გადატვირთვა ქართულად

გადატვირთვა ქართულად

[ბრაიან ვაითმორი; foreign policy]
ობამას ოსტატური ფლირტი რუსულ პოლიტიკასთან თბილისის მიმართ, მისი საგარეო პოლიტიკური პრობლემების ფონზე ნათელი წერტილია.

თბილისი – საზაფხულო კაფეებში ახალგაზრდები ღვინოს მიირთმევენ, შადრევნებთან საშინელი სიცხისგან თავის დასაღწევად ბავშვები ცელქობენ, პარკში მოხუცები ჭადრაკს თამაშობენ, ქუჩის მოვაჭრეები კი ხელნაკეთ დახლებზე საკუთარ პროდუქტს ყიდიან. ასეთია კიდევ ერთი ზაფხული მოუვლელ, შფოთიან, მაგრამ საქართველოს მაინც მომხიბვლელ დედაქალაქში, მაგრამ წელს ცოტა რამ შეიცვალა. პირველად მრავალი წლის შემდეგ აქ მოსალოდნელ ომზე ხმები აღარ დადის.

დღევანდელი სიმშვიდე იმ დაძაბულობის მკვეთრი კონტრასტია, რომლითაც 2008 წლის ჩახუთულ ზაფხულში შეპყრობილი იყო ქალაქი. ორი წლის წინ სწორედ ამ დროს, მოსკოვსა და თბილისს შორის კონფრონტაციამ პიკს მიაღწია, როდესაც რუსეთმა საქართველოში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა. ამ ინტერვენციის შედეგად რუსეთმა დაიპყრო აფხაზეთი და სამხრეთ- ოსეთი, რამაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყრუ ჩიხში მოაქცია. ქართველებს შარშან ზაფხულშიც მოუწიათ ნერვიულობა, როდესაც მოსკოვის მხრიდან ახალი მუქარები გაისმა და პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა (როგორც აღმოჩნდა შეცდნენ) დაიწყეს წინასწარმეტყველება, რომ შეიარაღებული კონფლიქტი ხელახლა გაჩაღდებოდა.

ის ფაქტი რომ ქართველები პირველად მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული ინტერვენციის შიშის გარეშე ცხოვრობენ, ამერიკის პრეზიდენის, ბარაკ ობამას მოსკოვთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის მოულოდნელი შედეგია. ეს ეწინააღმდეგება ობამას ოპონენტების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველო და რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნები, შეიძლება ვაშინგტონს და მოსკოვს შორის მეგობრული ურთიერთობების აღდგენამ დააზარალოს.

ასეთ მოსაზრებებს გამოსთქვამენ არა მხოლოდ ობამას გამოკვეთილი კონკურენტები, არამედ აღმოსავლეთ-ევროპის კორიფეები, მათ შორის ჩეხეთის და პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტები, ვაცლავ ჰაველი და ლეხ ვალენსა, ასევე მისი ამერიკელი კრიტიკოსებიც, როგორიცაა მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დევიდ კრამერი. ისინი შეშფოთებას გამოსთქვამდნენ, რომ ობამას რუსულმა პოლიტიკამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები შიძლება მოსკოვის მოწყალების ამარა დატოვოს.

მაგრამ ქართველი ჩინოვნიკები, რომლებიც თავდაპირველად მსგავს შეშფოთებას გამოსთქვამდნენ, ახლა ამბობენ რომ ყოფილ კონკურენტ ზესახელმწიფოებს შორის უფრო ახლო კავშირებმა ვაშინგტონს საშუალება მისცა უფრო მშვიდი, მაგრამ მაინც ეფექტური გავლენა მოეხდინა მოსკოვზე თბილისისთვის უსაფრთხოების გაზრდაზე თანამშრომლობის პროცესში.

ერთ-ერთი ვინც ობამას აქებს გიგა ბოკერიაა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი.

„ამერიკის მთავრობის აქტიურმა პოზიციამ ბოლომდე თუ არ მოსპო, ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად მაინც შეამცირა რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის უშუალო საფრთხე“ – მითხრა ბოკერიამ.

იგი დარწმუნებულია რომ 2009 წლის ივლისში, პირველი ვიზიტის დროს მოსკოვში, ობამას „ძალიან კონცენტრირებული ძალისხმევის“ წყალობით, კრემლმა გააცნობიერა ვაშინგტონის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. მაშინ ობამამ სთქვა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან „გულახდილი საუბარი“ ჰქონდა, რომლის დროსაც მან გამოხატა მისი „ურყევი რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა ვცეთ“.

საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ კულუარებში ამერიკის პრეზიდენტი კიდევ უფრო მკაცრი იყო. ისინი ამტკიცებენ, რომ ობამამ მედვედევი და პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი არ აპირებდა გულზე ხელდაკრეფილი ყოფნას, თუკი რუსეთი კვლავ გაიწევდა საქართველოსკენ. თეთრ სახლში ამას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, მაგრამ როგორც თბილისში ამბობენ, იქ რაც არ უნდა თქმულიყო, ფაქტია რომ ამას ეფექტი მოჰყვა.

