„კულტურული, გეოგრაფიული და პოლიტიკური მიზეზების გამო საქართველოს სინგაპურიზაცია შეუძლებელია“

„კულტურული, გეოგრაფიული და პოლიტიკური მიზეზების გამო საქართველოს სინგაპურიზაცია შეუძლებელია“

ტომ დე ვალი, კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი, ჟურნალი „ლიბერალი,“ ქვეყნდება შემოკლებით


საქართველოს ახალმა მმართველმა ელიტამ მისი პოსტ-საბჭოთა მეზობლებისგან განსხვავებული გზა აირჩია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მთავრობა ჩამოაყალიბა და სახელმწიფოს შენებისა და მოდერნიზების გამორჩეულ პროექტს შეუდგა. კვალიფიკაციის, გამართლებისა და შესანიშნავი პიარის წყალობით, ასევე დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით, ამ ახალგაზრდა ლიდერებმა მოახერხეს, საქართველოსკენ სასურველი საერთაშორისო ყურადღება მიეპყროთ.

რასაც ამ გუნდმა მიაღწია, სრულიად ხელშესახებია. მათ წარმატებით აღმოფხვრეს კორუფცია და კრიმინალი და მოიზიდეს უცხოური ინვესტიციები. საქართველოში ახლა მუშაობს კარგად გამართული საჯარო მომსახურება, რასაც ვერ ვიტყვით მისი მეზობელი ქვეყნების უმეტესობაზე. აქ თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ბინა, ან დაჩქარებულად აიღოთ მართვის მოწმობა ისე, რომ ჩინოვნიკის მოქრთამვა არ დაგჭირდეთ - ამ ქვეყნისა და რეგიონის ტრადიციების გათვალისწინებით კი, ეს არცთუ ხელწამოსაკრავი მიღწევაა.

"პირველი, რაც უნდა გაგვეკეთებინა, ავგიას თავლა უნდა გაგვეწმინდა და შეგვექმნა სახელმწიფო, რომელიც ელემენტარული ფუნქციების შესრულებას და მომსახურების გაწევას შეძლებდა", - აცხადებს გიგა ბოკერია.

თუმცა, ბოკერიას ეს ფრაზაც იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველო ჯერაც მხოლოდ ხანგრძლივი პროცესის დასაწყისში დგას. 2011 წელს კი ჩნდება შემაშფოთებელი ნიშნები იმის შესახებ, თუ, საერთოდ, რა მიმართულებით მიიწევს წინ საქართველო.

თანამედროვე ქართულ პროექტს მრავალი შინაგანი წინააღმდეგობა აქვს და გაცილებით უფრო შეზღუდულია, ვიდრე ზედაპირულად ჩანს.

2011 წელს ეკონომიკა მკვეთრად გაუარესდა, მაღალმა ინფლაციამ და სტაბილურად მაღალმა უმუშევრობის დონემ სულ უფრო მეტი ქართველი გააღარიბა. მაგრამ საქართველოს არ გააჩნია სოციო-ეკონომიკური პროტესტის ტრადიცია. ამიტომ ერთადერთი, რადაც მოსახლეობის უკმაყოფილება შეიძლება გარდაიქმნას, საერთო აპათიაა და არა ძლიერი პოლიტიკური დაპირისპირება, რომლის გამოყენებასაც ოპოზიციური პარტიები შეძლებდნენ.

პრეზიდენტი სააკაშვილი, თავისი დინამიკური მმართველობის სტილის გამო, ყოველთვის უფრო მეტ დაპირებას იძლეოდა, ვიდრე შესრულება შეეძლო. მას უყვარს თამამი განცხადებების გაკეთება საქართველოს წარმატებებსა და პერსპექტივებზე, მაგრამ არ უყვარს საზოგადოებისთვის იმის ახსნა, თუ რისთვისაა საჭირო ეტაპობრივი ინსტიტუციური რეფორმები. თავის ბოლო ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლაში 2011 წლის თებერვალში, სააკაშვილმა 2015 წლისთვის მაღალამბიციური, თუ თითქმის შეუძლებელი არა, მიზნები დასახა. მათ შორის იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, ექსპორტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის გაორმაგება, უმუშევრობის ახლანდელი მაჩვენებლის განახევრება, საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის 50 პროცენტით გაზრდა, მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა 5 მილიონამდე, და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა ევროკავშირსა და შეერთებული შტატებთან.

ჯერჯერობით, სტრატეგიული შეტყობინებები ბევრი და შერეულია. სააკაშვილს მოჰყავს სინგაპურის, დუბაის, შვეიცარიის, ესტონეთის მაგალითები საქართველოსთვის.

ამ ანგარიშში გამოკვეთილია სამი ძირითადი მიმართულება, რომელიც საქართველოს სტრატეგიულ და ეკონომიკურ გეზს განსაზღვრავს და ქვეყანაში თავისი მხარდამჭერებიც ჰყავს. ერთ-ერთი მათგანია "ძველი საქართველო", რომელიც არ გახლავთ წმინდა წყლის ეკონომიკური მოდელი, მაგრამ ყველაზე ნათლად გამოხატავს იმ ტრადიციულ მიდგომებს, რომელთაც დღემდე იყენებენ ოჯახურ, სამსახურებრივ თუ ბიზნეს ურთიერთობებში. თუკი ეკონომიკა გაუარესდება, დასავლური ქვეყნები ინტერესს დაკარგავენ და ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე აგრესიული ფიგურები მეტ ძალაუფლებას მოიპოვებენ, საქართველო შესაძლოა, მართლაც აღმოჩნდეს ამ "ძველ" რეალობაში.

