ანტიდემოკრატიული რეპრესიის პირობებში ვარდების რევოლუცია ჭკნება
კავკასიური რესპუბლიკა საქართველო ცვლილებების ზღვარზეა. საპროტესტო აქციების გარეშეც, საზოგადოება უაღრესად პოლარიზებულია, რაც იმის ნიშანია, რომ არეულობა გაგრძელდება მანამ, სანამ მთავრობა არ შეიცვლება და დემოკრატიული რეფორმები საბოლოოდ არ განხორციელდება.
მე კარგად ვიცნობ ამ მთავრობას და მის მიერ დაშვებულ შეცდომებს. ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ელჩად გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და 2008 წლის ბოლოს გადავდექი, რადგან არ დავეთანხმე მიხეილ სააკაშვილის და მისი მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების არათანმიმდევრიულად და ცალმხრივად მიღებას.
ამ მთავრობის შეუწყნარებლობას განსხვავებული შეხედულებების მიმართ, რუსეთს და ჩემს ქვეყანას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა, რომელშიც ჩვენ გამარჯვების არანაირი შანსი არ გაგვაჩნდა. მაგრამ მცდარი გადაწყვეტილებების მიღება გრძელდება. ჟურნალისტები აპროტესტებენ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფის დაპატიმრების ფაქტს, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ფოტოფირზე აღბეჭდა პოლიციის სასტიკი ქმედებები, რასაც მაისის ბოლოს ოთხი დემონსტრანტის დაღუპა მოჰყვა.
ამ უაზრო რეპრესიებიდან ორი გამოსავალი არსებობს. პირველი, უნდა შეიქმნას პოლიტიკური კონკურენციისა და მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლის უკეთესი მექანიზმი. შესაბამისი საარჩევნო რეფორმის გარეშე, სააკაშვილის ავტორიტარიზმი უკონტროლო გახდება. ქართველ ხალხს კი ასე ცხოვრება აღარ შეუძლია.
მეორე, აუცილებელია გამოხატვის თავისუფლების დაცვა. თანამედროვე სამყაროში ხალხის ხმა გაგონილ უნდა იქნას. სამწუხაროდ, საქართველოში, განსხვავებული აზრი თითქმის მიუღებელია, თუ საერთოდ მიუღებელი არა.
ქართველებმა იციან, რომ დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში ნომინალურია. ისინი იმედგაცრუებულები და გაოგნებულებიც კი არიან ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელი პროცესებით. მსოფლიოს დღესაც ახსოვს 2003 წლის ვარდების რევოლუცია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ხელისუფლებიდან ხალხმა არჩევნების მასობრივი ფალსიფიკაციის გამო გადააყენა. რა თქმა უნდა, ამას უფრო ღია საზოგადოების ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა.
მაგრამ ასე არ მოხდა. გასული რვა წლის განმავლობაში ცოტა რამ თუ გაკეთდა დანგრეული ქართული დემოკრატიის განმტკიცებისთვის. საზოგადოებას დღესაც სჭირდება უფრო მეტი ნდობა ოფიციალური საარჩევნო სიებისადმი. პრინციპი „ერთი ადამიანი – ერთი ხმა“ დარღვეულია არსებული საარჩევნო სიებით, რომელიც მანიპულაციის საშუალებას იძლევა და უსამართლო სისტემით, რომელიც მმართველ პარტიას იმაზე მეტი ადგილის დაკავების შესაძლებლობას აძლევს, ვიდრე არჩევნებში რეალურად აქვს მიღებული. გარდა ამისა, მთავრობას აღარ უნდა მიეცეს ფულის თავისუფლად ხარჯვის საშუალება, რასაც ის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის იყენებს. სინამდვილეში, გადასახადებიდან ბიუჯეტში შესული თანხებით ხელისუფლება უკანონოდ ყიდულობს თავის გავლენასა და ძალაუფლებას. ეს უნდა შეწყდეს.
ჩემი პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ და კიდევ ხუთი ოპოზიცური პარტიის ძალისხმევის მიუხედავად, როგორმე წინ წავწიოთ ეს უმნიშვნელოვანესი რეფორმები, მთავრობამ სწორი მიმართულებით მხოლოდ რამდენიმე იძულებითი ნაბიჯი გადადგა. აუცილებელია კი მეტის, ბევრად მეტის გაკეთება.
საჭიროა ქართული მედიის გათავისუფლება ცენზურისგან. ორი ყველაზე რეიტინგული ტელევიზია, რომელიც ნაციონალური მასშტაბით მაუწყებლობს, ახალ ამბებს ხელისუფლების სასარგებლოდ აშუქებს. მესამე, ალტერნატიულ საინფორმაციო არხ „მაესტროს“ ნაციონალური მაუწყებლობის ლიცენზიის მიღებაზე უარი უთხრეს. საკაბელო კომპანიებს კი ფარულად აიძულეს ამ არხის ამოღება შეთავაზებათა პაკეტიდან. მთავრობა, რომ სერიოზულად ფიქრობდეს მედიის თავისუფლებაზე, ის მისცემდა „მაესტროს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის შესაძლებლობას. ის შეწყვეტდა ასევე ჟურნალისტების ჯაშუშობაში დადანაშაულებას. დამოუკიდებელმა რუსმა ჟურნალისტმა, რომელიც ახლახანს საქართველოში იმყოფებოდა, შემაშფოთებელი პარალელი გაავლო საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ შექმნილ სიტუაციასა და ათი წლის წინ ვლადიმერ პუტინის მიერ მედიის დადუმებისთის დაწყებულ კამპანიას შორის.
ეს მარტივი გამოწვევები ნამდვილად არ არის. მაგრამ რთული მოგზაურობა რამდენიმე გულწრფელი ინიციატივით იწყება. ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან საქართველო გამორჩეულია მისი ხალხისთვის დამახასიათებელი, ისტორიულად დამკვიდრებული ოპტიმიზმით. ამერიკელების მსგავსად, ჩვენც ყოველთვის ვამბობთ „დიახ, ჩვენ შეგვიძლია“. მაგრამ პირველ რიგში ჩვენ გულწრფელად უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის არასწორი დღეს საქართველოში. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენ მდგომარეობის გამოსასწორებლად სერიოზული მუშაობის დაწყებას.
ირაკლი ალასანია – საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში; ოპოზიციური პარტიის „თავისუფალი დემოკრატები“ თავმჯდომარე.
http://www.washingtontimes.com/news/2011/aug/5/republic-of-georgia-desperate-for-reform/print/
foreignpress.ge