მას შემდეგ, რაც ებრაულ კომპანია „აშტრომ ინტერნეიშენალს“ ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე „სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის“ პროექტი დაატოვებინეს, იგივე კომპანიას დღეს უკვე „საქართველოს ბანკმა“ ქონება დაუყადაღა. ამას ადასტურებენ თავად კომპანიაშიც, თუმცა ღიად ამ თემაზე საუბრისგან რატომღაც თავს იკავებენ.
როგორც ჩანს, „აშტრომ ინტერნეიშენალმა“ დაკისრებულ მოვალეობას თავი არა მარტო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, არამედ ბანკთან ურთიერთობისასაც ვერ გაართვა. თუ ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა კომპანია პროექტიდან იმის გამო გარიცხა, რომ მან სამუშაოები დროულად ვერ შეასრულა, „საქართველოს ბანკმა“ მისი ქონება ვალის გადაუხდელობის გამო დააყადაღა. თავად „აშტრომ ინტერნეიშენალმა“ კი ქონების დაყადაღებამდე საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი მოამზადა და თბილისს პირდაპირ თელ-ავივის სასამართლოში უჩივლა.
ყველაფერი კი გასული წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც „აშტრომ ინტერნეიშენალის“ მიმართ პრეტენზიები პირველად ხმამაღლა ეკონომიკური კვლევის ცენტრმა გამოთქვა და საფუძვლად მათ მიერ ჩატარებული კვლევა დაუდო. ჩატარებული კვლევების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 102 მილიონიდან 203,5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, პროექტის ფარგლებში თავიდან გათვალისწინებული გზის 245 კილომეტრის რეაბილიტაცია მაინც ვერ მოხერხდა. 2009 წლის ოქტომბრის მდგომარეობის მიხედვით, გზის მხოლოდ 219 კილომეტრია შეკეთებული, რაც დაგეგმილზე, დაახლოებით, 10%-ით ნაკლებია.
საგულისხმოა ისიც, რომ ფორსმაჟორული სიტუაციის მიზეზით 35 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი კომპანია აზერბაიჯანულ „აზერშაათსერვისს“ ტენდერის გარეშე გადაეცა. კონტრაქტორ კომპანიას კი, რომლის მიზეზითაც ფორსმაჟორი მოხდა, სანქციები არ დაეკისრა.
უფრო დეტალურად: როგორც ეკონომიკური კვლევის ცენტრის დასკვნაშია საუბარი, „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი 203 მილიონ 515 ათას დოლარამდე გაიზარდა, ანუ კომპაქტში თავდაპირველად გათვალისწინებული დაფინანსების გაორმაგების მიუხედავად (კომპაქტის ხელმოწერის მომენტისთვის პროექტზე 102 მილიონი დოლარი, გასული წლის ოქტომბრისთვის 123,6 მილიონი აშშ დოლარი, დამატებითი დაფინანსებით პირველ ეტაპზე - 183 მილიონი იყო გათვალისწინებული), პროექტის ფარგლებში ვერ მოხერხდა კომპაქტის თავდაპირველი ვარიანტით გათვალისწინებული გზის მოცულობის - 245 კილომეტრის რეაბილიტაცია.
სამცხე-ჯავახეთის გზის რებილიტაციის პროექტში სარეაბილიტაციო გზა, უკვე გაფორმებული კონტრაქტების მიხედვით, 2009 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, სულ 219,2 კილომეტრია -კომპაქტით თავიდანვე გათვალისწინებულზე, დაახლოებით, 26 კილომეტრით, ანუ დაახლოებით 10%-ით ნაკლები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი დამატებით 3-კილომეტრიან მონაკვეთზე კონტრაქტის გაფორმების შემდეგაც კი, სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 222,2 კილომეტრს შეადგენს, რაც კომპაქტის თავდაპირველ მოცულობაზე 23 კილომეტრით ნაკლებია.
კონტრაქტორი კომპანიის „აშტრომ ინთერნეიშენელის“ მიერ გზის სამუშაოების გაჭიანურების მიზეზით შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია. ამიტომ, გზის მშენებლობას სხვა კომპანია ჩაუდგა სათავეში. შედეგად კი, 2008 წლის გაზაფხულიდან 2009 წლის აგვისტომდე (ანუ დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში), პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამი ლოტის - 119,5 კილომეტრი გზის რეაბლიტაცია გაძვირდა, დაახლოებით, 24,389 მილიონი დოლარით (ანუ 2008 წლის გაზაფხულის მდგომარეობასთან შედარებით 37 პროცენტით). ეს მაშინ, როცა უკვე 2008 წლისთვის სამცხე-ჯავახეთის პროექტი ისედაც გაძვირებული იყო.