მეორე იდეას „საქართველოს სინგაპურიზაციის" მოდელი" ჰქვია, იმის მიუხედავად, რომ ის თავისი ძირითადი ასპექტებით სინგაპურის რეალური პრაქტიკისგან მკვეთრად განსხვავდება. თუმცა, ამ მოდელით იხატება მცირე რეგულაციების, დაბალი გადასახადებისა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე საქართველოს სურათი; ქვეყნისა, რომელიც აუცილებლად იხეირებს სწრაფი ეკონომიკური ზრდით, თუკი ყველანაირ ინვესტორს გაუხსნის საზღვრებს და თავს მკაცრი რეგულაციებით არ დაიმძიმებს. ეს ულტრა-ლიბერალური იდეები ჯერ კიდევ რჩება სააკაშვილის ადმინისტრაციისთვის შთაგონების მთავარ წყაროდ, როგორც, მაგალითად, ბათუმის გამოცხადება იყო ტურიზმისა და კაზინოების ცენტრად მთელ რეგიონში.

ყველაფერი, რაც საქართველოს ტურისტების მიზიდვაში დაეხმარება, მისასალმებელია. თუმცა, საქართველოსთვის სინგაპურის მოდელის დასახვა უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხებს.

ამ მიდგომის უმთავრესი ნაკლი ისაა, რომ კულტურული, გეოგრაფიული და პოლიტიკური მიზეზების გამო მისი მიღწევა საქართველოში უბრალოდ შეუძლებელია; ხოლო თუკი მოდელის დოგმატურად გადმოტანას ვეცდებით, საქართველოში არსებული სოციალური ნაპრალი კიდევ უფრო გაფართოვდება. მოქმედი ხელისუფლების სტრატეგიის იმ ნაწილმა, რომელიც წარმატებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ნამდვილად არგო ურბანულ ელიტას (რომელიც სინგაპურს აქვს), მაგრამ თითქმის ვერაფერი მოუხერხა სოფლად მცხოვრები ღარიბი მოქალაქეების პრობლემებს (რისი ანალოგიც სინგაპურში არ აქვთ).

მესამე ეკონომიკურ მოდელს ევროკავშირი წარმოგვიდგენს. ის საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე ეტაპობრივ ინტეგრაციას ჰპირდება. მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ინსტიტუციებისა და რეგულაციების სწორად გამართვით ქვეყანამ ააშენოს ისეთი ეკონომიკა, რომელიც მალე მაღალი სტანდარტის მქონე პროდუქციას შექმნის და ფართო ევროპულ ბაზარზეც თავის ადგილს დაიმკვიდრებს.

ამავდროულად, უფრო მჭიდრო ინტეგრაციის პირობებში ევროკავშირი სხვა შეღავათებსაც გაუწევს საქართველოს მოქალაქეებს, როგორიცაა, მაგალითად, ევროკავშირში უვიზო მოგზაურობა. საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა მართალია, ჯერ კიდევ ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ შესაძლოა, აქტუალური სამომავლოდ მაინც გახდეს, თუკი, საქართველო განაგრძობს ევროსტანდარტების მიმართულებით სვლას.

ევროპის საკითხთან მიმართებაში ოფიციალური ქართული ლექსიკა ხშირად გაუგებარი და ბუნდოვანია. ამიტომ ნამდვილად პოზიტიური ცვლილებაა ის, რომ სააკაშვილმა და სხვა ქართველმა მაღალჩინოსნებმა სინგაპურისა და ევროპის თემების გაერთიანება სცადეს და განვითარების მოდელად ახლა ესტონეთი დასახეს - პატარა პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები ჩაატარა და ევროკავშირის წევრიც გახდა. 2011 წლის 1 თებერვალს პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ ვთქვით, რომ ვისწავლით ესტონეთისა და სინგაპურისგან."

ესტონეთი კარგი მაგალითია საქართველოსთვის, რადგან ამ ქვეყანამ შეძლო, შეენარჩუნებინა თავისი კონკურენტუნარიანი, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო და ამის პარალელურად პრინციპულად აეღო გეზი ევროკავშირისკენ. თუმცა, თუ საკითხს უფრო ჩავუღრმავდებით, ესტონეთის გამოცდილება დაგვარწმუნებს იმაშიც, თუ რა გრძელი გზა აქვთ ქართველებს გასავლელი, თუკი ევროკავშირთან დაახლოება სურთ. 2010 წლის იანვარში, სააკაშვილთან ერთად გამოსვლისას ესტონეთის პრეზიდენტმა ტოომას ილვესმა თავის ქართველ კოლეგებს მოთმინებისკენ მოუწოდა და ურჩია, უფრო მეტი კონცენტრაცია სახელმწიფოს შიდა მშენებლობისთვის დაეთმოთ: "ფუჭი იქნება იმ პრობლემებზე ენერგიის ხარჯვა, რომელთა მოგვარებაც ახლო მომავალში შეუძლებელია. საქართველომ საჭიროა, გამოამჟღავნოს სტრატეგიული მოთმინება და ერთგულება სახელმწიფოს წარმატებული მშენებლობის იდეისადმი".

როგორც ჩანს, საქართველოში არსებობს ეჭვი, რომ ევროინტეგრაცია ქართველებს მტკივნეული რეგულაციებით დაამძიმებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე, ევროპული კურსის მხარდამჭერია, მაგრამ ამავდროულად ვარაუდობს, რომ ევროინტეგრაცია ქვეყნის შიგნით არაპოპულარული იქნება. მისი მტკიცებით, "პოლიტიკური თვალსაზრისით ევროკავშირის იდეა სარისკო შეიძლება იყოს, ამიტომ მისი დაბალანსებაა საჭირო. სინგაპურის მოდელი ძირითადად სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და შიდა მოხმარებაზეა გათვლილი".