ქართული დიპლომატიის მოკრძლებული ხიბლი – ერთხელ, იაპონიაში…

ქართული დიპლომატიის მოკრძლებული ხიბლი – ერთხელ, იაპონიაში…

 

“ეს მე ვარ, რუსეთის ელჩმა დამირეკა და მითხრა – აქეთ მოდი, იქით მოდიო. ის ცოტა ტაო ხომ არ არის?”, - არ გეგონოთ ეს სიტყვები ვინმეს გასაშარჟებლად მოვიფიქრეთ. ეს არის ოფიციალური წერილის შინაარსი, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო იაპონიაში საქართველოს ელჩისგან.

 

წერილის ავტორი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მიხეილ მაჭავარიანის ძმა გახლავთ. როგორც ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან შევიტყვეთ, დაახლოებით, 2-3 წლის წინ, ეს წერილი ხელიდან ხელში გადადიოდა და დიპლომატიური წრეების დაცინვის ობიექტი იყო, როგორც ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმის “უმაღლესი გამოვლინება”.

 

ნათესავ-მეგობრები დიპლომატიაში

ალბათ, უკვე მიხვდით, რომ პრესა.გე-ს ჟურნალისტური გამოძიება ქართველი დიპლომატების საქმიანობასა და მათ პროფესიონალიზმს შეეხება. შეიძლება გაჩნდეს კითხვა – რატომ დიპლომატები, იქ რაღა ხდება? წესით და კანონით, იმაზე მეტი რა უნდა მოხდეს, როცა 2008 წლის რუსეთთან ომისა და ბუშის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგ, ნაომარი საქართველო საერთაშორისო არენაზე მალევე გახდა მივიწყებული ქვეყანა.

 

ეს ხან სააკაშვილის ექსცენტრიულ საგარეო და არადემოკრატიულ საშინაო პოლიტიკას, ხანაც ობამას გაწონასწორებულ და მსოფლიოს გადამტვირთველ პოლიტიკურ კურსს, ხანაც რუსეთის ჭკვიანურ მოქმედებებს და უკრაინულ-ყირგიზულ შედეგებს ბრალდებოდა. ფაქტი კი ფაქტად რჩებოდა - საქართველოს პრეზიდენტს აღარ ჰქონდა სერიოზული დონის შეხვედრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველ იარაღად აღარ განიხილებოდა.

 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე: “როდესაც ქვეყანა ელჩებად ნიშნავს 25-26 და 27 წლის ახალგაზრდებს, რომელთაც არანაირი გამოცდილება დიპლომატიური მუშაობის არ აქვს. როცა ისინი ტექნიკურ თანამშრომლებად არიან ნამუშევარი ამა თუ იმ საელჩოში და როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში გყავს ადამიანები, რომელთა უმაღლესი განათლების დიპლომი იწვევს კითხვის ნიშანს, ზოგს კი დიპლომატიასთან არასდროს ჰქონია შეხება, ბუნებრივია, სერიოზულ დიპლომატიაზე ლაპარაკი ვერ იქნება.

 

ლატვიაში ჩვენი ელჩი ზონდერბრიგადის წევრი იყო და რომელიც უკრაინაში არჩევნებზე გააგზავნეს, თუ გინახავთ სადმე, არჩევნებზე დამკვირვებლად მოქმედი ელჩი ჩადიოდეს? კაცი გამოვიდა ტელევიზიით და თქვა, არჩევნებზე დამკვირვებლად ჩამოვედიო. მან ის ვერ გაიგო, რომ ელჩი ისეთი სტატუსია, რომელიც დამკვირვებლად სხვა ქვეყანაში არ ჩადის, დაპატიჟების გარეშე. რაზე მელაპარაკებით?

 

სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ის დიპლომატები, რომლებმაც გარკვეული გამოცდილება დააგროვეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, პრაქტიკულად, ერთი ხელის მოსმით მოისროლეს დიპლომატიური სამსახურიდან. სამაგიეროდ, დიპლომატიურ სამსახურში გაამწესეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, ან ამ მოძრაობასთან დაახლოებული ადამიანები. დღეს ჩვენი დიპლომატების აბსოლუტური უმრავლესობა, გვყავს არა ქვეყნის ელჩები, არამედ მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის” პირადი ელჩები”.

 

უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ სტატიის მეორე ნაწილს, სადაც ქვეყნის ყოფილი მეორე პირი ყვება, როგორ უთხრა ბელგიელმა მაღალჩინოსანმა ამ ქვეყანაში ჩვენ ელჩს: “შენ არ ხარ სააკაშვილის ელჩი, შენ ხარ შენი ქვეყნის ელჩი”.

