გიორგი ხუციშვილი: „ქვეტექსტებში იგრძნობა, რომ ერთმანეთთან საუბარი სურთ“

გიორგი ხუციშვილი: „ქვეტექსტებში იგრძნობა, რომ ერთმანეთთან საუბარი სურთ“

[მანანა ნოზაძე]

მედვედევისა და სააკაშვილის ბოლოდროინდელი რიტორიკა ერთმანეთის მიმართ კვლავინდებურად ანტაგონისტურია. რუსეთ-საქართველოს ომის სამი წლისთავზე დამპყრობი ქვეყნის მეთაური – მედვედევი მზად არ არის, ხელი ჩამოართვას სააკაშვილს, იმ სააკაშვილს, რომლის გადარჩენასა და თბილისზე იერიშის განუხორციელებლობას საკუთარ დამსახურებად თვლის (და არა სარკოზისთვის ანგარიშის გაწევად). ამასთან, მედვედევი მიიჩნევს, რომ პირადი სიცოცხლის გადარჩენის გამო, სააკაშვილი მის მიმართ მადლიერი უნდა იყოს.

თავის მხრივ, მედვედევის ინტერვიუს შემდეგ სააკაშვილსაც კიდევ ერთხელ მიეცა რუსეთის დერჟავაზე საუბრის შესაძლებლობა, რასაც ისედაც არ აკლებდა... სააკაშვილი მიიჩნევს, რომ არანორმალური ვითარებაა, როცა ბევრად უფრო დიდი ქვეყნის პრეზიდენტი მასზე ლაპარაკს ამდენ ხანს უთმობს, რაც ადასტურებს, რომ მედვედევი მასზე ბევრს ფიქრობს.

„ჩვენზე ასჯერ დიდი ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც რეალურად სხვა ადამიანის ჩრდილქვეშ იმყოფება, 55 წუთიან ინტერვიუში 39 წუთი მომიძღვნა მე. ხანდახან ვფიქრობ, ნუთუ იმაზე მეტი საქმე არ აქვს ამხელა ქვეყნის, თუნდაც, შეზღუდული ძალაუფლების მქონე ლიდერს, რომ საქართველოს პრეზიდენტზე ამდენი იფიქროს? თუკი ჩემზე 40 წუთის განმავლობაში ლაპარაკობს, ალბათ, 40 დღე და 40 თვეც ექნება ნაფიქრი. ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა“, –აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის ამ განცხადების კვალდაკვალ, „რაშა თუდეის“ ჟურნალისტს, სოფო შევარდნაძეს ემოციებიც ამოუკითხავს მედვედევის პერსონაში და შეუნიშნავს,რომ რუსეთის პრეზიდენტს აშკარად ეტყობოდა დიდი ანტიპათია მიხეილ სააკაშვილის მიმართ.  

ნაცმოძრაობის წევრებმა მედვედევის გამოსვლას მყისვე დიაგნოზი დაუსვეს. დავით დარჩიაშვილის აზრით, მედვედევს პიროვნული გაორება სჭირს და მეორე კაცის თამაშს თამაშობს. ექსპერტ ნიკა ჩიტიძის აზრით კი, მედვედევმა დიპლომატიისთვის შეუფერებელი სისუსტე აჩვენა.

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით მედვედევსა და სააკაშვილს ერთმანეთი სჭირდებათ.

„რაც უფრო მეტს აკრიტიკებს მედვედევი სააკაშვილს, შესაბამისად, აძლიერებს სააკაშვილის რიტორიკასა და პროპაგანდას საქართველოში: არ გაბედოთ და არ შემცვალოთ, თორემ მედვედევის საქმეს გააკეთებთო. დიდი ხანია, რუსებმა კარგად შეისწავლეს ქართველების ბუნება. რუსები ვისაც აკრიტიკებენ, ქართველები მით უფრო იცავენ მას. მედვედევმა კარგად იცის, სააკაშვილი რომ შეაქოს, ამით მის წინააღმდეგ განწყობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. სანამ მედვედევს გამოცხადებული აქვს, რომ სააკაშვილს არ ელაპარაკება, ხელს არ ართმევს, ეს ნიშნავს, რომ სანამ სააკაშვილი ხელისუფლებაში იქნება, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რასაც უნდა, იმას გააკეთებს.