ასე რომ, ფორსმაჟორული სიტუაციის მიზეზით 35 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი 47,8 კილომეტრის რეაბლიტაციაზე კომპანია „აზერინშაათსერვისს“, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ტენდერის გარეშე გადაეცა. ცხადია, ამ თანხის ტენდერის გარეშე, ანუ მშენებელი კომპანიის კონკურენციის პირობებში ჩაყენების გარეშე გაცემამ ბევრი კითხვა დაბადა, რომელიც სერიოზულ დასაბუთებას მოითხოვს.
კონტრაქტორ კომპანიას კი, რომლის მიზეზითაც მოხდა ფორსმაჟორული სიტუაციის შექმნა, საჯარიმო სანქციები არ დაკისრებია. მეტიც, ეკონომიკური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, იგი მომგებიან სიტუაციაშიც აღმოჩნდა. კერძოდ, მოიხსნა 47,8-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის ვალდებულება, კონტრაქტის ღირებულება კი მხოლოდ 20 მილიონი დოლარით შეუმცირდა.
კვლევის შედეგების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის სარებილიტაციო გზის რამდენიმე მონაკვეთზე სამუშაოები არასაკმარისი ტემპით მიმდინარეობს, რამაც, შესაძლოა, პროექტი არა მხოლოდ გააძვიროს, არამედ მისი შესრულება კომპაქტით გათვალისწინებულ ვადებში საერთოდ ეჭვქვეშ დააყენოს.
ამ შემთხვევაში, ყურადღება მახვილდება ხარჯების სწორად დაგეგმვაში, რაც აყოვნებს და, შესაბამისად, აძვირებს ჩასატარებელ სამუშაოებს.
„განსაკუთრებული ყურადღება კვლავაც სამცხე-ჯავახეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე უნდა იქნას გადატანილი. 2009 წლის ოქტომბრისთვის სარებილიტაციო გზის ზოგიერთ მონაკვეთზე არსებული სიტუაცია ტოვებს საფრთხეს, რომ 2010 წლის გაზაფხულზე კვლავ ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნას. ამ პერსპექტივის თავიდან ასაცილებლად განხორციელებული სამუშაოს შეფასება უნდა მოხდეს უახლოეს პერიოდში და წინასწარ გატარდეს პრევენციული სამუშაოები კონტრაქტორი კომპანიების მიერ კონტრაქტის დარღვევის თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნული იყო ეკონომიკური კვლევის ცენტრის კვლევაში.
მოგვიანებით „აშტრომ ინტერნეიშენალის“ მიმართა პრეტენზიები თავად სამცხე-ჯავახეთის, კერძოდ, წალკა-მანგლისის მოსახლეობამ გამოთქვა. მოსახლეობა მაშინ იმას ჩიოდა, რომ კომპანიის კუთვნილი ტექნიკა უპატრონოდ იყო მიტოვებული და სამუშაოები არ სრულდებოდა. ეს ფაქტი მაშინ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდში“ კატეგორიულად უარყვეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ „აშტრომ ინტერნეიშენალის“ საქმიანობას შემოსავლების სამსახური და საგამოძიებო დეპარტამენტი სწავლობდა. დოკუმენტების შესწავლის შემდეგ კი კომპანიას პროექტი დაატოვებინეს, მიზეზად ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელეს. მის ნაცვლად კი აღებული ვალდებულებების შესრულებას ქართულ-გერმანული კომპანია „პაპენბურგ-ბლექ სი ჯგუფი“ შეუდგა.
ამ ყველაფრის შემდეგ „აშტრომ ინტერნეიშენალმა“ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ თბილისისთვის პასუხი მოეთხოვა და სარჩელი პირდაპირ თელ-ავივის საოლქო სასამართლოში შეიტანა. სარჩელის მიხედვით, კომპანია საქართველოსგან იმ გარანტიების კონფისკაციის შეჩერებას მოითხოვა, რომელიც ისრაელის მხარემ 2008 წელს სახელმწიფო ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ მისცა.
