სამი წელი ომის შემდეგ, საქართველო გრძელვადიან პერსპექტივას განიხილავს

სამი წელი ომის შემდეგ, საქართველო გრძელვადიან პერსპექტივას განიხილავს

[Radioliberty რობერტ კოალსონი]

რუსეთს და საქართველოს შორის ომი სამი წლის წინ დასრულდა და ამ ორი ქვეყნის პოლიტიკური ურთიერთობანი კვლავ ჩიხშია.

რეალური მოლაპარაკებების არარსებობის პირობებში და სიტუაციაში, როდესაც ორივე მხარე ინარჩუნებს შეურიგებელ პოზიციას (მოსკოვმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, ხოლო თბილისი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ისინი საქართველოს განუყოფელი ნაწილია) ცვლილების პერსპექტივა სუსტია.

წლისთავის წინ, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი სპეკულირებდა, რომ სამხრეთ ოსეთი შესაძლოა რუსეთს მიუერთდეს. 5 აგვისტოს ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რამდენადმე ნაკლებად პირდაპირი იყო, მაგრამ ასეთი შესაძლებლობისთვის კარი მაინც ღია დატოვა.

”ამჟამად ამისთვის კანონიერი წინაპირობა არ არსებობს, მაგრამ რას მოიტანს მომავალი, ვერ ვიტყვით,” განაცხადა მედვედევმა. ”სიტუაცია შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით განვითარდეს. დღევანდელ ვითარებაში, მე ვფიქრობ, რომ ამისთვის არც კანონიერი და არც ფაქტობრივი წინაპირობები არ არსებობს.”

იმ სამდღიანი ომის შემდეგ, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო, რუსეთმა განამტკიცა კონტროლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. ევროკავშირის იმ საზავო შეთანხმების დარღვევით, რომელსაც ომის დასრულებისას მოსკოვმა მოწერა ხელი, რუსეთმა ამ ტერიტორიებზე ათასობით სამხედრო შეიყვანა, ყიდულობს იქ საკუთრებას და საკვანძო ბიზნესებს. ახლახანს, მედვედევმა ხელი მოაწერა დუმას მიერ მიღებულ კანონს ორივე სეპარატისტულ რეგიონთან საბაჟო კავშირის შექმნის შესახებ.

მაგრამ პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები კონფლიქტის დამსახურებად მიიჩნევენ იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური ატმოსფერო გამოფხიზლდა, გაქრა სახიფათო ილუზიები და ისეთი გრძელვადიანი მიდგომის შემუშავების შესაძლებლობა შეიქმნა, რომელიც იმედის ნაპერწკალს მაინც გააჩენს.

”სწრაფი გადაწყვეტა არ არასებობს”

გიგა ზედანია, თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ რუსეთის მიზანი კონფლიქტში მარტოოდენ ორი სეპარატისტული რეგიონი არ ყოფილა. მას უფრო დიდი მიზანი ჰქონდა – ჩაეშალა საქართველოს დასავლურ, დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბების ძალისხმევა.

”რუსეთის მიზანი იყო მთლიანად ჩაეშალა ქართული პროექტი, მე საქართველოს ამჟამინდელ პროექტს ვგულისხმობ, ქვეყნის მოდერნიზაციას,” ამბობს ზედანია. ”2003 წლის შემდეგ დაიწყო პროექტი, რომლის მიზანი საქართველოს თანამედროვე, ფუნქციონალურ ქვეყნად გადაქცევა იყო და რუსეთს მისი ჩაშლა უნდოდა.”

ის ამბობს, რომ ეს მიზანი მიღწეულ ვერ იქნა. ის ამტკიცებს, რომ ომმა ფაქტობრივად დაასრულა სახიფათო დისკუსიები საქართველოს შიგნით. ეს დისკუსიები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მყისიერი და სამუდამო გადაწყვეტის გარშემო მიმდინარეობდა.

”ნებისმიერმა, მეტ-ნაკლები პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურმა მოთამაშემ იცის, რომ არ არსებობს პრობლემის მყისიერი გადაწყვეტა და მათ არ შეუძლიათ დაპირდნენ ამომრჩეველს, რომ პრობლემა მალე შეიძლება გადაწყდეს,” ამბობს ზედანია.

ასევე, ომმა და საერთაშორისო საზოგადოების რეაქციამ კონფლიქტზე გააუქმა საქართველოს არარეალისტური მოლოდინები დასავლეთში სწრაფ ინტეგრაციაზე, კერძოდ ის იდეა, რომ საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანება გარანტირებული და გარდაუვალია.

ზედანია ამბობს, რომ ახლა პოლიტიკური ელიტა საქართველოში ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ისე განიხილავს, როგორც გრძელვადიან პროცესს, რომელიც დიდწილად საქართველოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

ირაკლი ალასანია, რომელიც გაეროში საქართველოს ელჩი იყო 2008 წლის ომის დროს და ახლა საქართველოს ოპოზიციურ პარტიას „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ უდგას სათავეში, ამ მოსაზრებას ეთანხმება.

