[კომერსანტი]
მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე გაურკვევლობა გრძელდება. აზიის შემდეგ ვარდნა უკვე ამერიკის საფონდო ინდექსებმა განიცადეს.
რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე ვარდნამ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საკრედიტო რეიტინგის შემცირებას მოჰყვა?
შეგახსენებთ: 5 აგვისტოს საკრედიტო სააგენტო S&P–მა აშშ–ის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, ААА–დან АА+ მდე შეამცირა, რაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ისტორიაში პირველად მოხდა. სააგენტოს ეს გადაწყვეტილება უკვე აისახა მსოფლიოს ბირჟებზე.
დარტყმის ქვეშ ორი წამყვანი მსოფლიო სარეზერვო ვალუტა – ევრო და დოლარი აღმოჩნდა.
მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე პროცესები უკვე შეადარეს 2008 წლის კრიზისს.
„ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბაშიშვილის შეფასებით. მსოფლიო ბირჟებზე მიმდინარე პროცესები საქართველოზე აუცილებლად აისახება, რაც, ძირითადად, ბანკებს შეეხება, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის სექტორებს შორის ყველაზე მეტადაა ინტეგრირებული გლობალურ სისტემასთან.
კერძოდ, აბაშიშვილი საკრედიტო რესურსების შემცირებას პროგნოზირებს, რაც, მისი თქმით, ისედაც პრობლემაა ქართული ბანკებისთვის. შედეგად კი ექსპერტი სესხების გაცემის პირობების გართულებასა და საპროცენტო განაკვეთის მატებასაც არ გამორიცხავს,
„სესხების უმეტესობა სამომხმარებლო სეგმენტზე მოდის და ყველაზე მეტი დარტყმაც სწორედ აქაა მოსალოდნელი – შესაძლოა, სესხის აღება გართულდეს. ქართულ საბანკო სექტორში უკვე ისედაც გამოიკვეთა საპროცენტო განაკვეთების შემცირების პროცესის შეჩერება. არ გამოვრიცხავ, პროცენტების მატების ტენდენციაც კი დაიწყოს,„ – აცხადებს აბაშიშვილი.
თუმცა მსოფლიო მასშტაბით იგი კრიზისის გამეორებას გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით, წამყვანმა ქვეყნებმა უკვე მიიღეს კრიზისთან ბრძოლის გამოცდილება და ისინი პრობლემების გაღრმავებას არ დაუშვებენ.
„ვფიქრობ, ევროპული და ამერიკული პრობლემები ლოკალიზებული იქნება. ამიტომ ისეთი კრიზისის გამეორებას, როგორიც 2008–ში იყო, გამოვრიცხავ,“ – ამბობს აბაშიშვილი.
უფრო მსუბუქ პროგნოზს აკეთებს ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე. ის ამბობს, რომ შტატების რეიტინგის დაწევის ფონზე, ქართულ ბაზარზე დოლარის შესუსტება კიდევ უფრო მოსალოდნელია, თუმცა ამას შეუქცევადი ხასიათი არ ექნება.
"ვფიქრობ აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის დაცემა საქართველოზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. მთავარი, რაც აისახება ქართულ ბაზარზე, აშშ დოლარის შესუსტებაა, რომელიც რეიტინგის შემცირების შემდეგ გრძელდება. საქართველოს სავალუტო რეზერვების 70%-მდე სწორედ ამ ვალუტაში აქვს განთავსებული, ასევე დანაზოგებიც ბევრს სწორედ ამ ვალუტაში აქვს განთავსებული. თუმცა ვფიქრობ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება,",- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.