[ბანკები და ფინანსები]
მინისტრი კვეზერელი ირწმუნება, რომ წელს საქართველოში მოყვანილი ხორბალი მოხმარების 35%-ს დააკმაყოფილებს. 2010 წელს ”საქსტატის” ინფორმაციით სულ 48 ათასი ტონა ხორბალი მოვიდა. 35%-მდე რომ ავიდეს მოხმარებაში საქართველოში მოყვანილი ხორბლის წილი, ხორბლის მოსავალი 2011 ან 2012 წელს 336 ათასი ტონა ხორბალი უნდა მოვიყვანოთ. რა ციფრებიც არ უნდა ”დახატოს” ხელისუფლების დაკვეთით ”საქსტატმა”, ასეთი შედეგის რეალურობაში ვერც ერთ, საქმეში რამდენადმე ჩახედულ, ადამიანს ვერ დაარწმუნებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის განცხადებით, წელს საქართველოში ხორბლის მოსავალი 75 ათას ტონას შეადგენს, რაც ადგილობრივი მოხმარების 35%-ია.
როგორც კვეზერელმა მთავრობის ხუთშაბათის სხდომაზე განაცხადა, წლევანდელი მოსავალი, 2010 წელთან შედარებით 20 ათასი ტონით მეტი იქნება.
"გვაქვს საშუალო მოსავლიანობის ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, შემოდგომაზე დაითესოს მაღალმოსავლიანი ხორბალი. მიღებული მოსავალი ადგილობრივი მოთხოვნის 35%-ს დააკმაყოფილებს, რაც 50 მილიონი დოლარით შეამცირებს მარცვლოვანი კულტურების იმპორტს საქართველოში", - განაცხადა კვეზერელმა.
რაც შეეხება სიმინდის პროგრამას, კვეზერელის განცხადებით, საქართველოში შემოვიდა რამდენიმე ათეული ტექნიკა, რომელიც სიმინდის მოსავლის აღებას უზრუნველყოფს, ხოლო რამდენიმე ათეული უახლოეს ხანებში შემოვა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, 15 სექტემბრისთვის დასრულდება სპეციალური საშრობების მშენებლობა ლაგოდეხსა და აბაშაში. კვეზერელის თქმით, ეს საშრობები იქნება ცენტრი და აქედან მოხდება სიმინდის ექსპორტზე გატანა.
კვეზერელმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს ასევე რთველისთვის მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ 22 აგვისტოსთვის ღვინის რამდენიმე ქარხანა ყურძნის ჩასაბარელად მზად იქნება.