შეერთებული შტატები საკრედიტო რეიტინგის შემცირებას ვერ გადაურჩა

შეერთებული შტატები საკრედიტო რეიტინგის შემცირებას ვერ გადაურჩა

[Reuters]

სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's–მა პარასკევს, 5 აგვისტოს, პირველად ისტორიაში, აშშ–ის პირველი კლასის რეიტინგი AAA–დან AA+ მდე შეამცირა. ასეთი გადაწყვეტილება სააგენტოს ექსპერტებმა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის საფრთხის გამო მიიღეს.

ახლა შტატების ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდები საიმედოობის თვალსაზრისით ისეთი ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციებს ჩამორჩება, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და კანადა.

Standard & Poor's–ის ანალიტიკოსები გამოდიან გაფრთხილებით, რომ აშშ–ის ახალი რეიტინგის პროგნოზი უარყოფითია, რაც წელიწად–წელიწად–ნახევარში ახალი შემცირების შესაძლებლობას ნიშნავს.

მანამდე CNBC იტყობინებოდა, რომ S&P–მა გააფრთხილა შტატების მთავრობა, რომ აპირებდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის შემცირებას. თავის მხრივ, მთავრობაში არსებულმა წყარომ ტელეარხს განუცხადა, რომ ანალიტიკოსების დაანგარიშებაში შესაძლოა, „ტრილიონობით დოლარის“ შეცდომა გაიპარა.

წყაროს თქმით, სავარაუდოდ, სააგენტოს წარმომადგენლები შეცდნენ აშშ–ის საგარეო ვალისა და მშპ–ს შეფადრების დაანგარიშებაში.
ჩინოვნიკების ამ შეფასებაზე S&P–ის რეაქცია ჯერჯერობით უცნობია.

Standard & Poor's–მა აშშ–ის რეიტინგის შესაძლო შემცირების შესახებ ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში განაცხადა. მაშინ სააგენტოს ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ამ ნაბიჯზე იმ შემთხვევაში წავიდოდნენ, თუკი სახელმწიფო ვალის „ჭერი“ არ იქნებოდა გაზრდილი. თუმცა კონგრესმა ვალის ლიმიტის გაზრდის გადაწყვეტილება დაამტკიცა, ობამამ კი ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ამის მიუხედავად, S&P–მა აშშ–ის რეიტინგი მაინც შეამცირა.

რაც შეეხება კიდევ ერთ სარეიტინგო სააგენტო Moody's–ს, მან ივლისის შუა რიცხვებში ასევე გააგზავნა აშშ–ის რეიტინგი გადასახედად. თუმცა სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდის შემდეგ სააგენტოს ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რეიტინგი ადრინდელ, მაქსიმალურ დონეზე დატოვეს.