საქართველო ერთიან პოსტსაბჭოურ სივრცეში (ნაწილი I)

საქართველო ერთიან პოსტსაბჭოურ სივრცეში (ნაწილი I)

[დავით ზარდიაშვილი]

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველომ გარდამავალ პერიდში“ შეაბიჯა. ასე ეწოდა იმ მდგომარეობას, როცა საბჭოთა სისტემის ნანგრევებზე უნდა აშენებულიყო დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო. სასტარტო პირობები პოსტსაბჭოურ სივრცეში საქართველოს შედარებით უკეთესი გააჩნდა, ვიდრე სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს. ჩვენში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში სახელმწიფო აღმშენებლობის პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალი მეტი იყო,  ვიდრე სხვაგან:  პირველ ყოვლისა ეს იყო სოციალური კაპიტალი – 80-იანი წლების ბოლოს საზოგადოებაში გაბატონდა თავისუფლების, სამართლიანობის აღდგენის, დემოკრატიის შექმნის ნება; ასევე - ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური ჯგუფების სახით არსებობა - მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის დაფუძნების საწყისი პირობა; „ჩრდილოვანი“ კაპიტალის საკმაო მოცულობის, არასაბჭოური ეკონომიკური ურთიერთობების არსებობა, შედარებით განვითარებული ინფრასტრუქტურა კარგ შანსებს ქმნიდა საბაზრო სისტემის მოწყობისათვის; წარმატებულობისა და უპირატესობას განცდაზე დაფუძნებული კულტურული იდენტობა მძლავრი ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბების მყარ ფუნდამენტად შეგვეძლო გვექცია.

ეს შედარებითი უპირატესობები წყალს გავატანეთ და „გარდამავალი“ პერიოდი დაუსრულებელ პოსტასბჭოურ კოშმარად გადაიქცა: განიავდა სოციალური კაპიტალი, განქარდა ოცნება მრავალპარტიულ დაბალანსებულ პოლიტიკურ სისტემაზე, გაცამტვერდა დაგროვილი დოვლათი და დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაგვჩემდა მარცხი და დაიკარგა კულტურულ უპირატესობაზე დამყარებული ჩვეული სიამაყეც. მივიღეთ სამოქალაქო ომები, დავკარგეთ ტერიტორიები, გავღატაკდით და უკვე 20 წელია ვგმინავთ და ვიჩაგრებით უსამართლო რეჟიმებისაგან. რატომ? ვის რა ვირი მოვპარეთ?

უნდა ვაღიაროთ, რომ უპირატესობები, რასაც 80-იანი წლების ბოლოს განვიცდიდით, არასაკმარისი და ხშირად ფუჭი აღმოჩნდა სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს შესაქმნელად. პირველ ყოვლისა, ეს უაღრესად გაართულა გარეშე ფაქტორმა: ბალტიის სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, რომლებმაც არნახული დახმარება მიიღეს და ისინი თითქმის შეათრიეს ევროატლანტკური სივრცეში, ჩვენი დემოკრატიული უპირატესობები რუსეთთან შეურიგებელი წინააღმდეგობის გაჩენისა და მტრობის სახით ჩვენსავე წინააღდეგ შემოტრიალდა. ფუჭი იმედი, რომ ამ მტრობის პირობებში ჩვენთვისაც გაიხსნებოდა დასავლეთის კარიბჭე, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საბოლოოდ დასამარდა.

საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე რუსეთის მხრიდან  მუდმივი დარტყმისა და საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით. მართალია, დავტოვეთ დსთ, მაგრამ უადგილონი დავრჩით – უარს ვაცხადებთ რუსულ ევრაზიულ სივრცეში დარჩენაზეც და დემოკრატიის შექმნაზეც. აღარ ვართ დსთ-ში, მაგრამ მიუხედავად დემოკრატიის სფეროში რიგი უპირატესობებისა, მაინც ტიპიურ პოსტსაბჭოთა ქვეყანად ვრჩებით. გვინდა გავარღვიოთ ერთიანი რუსული ევრაზიული სივრცე, მაგრამ დემოკრატიის ძალა არ შეგვწევს და მარტო სურვილი კი არ კმარა.

ამ დროს ნათელია, რომ საგარეო პოლიტიკურ თამაშებში ფარდობითი დემოკრატიული უპირატესობების რუსეთთან დასაპირისპირებლად გამოყენება დამღუპველია საქართველოსათვის და წამგებიანი დასავლეთისათვის. „გადატვირთვის“ პოლიტიკა „ფერად რევოლუციებზე“ არაპირდაპირ, მაგრამ მკაფიოდ უარის თქმის პოლიტიკაც არის. მით უმეტეს, საქართველოს მაგალითზე სრულიად აშკარაა, რომ დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის თვალსაზრისით „ვარდების რევოლუციას“ არსებითი წარმატება არ მოუპოვებია. უარესიც - ფარდობითი დემოკრატიული უპირატესობები უფრო შემცირდა და თითქმის გაქრა.

რუსეთის მძლავრი ფაქტორი, რაც იმპერიული აჩრდილით აღბეჭდილი პოსტაბჭოური სივრციდან თავის დაღწევისას გვეწინააღმდგება, ჩვენს წარუმატებლობაში გადამწყვეტი მაინც არ ყოფილა. მთავარი ისაა, რომ თავად ჩვენ არ აღმოგვაჩნდა აუცილებელი შინაგანი რესურსი საბჭოთა მემკვიდრეობის გადასალახად. 20 წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული ერთადერთი თავისუფალი არჩევნების შედეგად მოსულ ახალ ხელისუფლებას - „მრგვალ მაგიდას“ არ შესწევდა უნარი რაციონალური მმართველობის შესაქმნელად, რამაც ჯერ სამოქალაქო ომამდე და შემდგომ - პოლიტიკაში კრიმინალების პარპაშამდე მიგვიყვანა. მდგომარეობიდან გამოსავალი თითქოს გაჩნდა 1995 წელს, როცა მივიღეთ ახალი კონსტიტუცია, მაგრამ არ დავემორჩილეთ მას – შევქმენით კორუმპირებული პოლიტიკური სისტემა, რომელიც ფსევდოპარტიებსა და გაყალბებულ არჩევნებს, ძალაუფლებისა და ქონების გადანაწილების იატაქქვეშა უპატიოსნო გარიგებებს, ეკონომიკური წარმატების მოსაპოვებლად პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენების აუცილებლობას ემყარებოდა.

ამ კორუმპირებული სისტემის პირობებშიც კი ვინარჩუნებდით პატივისცემას დემოკრატიული ღირებულებებისადმი და გამომდინარე, ჯერ კიდევ გაგვაჩნდა უპირატესობები და  რესურსი პოსტკომუნიზმის ჯოჯოხეთიდან თავის დასაღწევად. „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ ეს რესურსი ნელ-ნელა ილეოდა და დემოკრატიის რეგრესმა საქართველოში შეუქცევადი პროცესის სახე მიიღო. კორუფციის აღმოფხვრა, სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობის ნახტომისებური ზრდა, საგადასახადო სისტემის რეფორმა, ეკონომიკაში ლიბერტარიანულად მონათლული რეფორმები, ინფრასტრუქტურის აღდენისა და განვითარებისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი საჯარო სახსრები, ენერგეტიკული კრიზისის დაძლევა და ა.შ. – „ვარდების რევოლუციის“ ფართოდ რეკლამირებული, „ყბადაღებული“ წარმატებებია. მაგრამ ეს არ არის დემოკრატიის წარმატებები და საქართველო ამჟამად ტიპიური პოსტაბჭოური ფსევდოდემოკრატიაა.

