთის მოქალაქე“ უნდა იყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ თავის დროზე არც კოკოითს ჰქონია „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა“.