[რეზონანსი, გიორგი ფუტკარაძე]
„მიუხედავად იმისა, რომ სერგეი შამბას რუსეთის მიმართ რადიკალური გამონათქვამები ჰქონდა, მან თავისი საარჩევნო პროგრამით აჩვენა, რომ იმ კურსს, რომელიც ბაღაფშს ჰქონდა, არ შეცვლის. ვფიქრობ რომ გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი სწორედ მას აქვს“ - აცხადებს „ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი, აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი ლევან კიკნაძე.
„რეზონანსი“ მას დეფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნების შესახებ ესაუბრა.
როგორც ცნობილია აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში აგვისტოს ბოლოს არჩევნებია დაგეგმილი, როგორ ფიქრობთ რომელ კანდიდატს აქვს გამარჯვების შანსი?
– პრაქტიკულად ორი კანდიდატი იკვეთება, რომელთაც გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვთ - სერგეი შამბა და ალექსანდრე ანქვაბი. როგორც ცნობილია, ანქვაბს ამცახარამ დაუჭირა მხარი, მაგრამ შამბას შანსები, ვფიქრობ, უფრო მეტია. მიუხედავად იმისა, რომ სერგეი შამბას რუსეთის მიმართ რადიკალური გამონათქვამები ჰქონდა, მან თავისი საარჩევნო პროგრამით აჩვენა, რომ იმ კურსს, რომელიც ბაღაფშს ჰქონდა, არ შეცვლის. რადგანაც ეს ასეა, რუსეთი მხარს დაუჭერს ისეთ ლიდერს, რომელიც აწყობს. საერთოდ კი, ვინც არ უნდა იყოს ე.წ. პრეზიდენტად არჩეული, ის მაინც იმ პოლიტიკას გაატარებს, რაც რუსეთს აწყობს.
დღევამდელი გადმოსახედიდან რამდენად მოსალოდნელია მეორე ტურის დანიშვნა?
– არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ანქვაბის მხარდამჭერი ძალები საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებიან, ისევე როგორც შამბას მხარდამჭერი ძალები. თუმცა, მეორე ტური თუ დაინიშნა, გამარჯვებულის გამოვლენა იმაზე იქნება დამოკიდებული მესამე კანდიდატი ვის დაუჭერს მხარს. ეს მესამე კი ხაჯინბა იქნება, რადგან შამბასა და ანქვაბის შემდეგ ყველაზე დიდი რეიტინგით ის სარგებლობს.
ვის დაუჭერენ მხარს აფხაზეთში მცხოვრები სომხები და ქართველები?
– ამ არჩევნებში აუცილებლად გასათვალიწინებელი იქნებოდა იმ ქართველების ხმები, რომლებმაც პრაქტიკულად ბაღაფშის ბედი გადაწყვიტეს, მაგრამ რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გალის მაცხოვრებელთა ხმის რაოდენობა მინიმუმამდე დაეყვანა. ეს ყველაფერი ხელოვნურად გაკეთდა, რომ გალელების ხმებმა გადამწყვეტი როლი არ ითამაშოს ამ პროცესში - ვგულისხმობ პასპორტიზაციის პროცესს. ასე რომ, დღეს გალის მოსახლეობის ხმები გადამწყვეტი ვერ იქნება, რადგან მნიშვნელოვანი ნაწილი მონაწილეობას ვერ მიიღებს ამ არჩევნებში.
რაც შეეხება აფხაზეთში მცხოვრებ სომხებს, ვის დაუჭერენ მხარს?
– შეიძლება გაიყოს ხმები, თუმცა მგონია, რომ უფრო მეტად შამბასკენ გადაიხრება. ორივე კანდიდატი, ყველაზე მთავარ პრეტენდენტებზე ვლაპარაკობ, სახელისუფლებო წარმომადგენლები არიან. შეიძლება ხმები გაიყოს, მაგრამ ჩემი გადასახედიდან რთულია იმის თქმა, ვინ გაიმარჯვებს. თუმცა, მაინც მგონია, რომ შამბას შანსები უფრო მაღალია.
შამბა წაგების შემთხვევაში რევოლუციით იმუქრება. 2004 წლის მოვლენები ხომ არ განმეორდება?
– არა მგონია, რომ ის მოვლენები განმეორდეს, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად რუსეთი ამ არჩევნებში არ ჩაერთო და თავის ნებაზე მიუშვა პროცესები. შესაძლოა გადამწყვეტ მომენტში რუსეთმა თავისი სიტყვა თქვას, ამიტომაც არ არის მოსალოდნელი 2004 წლის მოვლენების განმეორება.
შამბას განცხადებები რამდენად იმოქმედებს მის რეიტინგზე?
– საქმე იმაშია, რომ შამბა ჩამოყალიბებული პოლიტიკოსია და იცის რა დროს რა თქვას, რაც მთავარია როგორ თქვას. თუმცა, მის პროგრამას რომ გადახედოთ, არაფერი კონკრეტული არ არის ნათქვამი. მიუხედავად მისა, რომ ის სოციალურ სფეროსაც ეხება, განათლებასაც და ა.შ. ყველაფერი ეს დემაგოგიის კლასიკური ნიმუშია. შამბამ იცის, რომ ამით ის ელექტორატს ასიამოვნებს და ისინიც მხარს დაუჭერენ.
რუსეთთან ურთიერთობაში, არჩევნების დამთავრების შემდეგ, რაიმე ხომ არ გადაიხედება?
– არა, რუსეთთან მიმართებაში ჩვენ არანაირ ძვრებს არ უნდა ველოდეთ. დღეს ვინც არ უნდა მოვიდეს დე ფაქტო პრეზიდენტად, რუსეთს გვერდს ვერ აუვლის. აფხაზეთში სიტუაცია მომზადებული არ არის, რომ რაიმე შეიცვალოს რუსეთთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხვდება, რუსეთი კოლონიალურ პოლიტიკას ატარებს, იმასაც ხვდებიან, რომ სხვა გზა არ აქვთ, უფრო სწორად სხვა გზის დანახვა არ უნდათ. შეჩვეული ჭირის მეთოდით მოქმედებენ.
შესაბამისად საქართველოსთან მიმართებაშიც არაფერი შეიცველება...
– არა, მე არანაირ ცვლილებას არ ველი.