 

ასევე შეიტყობთ, როგორ აშანტაჟებებნ “ნაციონალები” საქართველოში აკრედიტებულ უცხოეთის ელჩებს, გაიგებთ  რაში სჭირდება საქართველოს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და დიპკორპუსში კადრების არარსებობით გამოწვეული პრობლემების დროს ახალ-ახალი საელჩოების გახსნა, განსაკუთრებით – სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში. ეს მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიაში არ არის ნამყოფი ოფიციალური ვიზიტით, განსხვავებით - სხვა ქვეყნების ღამის კლუბებისგან...

 

ფული გაქვთ? გვაქვს, გვაქვს!

ახლა კი, იმის შესახებ, რა თანხები იხარჯება ქართულ დიპლომატიაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენახვაზე 2010 წლის ბიუჯეტში 52 მილიონ 482 ათასი ლარია გამოყოფილი. ამჟამად, საქართველოს საზღვარგარეთ სულ 52 მოქმედი დიპლომატიური დაწესებულება აქვს, 302 თანამშრომელი მუშაობს და მათ ბალანზე 293 ავტომანქანა ირიცხება.

 

იგეგმება კიდევ 10-მდე წარმომადგენლობის გახსნა, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებში. ამისთვის 2 მილიონ 261 ათას 954 ლარია გამოყოფილი საქართველოს ბიუჯეტიდან.

 

მართალია, მაჭავარიანი იაპონიაში ელჩი აღარ არის და, ჩვენი ინფორმაციით, ამ წერილის შემდეგ მალე დაატოვებინეს ელჩის თანამდებობა, მაგრამ იაპონიაში ჩვენი საელჩოსთვის წელს გამოყოფილი თანხებით, მაინც შეიძლება მსჯელობა იმაზე, რა ფუფუნებაში ცხოვრობდა თავის დროზე იაპონიაში ვიცე-სპიკერის ძმა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, 1 მილიონ 22 ათას 10 ლარით ფინანსდება საქართველოს საელჩო იაპონიაში. საელჩოს ქირაში სახელმწიფო თვეში 8 228 აშშ დოლარს იხდის. ამ დიპლომატიური წარმომადგენლობის ბალანსზე სამი მანქანა ირიცხება და 4 თანამშრომელი ჰყავს.

 

მაგალითისთვის მოგიყვანთ იმ საელჩოს მონაცემებსაც, სადაც მეორე დეპუტატის – განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გოკა გაბაშვილის მამა – კოტე გაბაშვილი ამჟამადაც მუშაობს. ცნობილი ელჩი, გაბაშვილი ერთნაირი წარმატებით ემსახურებოდა ელჩად ჯერ ედუარდ შევარდნაძეს გერმანიაში, ხოლო ახლა, სააკაშვილს - იტალიაში, მალტასა და სან-მარინოში. იატალიაში, მალტასა და სანმარინოში, ასევე ქ. რომში გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობას 1 201 588–ლარიანი ბიუჯეტი აქვს.

 

ყოველთვიურად იტალიაში საელჩოს შენობის ქირა საქართველოს 5 ათას 428 ევრო უჯდება. იქ 5 თანამშრომელი მუშაობს. გარდა ამისა, წარმომადგენლობას ემსახურება 8 ავტომანქანა, აქედან 4 ტექნიკურად გამართულია, 4 კი - შესაკეთებელი.

 

21 ათას დოლარს ვიხდით პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრის, ბათუ ქუთელიას საელჩოს ქირაში. ამერიკაში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს ელჩისა და მისი დაწესებულების ეფექტური მუშაობისთვის ყველაზე მაღალი თანხა - 2 მილიონ 244 ათას 707 ლარია გამოყოფილი. საელჩოს ბალანსზეა 14 ავტომანქანა, საიდანაც 7 ჩამოწერას საჭიროებს, ერთი შესაკეთებელია. საელჩოში 14 ადამიანი მუშაობს.

 

საქართველოს პრეზიდენტს კი ობამა მხოლოდ ხელს ართმევს ბირთვულ სამიტზე მაშინ, როცა ქუთელია გვიცხადებს, ამერიკელები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან და მათთან მუშაობა ადვილიაო.

 

ბათუ ქუთელია: “ელჩის მდგომარეობა, არ ვიცი, ვინ რას საუბრობს, მაგრამ ნამდვილად არ არის რთული, ელჩის საქმიანობა საერთოდ რთულია, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე საპატიო საქმეა. ხელფასებზე საწუწუნოდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს.

