მედვედევის ვერბალური თავდასხმები

მედვედევის ვერბალური თავდასხმები

[Foreignpress დანიელ ვეხლინი]

ომის წლისთავის მოახლოებასთან ერთად მედვედევის რიტორიკა გამწვავდა

2008 წლის აგვისტოს ომი კვლავ ართულებს რუსულ-ქართულ ურთიერთობას. მუდმივად წარმოიქმნება ახალ-ახალი დავა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ, სადაც უახლოეს მომავალში საპრეზიდენტო არჩვენები იგეგმება.

მოსკოვმა, 8 აგვისტოს დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომის მესამე წლისთავის მოახლოებასთან ერთად ხელახლა გაამწვავა რიტორიკა მოსკოვის და თბილისის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებში. ორივე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ, საუბრობენ აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებაზე და 2008 წლის ხუთდღიანი კონფლიქტის დაწყების ინტერპრეტირებისას, უპირატესობას მხოლოდ საკუთარ ვერსიას ანიჭებენ. ბოლო ვერბალური თავდასხმების ავტორი რუსეთის პრეზიდენტი გახდა.

ინტერვიუში, რომელიც ქართულ ტელეკომპანია PIK-ს, რუსულ „Russia Today“-ს და რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ მისცა, დიმიტრი მედვედევმა მომხდარ „ტრაგედიაში“ საქართველოს პრეზიდენტი დაადანაშაულა; მან სააკაშვილს მთავარი დაბრკოლება უწოდა მეზობლებს შორის რთული ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე. მედვედევმა სააკაშვილი დაახასიათა როგორც ადამიანი, რომელსაც ის ხელს არასდროს ჩამოართმევს. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი მისი მადლიერი უნდა იყოს იმით, რომ 2008 წელს რუსეთის არმია თბილისში არ შევიდა, რადგან ასეთ შემთხვევაში საქართველოს დღეს სხვა პრეზიდენტი ეყოლებოდა. დაახლოებით ერთსაათიან ინტერვიუში, მედვედევმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის მოვლენების სისხლის-სამართლებრივი გამოძიების იდეას. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის აზრით, ასეთი მოთხოვნა დღევანდელ დღეს არარეალისტურია. ქართველმა ამომრჩევლებმა თავად უნდა გამოიტანონ დასკვნები წარსულის მოვლენებიდან.

ინტერვიუმ საქართველოს ხელისუფლება აღაშფოთა. პრეზიდენტ სააკსშილის პრესსამსახურმა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები გააკრიტიკა და მათ რევიზიონისტული და სახიფათო უწოდა. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს დიდწილად თბილისისგან გამოყოფილი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონები ართულებს. აგვისტოს ომის შემდეგ, ეს პროვინციები, რომლებიც საერთაშორისო სამართლით საქართველოს ეკუთვნის, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. საქართველო თავის მხრივ ამ რეგიონებს სეპარატისტულს და რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებს უწოდებს. თბილისი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს. ივლისის ბოლოს ამ პოზიციას მხარი ამერიკის სენატმაც დაუჭირა და საკუთარ რეზოლუციაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოიხსენია, როგორც „რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები“.

გასულ კვირაში, მსგავსი ხმამაღალი პოლიტიკური განცხადების ავტორი ვლადიმერ პუტინიც გახდა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა პროსამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან „ნაში“ შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი შეიძლება რუსეთის ფედერაციას შეუერთდეს, თუკი ოსეთის მოქალაქეები მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ, პრეზიდენტ მედვედევს ინტერვიუში ჰკითხეს, განიხილებოდა თუ არა ეს საკითხი კრემლში. მედვედევმა განაცხადა, რომ დღეს ის ამის წინაპირობებს ვერ ხედავს. თუმცა მისი აზრით, რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა მოხდება მომავალში.

დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებით, რუსეთში შემცირდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შესვლას. ამ ვარიანტს გამოკითხულთა მხოლოდ 25% და 23% უჭერს მხარს, მაშინ როდესაც ორი წლის წინ მაჩვენებლები დღევანდელს 10%-ით აჭარბებდა. უმრავლესობა ამ რეგონებს დამოუკიდებელ ერთეულებად აღიქვამს, როგორც რუსეთისგან, ასევე საქართველოსგან. მიუხედავად ამისა, მოსკოვი ცდილობს სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გავლენის განმტკიცებას. ამ სიტუაციას ვერ შეცვლის ვერც ის, რომ აგვისტოს ბოლოს აფხაზეთში, ხოლო ნოემბერში სამხრეთ ოსეთში არჩევნები იგეგემება. ახალ მთავრობებს გაცნობიერებული ექნებათ ის, თუ რამდენად დიდია რუსეთზე მათი პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულება.