საქართველოს სოფლის მეურნეობამ ბურები ვერ დააინტერესა

საქართველოს სოფლის მეურნეობამ ბურები ვერ დააინტერესა

[კომერსანტი]

ბურებმა საქართველო ისე დატოვეს, რომ მიწები არ შეუძენიათ. ამას თავად ამ პროექტის ინიციატორი უწყება – დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ადასტურებს, თუმცა ოფიციალურ განცხადებას იმის შესახებ, რომ პროექტი ჩავარდა, არ კეთდება.

ბოლოს ბურები საქართველოს ივლისში ეწვივნენ, თუმცა ისინი მიწების შეძენითა და აქ ფულის დაბანდებით არ დაინტერესდნენ. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელის შორენა კირვალიძის ინფორმაციით, ბურები ამჯერად საინფორმაციო ტურით იყვნენ ჩამოსულნი და რაიმე კონკრეტული კომერციული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამ ტურის ფარგლებში მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოინახულეს. სამინისტროში იმედი აქვთ, რომ მომავალში მათ ჩამოსვლას კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვება.

კირვალიძის თქმით, ერთ–ერთმა ფერმერმა კახეთში საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც ფერმის მშენებლობა წამოიწყო. commersant.ge კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილეს გიორგი სიბაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბურები კახეთში მიწებით არ დაინტერესდნენ და არც აღნიშნული ფერმის მშენებლობის ამბავი სმენია.

„კახეთის რომელიმე სოფელში ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება რომ დაწყებულიყო, აუცილებლად გვეცოდინებოდა. ჩვენთვის კახეთში ბურების მიერ ფერმის მშენებლობის შესახებ არაფერია ცნობილი. ჩვენ დღესაც მზად ვართ შევთავაზოთ, განახორციელონ ინვესტიცია, თუმცა რატომღაც მათი მხრიდან ინტერესი არ ჩანს,“ – ამბობს გიორგი სიბაშვილი.

შეგახსენებთ: აფრიკელი ბურების ჩამოსახლება წელს უნდა დაიწყოს. საუბარია აფრიკელი ფერმერების მიერ ინვესტიციების ჩადებაზე საქართველოს აგრარულ სექტორში, უპირველესად კი მეცხოველეობის განვითარებაში.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სამხრეთ აფრიკის აგრარულ კავშირთან ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს მიმდინარე წლის დასაწყისში მოაწერა ხელი