Bloomberg–ის ინფორმაცია
ოთხშაბათს ევროპულმა საფონდო ინდექსებმა ვაჭრობა მნიშვნელოვანი ვარდნით დაასრულა.
მართალია, სამმა სარეიტინგო სააგენტომ საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგი ААА დონეზე დაადასტურა, თუმცა მისი შემცირების შიში მას შემდეგ გაძლიერდა, რაც გასულ კვირას, სააგენტო Standard & Poor's -მა აშშ-ის რეიტინგი ჩამოაქვეითა.
ამ ფონზე Societe Generale-ის საბაზრო ღირებულება 15%-ით შემცირდა. ბროკერები ბანკის შესაძლო გაკოტრებაზე ალაპარაკდნენ, მაგრამ Societe Generale ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს. პრესა წერს, რომ ბანკის ბედით შეშფოთებულმა პრეზიდენტმა სარკოზიმ შვებულება შეწყვიტა და სასწრაფოდ პარიზში დაბრუნდა, რათა ბანკის წარმომადგენლებს შეხვდეს.
საფრანგეთმა, რომელიც ევროზონის პრობლემური ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი დონორია, შესაძლოა ვეღარ გაუძლოს და მისი კრიზისი ამერიკული სცენარის მიხედვით განვითარდეს.
მიუხედავად სარეიტინგო სააგენტოების განცხადებისა, რომ საფრანგეთი "ААА" -დონეზე იმყოფება და „სტაბილური პროგნოზით“ ვითარდება, ფრანგული ბანკების აქციების 10-20%-ით დაეცა, რის მთავარ მიზეზადაც ანალიტიკოსები საფრანგეთის მიერ ევროზონის პრობლემური ქვეყნებისთვის, (საბერძნეთი, ირლანდია და პორტუგალია) დახმარების გაწევის შედეგად მიღებულ ზარალს ასახელებენ.
შეშფოთებული ინვესტორების დასამშვიდებლად, სააგენტოებმა S&P–მა, Moody's–მა და Fitch -მა განაცხადეს, რომ საფრანგეთის რეიტინგის დაქვეითებას არ აპირებენ, მაგრამ ფრანგული ბანკების კოტირებებს ამან მაინც ვერ უშველა და ვაჭრობის დასრულებისთვის მათი აქციების 9-14%-იანი კლება დაფიქსირდა.