 

21 ათასი დოლარის გადახდა საელჩოს ქირაში არ არის დიდი თანხა?

- აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ქვეყანა, რომელმაც 1 მილიარდი დახმარება გაუწია საქართველოს. მე მგონი, ეს საკმაოდ დიდი თანხაა”.

 

ნინო ბურჯანაძე: “იქ, სადაც ძლიერი და მყარი პოზიციები უნდა გვქონდეს, ჩვენი პოზიციები ძალიან სუსტია. შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ აშშ-ში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, სადაც პრაქტიკულად ნახევარი მსოფლიოს წარმომადგენლები იყვნენ და ლამის მთელი დიპკორპუსი იყო მიწვეული და სადაც საქართველოს საკითხიც იხილებოდა, ჩვენი ელჩი ამერიკაში არც კი მივიდა ამ შეკრებაზე. არ ვიცი, ალბათ, უფრო სერიოზული შეხვედრა ჰქონდა”.

 

ამერიკაც, იაპონიაც და იტალიაც ისეთი ქვეყნებია, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას თავისი სათაო ოფისები აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში მომსახურე ელჩები, კოლეგებისგან განსხვავებით, უფრო მაღალ ანაზღაურებას იღებენ. ექსპერტების თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც გაეროს ოფისებია, დიპლომატთა საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინების ხარჯები გაეროს მაღალი კოეფიციენტებით გამოითვლება და რამდენიმე ათას ევროსა, თუ აშშ დოლარს უდრის.

 

როგორც ჩვენი ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებს, დღემდე გრძელდება ფინანსური რესურსებისა და საელჩოების მორგება თანამდებობის პირებისთვის, ანუ – აშშ-ში, იაპონიასა და იტალიაში გამწესება “უპატრონო ელჩების” საქმე არ არის. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, სავარაუდოდ, ესა თუ ის კადრი ელჩად იმიტომ ინიშნება, რომელიმე მძიმეწონიანი “ნაციონალის” ახლო ნათესავი რომაა, ფაქტია, “ვარდების მთავრობაც” შევარდნაძის ხელისუფლების გზას აგრძელებს - პრესტიჟულ ქვეყნებში ელჩებად ნათესავ-მეგობრები ინიშნებიან და არავინ კითხულობს, არიან თუ არა ისინი პროფესიონალი დიპლომატები..

 

რას ნიშნავსტაო”?

დღეს, ელჩი მაჭავარიანის წერილის მოპოვება ვერ შევძელით, თუმცა, ცოტაოდენი მცდელობის შემდეგ, ოფიციალური თანამდებობის პირისგან მივიღეთ დადასტურება, რომ მას ამ წერილის შესახებ მართლაც სმენია. პრესა.გე დიდი სიამოვნებით დაუთმობს ადგილს ამ წერილის გამომგზავნს, ყოფილ ელჩს იაპონიაში, რათა, სხვას რომ ყველაფერს დავანებოთ თავი, შევიტყოთ, რას ნიშნავს სიტყვა - “ტაო”.

 

სხვათა შორის, როცა წერილის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ იტალიაში საქართვერლოს ელჩს, კოტე გაბაშვილს, ის საკმაოდ შეცბუნდა.

 

მინდა ერთი ისტორია გავიხსენო და დამიდასტუროთ, თუ გაქვთ ეს წერილი წაკითხული, რომელიც იაპონიის ელჩმა

– არა, მე არ ვიცი.

 

აბა, რა იცით, რას ვამბობ?

– იაპონიის საელჩოზე არაფერი ვიცი..

 

სამინისტროში გამოიგზავნა ეს წერილი

– არა, მე არაფერი ვიცი. არ მაქვს წაკითხული, სამინისტროში არ მიმუშავია.

 

მიხეილ მაჭავარიანის ძმაზე ვამბობ

– მე არ მიმუშავია სამინისტროში და არ ვიცი...

 

ფაქტია, ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ სისტემაში ნამუშევარმა და თანაც ისეთი “წონის” - ჯერ შევარდნაძის, შემდეგ კი “ნაციონალების” დიპლომატმა, როგორიც გაბაშვილია, ამ წერილის შესახებ არაფერი იცოდეს. სამაგიეროდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნინო კალანდაძეს გაეღიმა, როცა ელჩი მაჭავარიანის ოფიციალურ წერილზე კომენტარი ვთხოვეთ.

 

მაქვს ინფორმაცია, როცა იაპონიის ელჩი იყო მიხეილ მაჭავარიანის ძმა, გამოგზავნა წერილი სამინისტროში და რუსეთის ელჩზე წერდა - ეს ტაო ხომ არ არისო..