„აშტრომ ინტერნეიშენელმა“ სასამართლოს წარუდგინა „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსთან“ კონფლიქტის თავისი ვერსია, სადაც აღნიშნულია, რომ სამცხე-ჯავახეთში სამუშაოების დაწყების შემდეგ ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი საპროექტო ნახაზები და განგარიშებები შესრულებული იყო „დაბალ დონეზე“ და შეიცავდა მრავალ უზუსტობას.
ძირითადი პრობლემა ეხებოდა, ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთს, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ მთლიან ადგილას უნდა გაეყვანათ. ისრაელის მხარის განცხადებით, არაერთი მიმართვის მიუხედავად, ფონდმა უარი განაცხადა გადაეხედა საპროექტო გაანგარიშებებისათვის. პარალელურად ქართულმა მხარემ კომპანიას აღნიშნულ პროექტში წილი 65 მლნ აშშ დოლარიდან 45 მლნ აშშ დოლარამდე შეუმცირა.
13 აგვისტოს კი ფონდმა „აშტრომს“ კონტრაქტის ანულირების შესახებ ოფიციალურად განუცხადა და „ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ კომპანიამ დაკვეთა 90%-ით უკვე შეასრულა, რომლის ღირებულებამაც 40 მლნ დოლარი შეადგინა“, - აცხადებენ კომპანიაში და განმარტავენ, რომ აღნიშნულის მიუხედავად „აშტრომმა“ შესრულებული სამუშაოებისათვის გაწეული თანხიდან საქართველოს მთავრობისგან მხოლოდ 85% - 37,5 მლნ აშშ დოლარი მიიღო.
დღეს კი ირკვევა, რომ „აშტრომი“ არა მარტო პროექტიდან გარიცხეს, არამედ ქონებაც კი დაუყადაღეს. დაყადაღებულია კომპანიის მთელი ქონება, რომლის საშუალებითაც „აშტრომ ინტერნეიშენალი“ საქართველოს რეგიონებში გზების რეაბილიტაციას ახორციელებდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, „საქართველოს ბანკმა“ „აშტრომს“ 9 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო და ამ თანხით კომპანიამ დაგროვებული ვალი გადაიხადა, თუმცა შემდეგ ბანკისთვის ვალის დაბრუნება ვეღარ შესძლო, რასაც „საქართველოს ბანკის“ მიერ კომპანიის ქონების დაყადაღება მოჰყვა.
ინფორმაციის დასაზუსტებლად სააგენტო „პირველი“ „საქართველოს ბანკსაც“ დაუკავშირდა, თუმცა დაყადაღების დეტალებზე საუბარი არც იქ ისურვეს. „საქართველოს ბანკის“ მიერ დაყადაღებული ქონება უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, აუქციონზე გავა გასაყიდად.
სამცხე-ჯავახეთში გზების რეაბილიტაციის პროექტი, ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და პროექტის მთლიანი ღირებულება 203 მილიონ 515 ათასი აშშ დოლარია.
2009 წლის ოქტომბრისთვის კი გაფორმებული კონტრაქტების მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტში ასე გამოიყურება; ფარცხისი-გოხნარი (37,1 კმ); გოხნარი-ნარდევანი(34,6 კმ) - კონტრაქტორი კომპანია „აშტრომ ინტერნეიშენელი“, ხელშეკრულების ღირებულება 54 მილიონ 659 ათასი აშშ დოლარი. სათხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი (31,4 კმ) დაახალქალაქი-სულდა (20 კმ).- 33,1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; ხერთვისი-ვარძია (დაახლ. 11 კმ) -13,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; კონტრაქტორი „პაპენბურგ-ბლექ სი გრუპი“.
სულდა-კარწახი-თურქეთის საზღვრის (დაახლ. 16 კმ) გზისმონაკვეთის რეაბილიტაცია - 8.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; თელეთი-კოდა-ასურეთის (19 კილომეტრიანი მონაკვეთი) - 15 მილიონ 73 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; ნარდევანი-სათხე (47,8 კმ) - ღირებულება 35 მილიონ 194 ათასი აშშ დოლარი; ახალქალაქის შემოვლითი გზა (2,3კილომეტრი) - 4 მილიონ 540 972 ათასი აშშ დოლარი -კონტრაქტორი „აზერინსაათსერვისი“.
1306
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85