”ინტეგრაციის პროცესს ამ პოზიციიდან უფრო რეალისტურად განვიხილავთ,” ამბობს ალასანია, ”და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი სასამართლო სისტემისა და საკანონმდებლო რეფორმების დარგში, ჩასატარებელია ეკონომიკური რეფორმები და ეს ჩვენ ევროპის კავშირთან უფრო დაგვაახლოვებს.”

რეკომენდებული მოთმინება

ბათუ ქუთელია, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, „რადიო თავისუფლებას” ეუბნება, რომ საქართველო ახლა ისეთ საკითხებზეა ფოკუსირებული, რომელთა გადაწყვეტაც თავად შეუძლია. მისი თქმით, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია და სხვა სახის რეფორმები და არ უნდა მისცეს საკუთარ თავს იმის უფლება, რომ ”მტერმა პროვოკაციებზე” მისი გადართვა მოახერხოს.

ეს გრძელვადიანი მიდგომა იმეორებს აშშ-ს ქართულ პოლიტიკას, რომელსაც ”სტრატეგიული მოთმინება” ეწოდება.

”ოფიციალური ამერიკული პოზიცია, ეს აშკარად უცნაური ”სტრატეგიული მოთმინებაა”, რომელიც იმ იდეას ეყრდნობა, რომლის თანახმადაც საქართველო აბსოლუტური დემოკრატიისკენ მიდის და აფხაზეთს უბრალოდ მოუნდება საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება,” ამბობს ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის, საქართველოს ექსპერტი. ის ამ კონცეფციისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი. ”ეს იდეა ძირითადად ფანტაზიასა და პროპაგანდის ნაირსახეობას წარმოადგენს. მაგრამ თუ მას სარწმუნოდ მივიღებთ, საქართველოს სულ ცოტა 10- 20 წელი აშორებს ამ ვითარებას”.

მიუხედავად მიტჩელის სკეპტიციზმისა, პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები საქართველოში მსგავს ხედვას ეთანხმებიან. ალასანიას, მაგალითად, მტკიცედ სჯერა, რომ მხოლოდ ასეთ გრძელვადიან ხედვას შეუძლია სადავო ტერიტორიებთან კონფლიქტის გადაწყვეტა და რუსეთთან ურთიერთობების შერბილება.

”ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საქართველომ უნდა გაიაზროს სამი წლისწინანდელი მოვლენებიდან, რათა წინ გაიხედოს და წინ წავიდეს, ისაა, რომ ავაღორძინოთ საკუთარი თავი, ავაღორძინოთ ჩვენი ეკონომიკა, ხელი შევუწყოთ ინსტიტუციური და პლურალისტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას და აფხაზებს ჩვენთან საუბარის სურვილი გავუჩინოთ”, ამბობს ალასანია. ”რადგან ჩვენ აფხაზებსა და ოსებს ახლა უკეთ უნდა გავუგოთ – ისინი შეიცვალნენ 10 წლის განმვალობაში, ჩვენც შევიცვალეთ 10 წლის განმავლობაში. აფხაზები და ოსები აღარ იქნებიან ისეთნი, როგორებიც 25 წლის წინათ იყვნენ. ამიტომ ჩვენ მათ სხვა რაკურსით უნდა შევხედოთ.”

საარჩევნო ყუთი

მოკლევადიან პერსპექტივაში, ალასანიას თქმით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ 2012 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და კონკურენტული უყოს. ამ არჩევნებისგან ელიან, რომ ის უფრო პლურალისტურ პარლამენტს ჩამოაყალიბებს და პოლიტიკურ დებატებს ქუჩიდან პარლამენტში გადაიტანს.

ის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს. თბილისში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, შეიძლება სცადოს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება. ამ თანამდებობას ახლახანს გაეზარდა უფლებამოსილებანი.

ალასანია ამბობს, რომ მსგავსი ნაბიჯი, რომელიც პარადოქსულად იმეორებს სააკაშვილის მოსისხლე მტრის პუტინის მიერ 2008 წელს გადადგმულ ნაბიჯს, დამღუპველი იქნება საქართველოს დემოკრატიის შემდგომი განვითარებისათვის.

”ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ის, რომ სააკაშვილმა საკუთარი თავის პუტინიზაცია არ მოახდინოს, და ის, ოფისიდან წასვლის შემდეგ, არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის პირველ პრეცედენტს შექმნის საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში,” ამბობს ალასანია.

საქართველოში ცოტა თუ ელის ან იმედოვნებს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის გამო დავა რუსეთთან თვალსაწიერ მომავალში გადაწყდება.

როდესაც მომავალი რამდენიმე წლის პერსპექტივაში ამ კონფლიქტების განვითარების შესაძლო სცენარზე სვამ კითხვას, საქართველოს სტრატეგიულ და საერთაშორისო კველვების ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი ”კურსის შენარჩუნების” მანტრას იმეორებს.

”ყველაზე უარესი სცენარი თბილისში პრო-რუსული რეჟიმი და მთელს სამხრეთ კავკასიაზე რუსების კონტროლის გავრცელებაა,” ამბობს რონდელი. ”ხოლო საუკეთესო სცენარია, დავრჩეთ იქ, სადაც ვართ და განვვითარდეთ რუსეთის ჩარევის გარეშე.”

foreignpress.ge