– მე ამ დროისთვის სამინისტროში არ ვიმყოფებოდი. მსმენია ამის თაობაზე, თუმცა, პირადად არ მინახავს.

 

რამდენად პროფესიონალი დიპკორპუსი ჰყავს საქართველოს?

– ახლა კონსტიტუცია იცვლება და ცოტა სხვა ფორმით იქნება ელჩების შესახებ ჩამოყალიბებული კანონმდებლობა. თუმცა, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ელჩი არის სუფთა წყლის პოლიტიკური წარმომადგენელი, რომელიც ახლა, ქვეყნის განვითარების პირობებში, ახალი ფუნქციებით აღიჭურვა. მას, როგორც ასეთი, უფრო მეტად პოლიტიკური ბეგრაუნდი მოეთხოვებოდა, ვიდრე სუფთა დიპლომატიური.

 

ანუ, მეთანხმებით, რომ დიპლომატების არაპროფესიონალიზმის პრობლემა ქვეყანას სერიოზულად აქვს?

– ეს პრობლემა ყველაგან არსებობს. რომ გითხრათ, ჩვენ რა სახის საერთაშორისო დიპლომატებს შევხვედრივათ, არ დაიჯერებთ, რომ ჩვენ არ ვართ ყველაზე უარეს მდგომარეობაში. დიახ, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებშიც, მათ შორის, ჰარვარდის დიპლომებითაც. ისეთი შეცდომები მოსვლიათ, თქვენ არ მოგივათ, არამცთუ გამოცდილ დიპლომატს. მაგრამ, რა თქმა უნდა, განათლება მნიშვნელოვანია. დიპაკადემიაზე სამუშაოა. ამისთვის ჩვენ თანხებიც გვაქვს მოძიებული. ამავდროულად, არის ესტონური და გერმანული პროექტი, მათ აქვთ ძალიან კარგი დიპაკადემია, ყველა ქვეყანას არ აქვს. ისინი გვთავაზობენ ძალიან საინტერესო პროექტს.

 

გამარჯვებული ხალხის დიპლომატია..

ომიდან თითქმის, წელიწადნახევრიანი დუმილის შემდეგ, სააკაშვილი, როგორც იქნა საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის შეხვდა. თუმცა, საფრანგეთის მხარეს თავი ვალდებულად არ ჩაუთვლია, ჟურნალისტების წინაშე ორივე პრეზიდენტის ერთობლივი გამოსვლის ორგანიზება მოეხდინა. არადა, როგორც წესი, სერიოზული დონის საპრეზიდენტო შეხვედრები, არათუ ბრიფინგებით, არამედ მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერითაც სრულდება ხოლმე.

 

ამავდროულად, ობამას ამერიკამ საქართველოსკენ თითქოს–და ისევ გამოიხედა, რადგან ობამას ადმინისტრაციაში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მისამართით პირველად იხმარეს სიტყვა “ოკუპაცია”. წინა კვირაში კი, გაეროში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია 52 ხმით მიიღეს, რაც ქართული დიპლომატიის გამარჯვებად ჩაითვალა. შარშან საქართველოს შესახებ რეზოლუცია გაერომ 50 ხმით მიიღო და წელს დამატებით ორი ხმის მოპოვება სააკაშვილის ხელისუფლების დიპლომატიური პიარის საფუძველი გახდა. თანაც, ამ რეზოლუციას, რომელიც დევნილების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნებას ეხებოდა, ხმა არ მისცა სომხეთმა.

 

აქ უკვე ისმის კითხვა: რას აკეთებენ ქართველი ელჩები, რომელთა პროფესიონალიზმით ძალიან ამაყობს საქართველოს ელჩი იტალიაში კოტე გაბაშვილი?

 

იტალია არის ქვეყანა, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ პარტნიორად განიხილება, არ გიძნელდებათ იქ მუშაობა და საქართველოს ინეტერესების გატარება?

გაბაშვილი: “არავითარი რუსეთის პარტნიორად იტალია არ განიხილება. იტალია ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. რუსეთის პარტნიორია დსთ-ს ქვეყნები, აზიური გაერთიანება. კარგი ურთიერთობა შეიძლება აქვთ გარკვეულ პოლიტიკურ მოღვაწეებს იტალიაში ან რუსეთში, მაგრამ… არა, ნატოში ჩვენი გაწევრიანების დროს, ბულგარეთის სამიტზე, იტალიას პოზიცია არ გამოუთქვამს. მე ვიყავი იქ.

