civil.ge–ს მასალები
ტვირთების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის გაცვლა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ტვირთების გადაადგილების სტატისტიკური მონაცემები, რადგან ის საერთაშორისო მონიტორინგთან ერთად სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სადავო საზღვრებზე ვაჭრობის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე აცხადებს.
მისი თქმით, ეს ორი კომპონენტი იმ შემოთავაზების ნაწილია, რომელიც შუამავალმა მხარემ ივლისში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ წარმოადგინა.
შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი სექტემბრის შუა რიცხვებისთვისაა დაგეგმილი, თუმცა მანამდე, როგორც კაპანაძე აცხადებს, გაგრძელდება კონსულტაციები შუამავალთან საბაჟო ექსპერტების მონაწილეობით, სადაც ზოგიერთი „ტექნიკური საკითხი“ იქნება განხილული.
შეგახსენებთ: ქართულ და რუსულ საინფორმაციო საშუალებებთან 4 აგვისტოს ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მიაწოდოს საქართველოს ინფორმაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ტვირთების გადაადგილების შესახებ და რომ ეს საკითხი მან შვეიცარიის პრეზიდენტთან უკვე შეათანხმა და ასევე განიხილა პრეზიდენტ ობამასთან.
თუმცა კაპანაძის თქმით, არავითარი მსგავსი შეთანხმება არ არსებობს.
„შვეიცარულმა მხარემ ივლისის რაუნდის წინ შემოგვთავაზა დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო მონიტორების განლაგებას იმ სავაჭრო კორიდორებში და საბაჟო პუნქტებზე, რომელსაც განვიხილავთ რუსეთის ფედერაციასთან. შვეიცარული მხარის შემოთავაზება ასევე გულისხმობს ინფორმაციის გაცვლის საკმაოდ თანამედროვე სისტემის დანერგვას... ამ შემოთავაზების მეშვეობით შესაძლებელია განთიადი-ადლერის და როკი-ზემო ზარამაგის საკონტროლო გამშვები პუნქტების გავლით მიმდინარე ვაჭრობის კონტროლი. თუ რუსეთის ფედერაციისთვის ეს შემოთავაზება მისაღები იქნება, ის სერიოზულ ნაბიჯს გადადგამს ვმო-ში გაწევრიანებისკენ. თუ ეს შემოთავაზება მისთვის მიუღებელი იქნება, სამწუხაროდ მისთვის, მას მოუწევს ვმო-ში წევრობაზე უარის თქმა,“ – აცხადებს კაპანაძე.
კითხვაზე, რა დათმობებისთვისაა მზად ქართული მხარე, კაპანაძე პასუხობს: „არ არის მართებული იმაზე საუბარი, იქნება თუ არა რამე დათმობები ჩვენი მხრიდან, რადგან მოლაპარაკებების პროცესი გულისხმობს დათმობებს ორივე მხრიდან, ხოლო კომპრომისი ყოველთვის ორხმრივია. ბუნებრივია, არის საკითხები, სადაც დათმობები შესაძლებელია. ასევე არის საკითხები, რომლებიც პრინციპულია და რომელზეც დათმობებს ვერ გავაკეთებთ.“
კაპანაძის თქმით, ქართული მხარე უკვე წავიდა ერთ სერიოზულ დათმობაზე - არ ითხოვს საკუთარი მებაჟეების დაყენებას ფსოუზე და როკის გვირაბზე, რადგან ესმის, რომ ეს თემის პოლიტიზაცია იქნება. ახლა კი, კაპანაძის განცხადებით, ბურთი რუსეთის მოედანზეა, და თუ ის დაინტერესებულია ვმო-ში გაწევრიანებით, ის წავა შვეიცარიის შემოთავაზებაზე.
რაც შეეხება ემბარგოს საკითხს, კაპანაძის თქმით, ის საერთოდ არ განიხილება.
„პირველ რიგში, იმ კომპანიებმა, რომლებიც გამოდევნილი იქნენ რუსული ბაზრიდან, უკვე მოძებნეს გასაღების ახალი ბაზრები. ახლა რომ ისინი დაბრუნდნენ რუსულ ბაზარზე და რუსეთმა ისინი კვლავ გამოაგდოს, ეს მათთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის დამღუპველი იქნება. ამის ძალიან კარგი მაგალითია მოლდოვა, ალბათ არცერთმა რაციონალურმა ბიზნესმენმა არ უნდა გაიტანოს თავისი საექსპორტო პროდუქციის 10%-ზე მეტი რუსულ ბაზარზე,“ – აცხადებს კაპანაძე.
თუმცა, მისივე თქმით, თუ რუსეთი გაწევრიანდება ვმო-ში, მას მოუწევს ემბარგოს მოხსნა, რადგან შეუძლებელია ვმო-ის ერთ სახელმწიფოს ჰქონდეს ემბარგო მეორე სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკური მოსაზრებებით.