როგორც კი საქართველოს ხელისუფლება შეიცვლება, თუნდაც ყველაზე უფრო პრორუსული ძალებით, რუსეთი იძულებული იქნება, რაღაც მინიმალურ, სიმბოლურ დათმობაზე წამოვიდეს, რათა დაადასტუროს კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ“, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

ამის საილუსტრაციოდ ექსპერტს ერთი მაგალითი მოჰყავს. კერძოდ, ერთმანეთისგან განსხვავებულია ქურდი, რომელიც სახლის გასაძარცვად ერთი საათით შედის და დამნაშავე, რომლის განკარგულებაშიც მთელი ღამეა. ისინი სხვადასხვანაირად მოქმედებენ. ვისაც საკმაო დრო აქვს, გასაქურდად შეთვალიერებულ სახლში ნელ-ნელა ჩაალაგებს ნაძარცვს და წავა. ერთი საათით შესული ქურდი კი ყველაფერს მიყრის  და სასწრაფოდ მოძებნის სასურველ ნივთებს.

„სააკაშვილის მხარდაჭერით, მედვედევი და პუტინი  საქართველოში შემოსულია უვადოდ, ვიდრე სააკაშვილი ხელისუფლებაშია. ამიტომ რაც მეტს აგინებს სააკაშვილს, მით უფრო აძლიერებს მას. ასე ხმაშეწყობილად მუშაობენ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფალნი საქართველოს საწინააღმდეგოდ“, – მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხუციშვილი არ იზიარებს სააკაშვილის აზრს, რომ მედვედევი სააკაშვილზე განუწყვეტლივ ფიქრობს, არამედ მედვედევისთვის საქართველოს საკითხი დღის წესრიგში ძალიან სერიოზულად დგას.

პრესაგე.ტვ გოგი ხუციშვილს ესაუბრა:

ორი ქვეყნის პრეზიდენტის ერთმანეთის მიმართ გაკეთებულ კომენტარებს როგორ შეაფასებთ?

– მედვედევის ინტერვიუს თავიდან ბოლომდე ყურადღებით ვუსმინე. აშკარად ჩანდა, საქართველოს თემატიკას რამხელა მნიშვნელობა ჰქონია რუსეთისთვის.  რუსეთში ყოველთვის ითვალისწინებენ იმას, რომ ასეთ ინტერვიუებს ძალიან ყურადღებით ეცნობიან დე ფაქტო აფხაზეთსა და ოსეთში. ამიტომ ცდილობენ, მათ სიტყვებში თბილისის წამახალისებელი არაფერი გაიპაროს. სწორედ ამას აქცევდნენ ყურადღებას ამ კონკრეტულ ინტერვიუშიც. ამის მიუხედავად, მედვედევმა ჯერ თქვა, რომ ჩვენ ყველაფერზე შეგვიძლია დალაპარაკება, გარდა იმ საკითხებისა, რომელიც უკვე გადაწყვეტილიაო. გულისხმობდა დე ფაქტო რეგიონების აღიარებას. მაგრამ მერე დაამატა, ამაზეც კი შესაძლებელია ლაპარაკი, თუკი პირობები შეიქმნებაო. ეს ნიშნავს, რომ რაღაც გარკვეულ ფანჯარას იტოვებენ.

ანუ ერთმანეთს მიმართ გარეგნულად მკაცრი რიტორიკის მიუხედავად, რუსეთისა და საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პირობებში ამ მტკივნეულ რეგიონებზეც შეიძლება საუბარი?