 

ყველა მნიშვნელოვან სიტუაციაში, როცა ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოს, იტალია უჭერს მხარს საქართველოს. მაგალითად, გაეროს გადაწყვეტილებას იტალიამ მხარი დაუჭირა, საქართველოს სასარგებლო რეზოლუცია როცა მიიღეს. სომხეთი არ ვიცი, იმას ჰკითხეთ, ვისაც ეხება.

 

ბევრი ექსპერტი აცხადებს, რომ ახალი თაობის დიპლომატები არ არიან მაღალი დონის პროფესიონალები

– არ არის სწორი, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი, ახალგაზრდა ელჩები. პირიქით, უკვე გამოვლილი გარკვეული ტაქტიკით, მათ იციან ბევრი რამ სისტემაში. ძალიან კარგი კვალიფიციური, ენერგიული ელჩები გვყავს. მე მაპატიეთ, მაგრამ უფრო მეტ ეჭვს სიტყვა “ექსპერტის” მიმართ გამვუთქვამდი, ვიდრე – ელჩების”…

 

პრესა.გე-ს ერთ-ერთი ექსპერტი, რომლის ღიად დასახელებაც შეგვიძლია, ნინო ბურჯანაძეა. ფაქტია, ბურჯანაძეს საგარეო პოლიტიკაში საქმიანობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. სხვათა შორის, ნინო ბურჯანაძეს უფრო ადრე ეკავა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, ვიდრე “ნაცების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ კომიტეტის თავმჯდომარედ გაბაშვილს გაამწესებდნენ.

 

გარდა ამისა, გაბაშვილს ფიზიკურად ვერ ექნებოდა იმდენ უცხოელ დიპლომატთან შეხვედრა, ვიდრე ეს შეიძლებოდა ჰქონოდა ქვეყნის მეორე პირს – ნინო ბურჯანაძეს. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ მას ორჯერ ეკავა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა. შესაბამისად, სამუშაო გამოცდილებას თუ გადავხედავთ, ექსპერტის ცოდნა და გამოცდილება, წესით, ელჩზე მეტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ყოფილ პირველ პირს უფრო უნდა ჰქონდეს.

 

ნინო ბურჯანაძე: “რომელ გამარჯვებაზე მელაპარაკებით? ასეთი რეზოლუციები არაერთი აქვს გაეროს მიღებული. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ვიდრე ქვეყნის ხელისუფლებაში სააკაშვილი და მისი გარემოცვა იქნება, გაეროს არცერთი რეზოლუცია და არც სხვა  საერთაშორისო ორგანიზაციის არცერთი გადაწყვეტილება არ შესრულდება. ყველა ამ დოკუმენტის შესრულებას, მინიმუმ, თუ კეთილი ნება არა, რუსეთის ნეიტრალური პოზიცია მაინც სჭირდება. ამიტომ, თავს ნუ ვიტყუებთ.

 

იცით რა… შეიძლება ის ადამიანი, რომელიც, დავუშვათ, რაიონში ცხოვრობს, ან თბილისში, არ არის დიპლომატი და არ ევალება იცოდეს, რა წესით მიიღება გაეროს რეზოლუციები; შეიძლება ეს ადამიანი მოტყუვდეს და ჩათვალოს, აი, 50-ის ნაცვლად 52 ხმა მივიღეთ და გაიმარჯვა ჩვენმა დიპლომატიამო. უკაცრავად, მაგრამ რამდენი წევრია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში?

 

გაეროში 200-მდე წევრი-სახელმწიფოა. დაახლოებით 200 სახელმწიფოდან, 50 რომ გიჭერს მხარს და დანარჩენი – არა, ეს რანაირი დიპლომატიის გამარჯვებაა? შარშანდელის შემდეგ 2 სახელმწიფო რომ მოგემატა, მათ შორის ინდოეთი, რომელსაც თვითონ აქვს სეპარატიზმის პრობლემა, ეს რა გამარჯვებაა? ისევე, როგორც ნამდვილად არ იყო ქართული დიპლომატიის გამარჯვება, როდესაც შარშან, ჰააგაში საქართველოს სარჩელის მიღების საკითხი გადაწყდა ერთი ხმით. ერთი ხმით როცა რაღაცას იგებ, ეს არ არის შენი დიპლომატიის გამარჯვება. ეს არის შენი დიპლომატიის კრახი.

 

გამახსენეთ, ბოლო სამი წლის განმავლობაში, თუნდაც ერთი სერიოზული დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილი იქნა ჩვენს პრეზიდენტსა და რომელიმე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურს შორის?”…