ომიდან სამი წლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კვლავ გაყინულია

ომიდან სამი წლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კვლავ გაყინულია

[news voa.com  ჯეიმს ბრუკი]

2008 წელს, რუსეთს და საქართველოს შორის ომი გაჩაღდა. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის დროებითი სადემარკაციო ხაზები დღეს უკვე მუდმივ საზღვარს ემსგავსება.

კავკასიის შუაგულში მდებარე, უძველეს ქართულ საგუშაგო კოშკს ფუნქცია აღუდგა – მის კენწეროზე ერთ-ერთი ევროპელი სამხედრო დამკვირვებელი ადამ ბარტნიცკი რუს სამხედროებს აკვირდება, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის ხაზის ოსურ მხარეს არიან დისლოცირებული.

დიდი დურბინდის საშუალებით მას შეუძლია თვალი ადევნოს იმას, თუ როგორ სრულდება ორი ახალი რუსული ბაზის მშენებლობა. „ჩვენი პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს რუსი მესაზღვრეების ცხრიდან თორმეტამდე ბაზას. ისინი სოკოებივით მრავლდებიან“, – აცხადებს ბარტნიცკი.

სამხრეთ ოსეთის ტერიტორაზე მდებარე ახალი ბაზების ყაზარმებში, მავთულხლართების და პროჟექტორების მიღმა, 5 000 რუსი სამხედრო ცხოვრობს. ომამდე მათი რაოდენობა ათჯერ ნაკლები იყო. ლია ჩლაჩიძე ერთ-ერთია იმ მშვიდობიან მოსახლეთა შორის, რომელიც დღემდე საზღვრიპირა ქართულ სოფელ ერგნეთში რჩება. ის მიტოვებულ ვენახებს და 140 დამწვარი ქართული სახლის ნანგრევებს შორის ცხოვრობს. სახლები ხუთდღიანი ომის დროს დაიწვა.

„ჩემი მშობლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან დაკრძალულნი“, – ამბობს იგი „არავინ იცის რამდენი წელი დასჭირდება იმას, რომ საფლავზე ავსლა შევძლო. ეს ყველაფერი – ნამდვილი ტრაგედიაა. ამ თემაზე ტირილის გარეშე ვერ ვლაპარაკობ“.

ერთ დროს ერგნეთში ვაჭრობა ყვაოდა, თუმცა დღეს სოფელი გზის ბოლოს არსებულ ჩიხად გადაიქცა. პოლიციის მიერ კონტროლირებად გამშვებ პუნქტთან საზღვრის გადალახვა მხოლოდ მაწანწალა ძაღლებს შეუძლიათ.

სამხრეთით, გორის დევნილთა ბანაკში ნანული პერვაშვილი თავისი ოთხკაციანი ოჯახისთვის ფუნთუშებს აცხობს. მისი ბინა სამხრეთ ოსეთშია, საიდანაც ომის დაწყების დროს გამოიქცა. „ცარიელი ხელებით დავტოვეთი იქაურობა“, – ამბობს პერვაშვილი.

მეზობლად, ხუთი ქართველი მამაკაცი ნარდის სათამაშოდ შეიკრიბა, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღის დილაა. შალვა ელბაქიძე ამბობს, რომ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. „ჩვენ არ ვმუშაობთ – არსად არ გვიღებენ, რადგან დევნილები ვართ“, – ამტკიცებს იგი.

თბილისში, საქართველოს დედაქალაქში 8 აგვისტოს მოახლოებასთან ერთად (ომის დაწყების წლისთავი) ქართველებს შორის კამათი მწვავდება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნინო ბურჯანაძის აზრით, ორშაბათს საქართველოს მთავრობა დამარცხებას იზეიმებს.

„შარშან მე მთავრობას ვკითხე: „ჩვენ 8 აგვისტოს კონცერტებით და ფეიერვერკებით ავღნიშნავთ. რას ვზეიმობთ და რატომ?“, – კითხულობს იგი. „თუკი ჩვენ გავიმარჯვეთ, რატომ არავინ და მათ შორის მეც საქართველოში, ამის თაობაზე არაფერი ვიცით?“, – ამბობს იგი.

პასუხად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თორნიკე გორდაძემ განაცხადა, რომ მთავრობა ზეიმობს კრემლის წარუმატებელ მცდელობას მოეყვანა საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთთისადმი კეთილგანწყობილი ავტორიტარული მთავრობა.

„ჩვენ გადავრჩით. ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურების საკმაოდ სერიოზული მცდელობა იყო“, – ხაზგასმით აღნიშნა მან. „ომის მთავარ მიზანს არა ამ ორი რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენდა, რომლებიც კვლავ ოკუპირებულია, როგორც საქართველოს ტერიტორიის 20%. მისი მიზანი მთავრობის დამხობა და საქართველოში რეჟიმის შეცვლა იყო“.

წლისთავამდე ერთი კვირით ადრე ამერიკის სამხედრო ქვეითებმა დაასრულეს ქართველ ჯარისკაცებთან ერთობლივი მანევრები. ოფიციალურად მათ მიზანს ქართველების ავღანეთის ოპერაციისთვის მომზადება წარმოადგენდა. თუმცა ბევრმა ეს ფართოდ რეკლამირებილი ამერიკულ-ქართული წრთვნა შეაფასა როგორც იმის სიგნალი, რომ დასავლეთი რუს სამხედროებს მხოლოდ დურბინდით არ აკვირდება.