– პოლიტიკა ისეთი რამაა, რომ ლიდერებს შორის დასაშვებია ძალიან მძაფრი რიტორიკა, და ამავე დროს, შესაძლებელია, (ამ ლიდერებს გარდა) მწვანე შუქი ჰქონდეს მიცემული სხვას, რათა მათ წარმართონ გარკვეული მოლაპარაკებები. მომავალში ამას არ გამოვრიცხავ.

არაერთხელ გამოთქმულა ასეთი აზრი, რომ, მართალია, მედვედევი ცუდ ტონში საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შესახებ, მაგრამ მას აწყობს სააკაშვილისნაირი ფიგურა საქართველოში.

– რა თქმა უნდა, ასეა. თვითონ მედვედევმა და პუტინმა ომის შემდეგ, გარკვეულწილად, ჩაკეტეს ახალი მდგომარეობა სტატუს-ქვოს ფარგლებში. მეორე მხრივ, ჩემი აზრით, ეს, ასევე, ხელსაყრელი აღმოჩნდა ჩვენი ხელმძღვანელებისთვის. კერძოდ, ისინი თავიდან მოიცილებდნენ ძალიან მტკივნეულ საკითხებს, რომელთა შესახებაც კითხვებს მთელი მსოფლიო უსვამდა – რატომ არ ხდება ეს? რატომ არ კეთდება ის? რუსეთის ფაქტორის მოშველიებით, ჩვენს ხელისუფლებას განმარტებების მიცემა უცხოელებისთვის არ გაუჭირდებოდა. მათ ეტყოდნენ – აი, რუსები კეტავენ გზებს და ჩვენ რა შეგვიძლია?! ამიტომ ეს სტატუს-ქვო ჩაიკეტა ორივე მხრიდან.

მედვედევი საერთაშორისო ტრიბუნალზე გადასაცემად იმეტებს სააკაშვილს. როგორ გგონიათ, ამ რიტორიკის მიუხედავად, ჩვენს ხელისუფალთან დიალოგისთვის მაინც მზადაა?

– მისი მხრიდან ეს, უბრალოდ, ეფექტზე გათვლილი ფრაზა იყო. თორემ, სინამდვილეში, საქართველოს გულისთვის საერთაშორისო ტრიბუნალს არავინ შექმნის.

რამდენად ადექვატური იყო სააკაშვილის შეფასება მედვედევთან მიმართებით? სააკაშვილი აცხადებს, რომ მედვედევი ხშირად ფიქრობს მასზე.

– მე ასეთნაირად დავაზუსტებდი, მედვედევი სააკაშვილზე კი არ ფიქრობს, არამედ მისთვის საქართველოს საკითხი დღის წესრიგში მაინც ძალიან სერიოზულად დგას.

ორი პრეზიდენტის მხრიდან ასეთი რიტორიკის მიუხედავად, სააკაშვილსა და მედვედევს ერთმანეთთან საუბარი მაინც სურთ?

– ეს მათ ქვეტექსტებში იგრძნობოდა, მედვედევსა და სააკაშვილს ერთმანეთთან საუბარი მართლაც სურთ.

თუკი ასეთი საუბარი მართლაც შედგება, იგი პერსპექტიული იქნება?

– ამ ვითარებაში, პერსპექტიული არ იქნება, მაგრამ მე წარმომიდგენია გარკვეული ვითარება მომავალში, როდესაც შეიძლება, დიალოგი შესაძლებელი გახდეს.

და რა იქნება ასეთი განსაკუთრებული ვითარება?

– ეს იქნება ამერიკა-რუსეთის საკმაოდ განვითარებული გადატვირთვის პოლიტიკა. ან თუ, მაგალითად, მომავალი არჩევნების შედეგად ამერიკის ხელისუფლებაში რესპუბლიკური პარტიის კონსერვატიული ფრთა მოვიდა, რომელიც აქცენტს ისევ რუსეთთან დამოკიდებულების გამკაცრებასა და სხვა ორენტაციაზე აიღებს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს ჩვენს სიტუაციაზე. მაშინ, ალბათ, დიალოგი შესაძლებელი გახდება.