ყველა წარმატება, რაც „ვარდების რევოლუციას“ მიეწერება, არაფერია მისგან მოტანილ დამთრგუველ პოლიტიკურ შედეგებთან – დაუბალანსებელი პოლიტიკური სისტემას, პოლიტიკური პლურალიზმის განდევნას, დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ადამიანის უფლებებისადმი უპატივცემულობასთან შედარებით. ახლა საქართველოში გაცილებით რთულია დემოკრატიის აშენება, ვიდრე 2003 წელს: 2003-ის რეჟიმი საპროტესტო მიტინგებითა და დემონსტრაციებით დასრულადა, რაც დღეს, სულ ცოტა, საეჭვოა, თუნდაც მთელი საქართველო რუსთაველის გამზირზე დადგეს; 2003 წლის რეჟიმმა დაუშვა, რომ თუნდაც გაყალბებული არჩევნების შედეგად პარლამენტის მანდატები თანაზომიერად გადანაწილდა შვიდ სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტს შორის, რასაც დღეს ნაკლებად უნდა ველოდოთ. ხელისუფლების შეცვლის შანსი საქართველოში დღეს ისეთივე მიზერულია, როგორიც რუსეთში, აზერბაიჯანსა თუ ვთქვათ - ყაზახეთში. უპირატესობა, რაც ამ თვალსაზრისით 2004 წლამდე გვქონდა, გაფლანგულია, საქართველო ისევე ჩაფლულია პოსტსაბჭოთა ჭაობში, როგორც, ბალტიისპირეთის გარდა, ყველა სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. 

რუსულ ევრაზიულ სივრცეში უკიდეგანო ავტორიტარიზმია გაბატონებული, რაც  ამ პოსტსაბჭოური სივრცის ერთიანობასაც განაპირობებს. ბევრი ნიშანი, რაც საბჭოთა ტოტალიტარიზმისთვის არის დამახასიათებელი, ამ სივრცეში არსებითად შენარჩუნებულია: პოლიტიკური სისტემის სტერილურობა – ერთპარტიულობა და ხელისუფლების მხრივ პლურალიზმისადმი დაუნდობელი მტრობა, ოდნავ სახეცვლილი კლანურ-ნომენკლატორული ბიუროკრატია, ადგილობრივი ფსევდოთვითმმართველობა და სინამდვილეში დარგობრივი მართვის ხისტად ცენტრალიზებული სისტემა.

აღმოჩნდა, რომ პოსტაბჭოური ეკონომიკური წყობა, ე.წ. ოლიგარქიული კაპიტალიზმის ერთგვარი ნაირსახეობა მშვენიერ ბაზისს ქმნის პოსტკომუნისტური მმართველობისათვის და პირიქით - საბაზრო ურთიერთობები და კონკურენცია მოჩვენებითია. პოსტაბჭოურ მმართველობაში ეკონომიკური საქმიანობა ოლიგარქიული მონოპოლიების გარდა სხვა სუბიექტებს პრაქტიკულად ეკრძალებათ. სოციალური კაპიტალი პოსტაბჭოურ სივრცეში განსაკუთრებით მწირია, სამოქალაქო საზოგადოება სუსტი და მისი განვითარება პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის პირობებში უკიდურესად შეზღუდული. მიუხედავად დემოკრატიებთან ასეთი პრინციპული შეუთავსებლობისა, პოსტსაბჭოთა რეჟიმებისათვის დემოკრატიული ღირებულებებით სპეკულირება უცხო სულაც არ არის. ეს სიყალბე განსაკუთრებით შემაძრწუნებელ ხასიათს ატარებს საქართველოში, სადაც „ვარდების რევოლუცია“ დემოკრატიის გამარჯვებად არის მონათლული.

ასეთ სავალალო სიყალბეს იოლად აღმოვაჩენთ თუ გავაანალიზებთ საქართველოს მმართველობის სისტემას და ობიექტურად ავწონ-დავწონით დემოკრატიის შექმნის შანსებს. მაგრამ ეს უკვე მომავალი წერილის თემაა.