ამერიკამ რუსეთთან პოლიტიკაში გამოიყენა არამხოლოდ მათრახი, არამედ თაფლაკვერიც. ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგი გიგა ზედანია ამბობს, რომ – ”რუსეთს უნდა ჰქონდეს რაღაც ისეთი, რასაც ის დაკარგავს“ თუკი თავს დაესხმება საქართველოს. „ბუშის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრობლემა ის გახლდათ, რომ მას რუსეთის მართვის ბერკეტები არ გააჩნდა, რადგან არანაირი თანამშრომლობა არ არსებობდა“ – სთქვა მან – „დღეს, როდესაც ურთიერთობები მოგვარებულია… რუსეთი ორჯერ დაფიქრდება, ვიდრე გააკეთებს იმას, რაც 2008 წელს გააკეთა“.

შეერთებულ შტატებში მედვედევის ივნისის ვიზიტი, რომლის მიზანიც იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის ამერიკული მხარდაჭერის მოპოვება, იმის ნათელი მაგალითია რომ რუსეთს დღეს რაღაც დასაკარგი აქვს. პრეზიდენტი ასევე იყო სილიკონის ველზე, სადაც ის რუსული საწარმოოო სექტორის მოდერნიზაციის ამბიციური გეგმის რეალიზაციისთვის ინვესტორების მოზიდვას შეეცადა. მოსკოვმა იცის, რომ საქართველოს ან სხვა ქვეყნების მიმართ ცუდად მოქცევის შემთხვევაში, ის ამ ყველაფერს დაემშვიდობება. შეერთებული შტატების ჩარევის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე კვლავ მძიმე ვითარებაა.

რუსული არმია საქართველოს დედაქალაქიდან სულ რაღაც 20 მილშია (სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში) დისლოცირებული. კრემლის ოფიციალური პოლიტიკა, რომელსაც უკვე დიდი ხანია რაც საქართველოს დამოუკიდებლობა ტვირთად აწევს, დღემდე არ მალავს თბილისში რეჟიმის შეცვლის სურვილს.

მაგრამ კონფლიქტის დაძაბული ატმოსფერო, რომელიც რაღაცით ცივ ომსაც წააგავს, რომელშიც საქართველო ბრძოლის ველად იქცა შეერთებული შტატებს და რუსეთს შორის გავლენისთვის ბრძოლაში, აშკარად განმუხტვის პროცესშია. დღეს ქართველებს აინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა ობამას „გადატვირთვა“ კიდევ უფრო შორს წავიდეს და ხელი შეუწყოს მოსკოვს და თბილისს შორის ურთიერთობების აღდგენას, ან ყოველ შემთხვევაში მათ შორის არსებული დაძაბულობის შესუსტებას.

ირაკლი ალასანიას მიაჩნია რომ შეიძლება. საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაერო-ში, ახლა კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მოწონება დაიმსახურა მისი მშვიდი და მტკიცე ქმედებების გამო ორი წლის წინანდელი რუსეთ-საქართველოს ომის დროს. მან მითხრა, რომ თუკი ურთიერთობა აშშ-ს და რუსეთს შორის კიდევ უფრო გაუმჯობესდება „ეს მხოლოდ წაადგება საქართველოს“ და გაამარტივებს თბილისს და მოსკოვს შორის ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციას.

„ამ ეტაპზე, ჩვენ მხოლოდ იმის გაკეთება შეგვიძლია, რომ არ გამოვიწვიოთ რუსეთი აგრესიულ ქმედებებზე და მოვიქცეთ მშვიდად“ – ამბობს ალასანია – „ჩვენ ძლიერი პარტნიორები გვჭირდება და იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები დავამყაროთ, ჩვენთვის აუცილებელია ყველაზე ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი“.

სააკაშვილმა, რომლის პოლიტიკური ბრენდიც რუსეთთან წინააღმდეგობაა, ობამას „გადატვირთვას“ რუსეთთან, საჯაროდ დაუჭირა მხარი, თუმცა ქართველი პოლიტიკოსების თქმით, მას მთელი რიგი შენიშვნები აქვს, რომლებზეც ის საჯაროდ არ საუბრობს.

„ჩვენ მივესალმებით დიალოგს რუსეთს და შეერთებულ შტატებს შორის“ – ივნისში განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, ვიდრე თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩავიდოდა – „საქმე ის არის რომ ამ დიალოგის პირობებით, შეერთებული შტატები ერთგული რჩება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკუთარი პრინციპული პოზიციის“.

ობამას ადმინისტრაციამ სიფხიზლე უნდა შეინარჩუნოს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. მან მომავალშიც უნდა აგრძნობინოს რუსეთს ის, რომ მეზობლების პატივისცემით ის უფრო მეტ სარგებელს მიიღებს და ძალიან ბევრს დაკარგავს მათი დაშინებით.

ჯერ-ჯერობით უცნობია იქნება თუ არა ეს საკმარისი, მაგრამ ამ ეტაპზე მსუბუქმა საუბარმა და დიდმა თაფლაკვერამ დაადასტურა ის, თუ რომელი პოლიტიკური ინსტრუმენტია ეფექტური სამხრეთ-კავკასიის არასტაბილურ რეგიონში.
foreignpress