მორიგი კორუფციული  სკანდალი გურიის ხელისუფლებაში

მორიგი კორუფციული სკანდალი გურიის ხელისუფლებაში

[ნატო გოგელია]

4 აგვისტოს, დილით მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა საკუთარ სახლში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ტაკიძეს ბრალად ედება 180 000 ლარის მითვისებაში თანამონაწილეობა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსისგან, მერაბ კურდღელაშვილისგან დამატებით, ქრთამის – 20 000 ლარის აღება.

ტაკიძეს ბრალი სისხლის სამართლის  კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ტაკიძე ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსის, მერაბ კურდღელაშვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. კურდღელაშვილი პროკურატურას რამდენიმე დღის წინ ჰყავდა დაკავებული და მისი გათავისუფლება საპროცესო გარიგების თანახმად მოხდა. გარიგების ერთ-ერთი პირობით კურდღელაშვილს მფარველები უნდა დაესახელებინა და, დაასახელა კიდეც.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაკიძე კურდღელაშვილს დანაშაულში უწევდა მფარველობას. პროკურატურას არ განუმარტვას თუ რატომ გაუფორმეს საპროცესო გარიგება რამდენიმე დღის წინ კურდღელაშვილს და რა მიზეზებმა გამოიწვია მისი ხელახალი დაკავება.

„გამოძიების  შედეგად  დადგენილია, რომ  მერაბ კურდღელაშვილს სამსახურებრივ მფარველობას უწევდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  გამგებელი გიორგი ტაკიძე.   ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შემოწმების შედეგად  გაირკვა, რომ დასუფთავების სამსახურის უფროსმა მერაბ კურდღელაშვილმა, 2010-2011 წლებში ბიუჯეტიდან მიღებული 1 100 000 ლარიდან  180 000 ლარი მიითვისა, გამოძიება გრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ტაკიძეს 15 წლამდე  პატიმრობა ემუქრება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პროკურატურა ტაკიძის საქმიანობას ამ ეტაპზეც სწავლობს. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლი, ბახმაროს სკანდალშიც იყო გახვეული. სკანდალურ სიაში, რომლის თანახმადაც ჩინოსნებმა ბახმაროში მიწები უკანონონოდ დაიკანონეს, გიორგი ტაკიძის სიდედრის, ზინა სეფერთელაძის გვარიც ფიგურირებდა. ამის გარდა, გასულ წელს, ტაკიძის 4 თანამშრომელი კორუფციის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მაშინ გამგებელმა ტყავის გადარჩენა მოახერხა.  

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში ამბობენ, რომ ტაკიძის  დაკავება მათთვის მოულოდნელი იყო. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, ალეკო მამეიშვილის ინფორმაციით, რომელსაც კანონით გამგეობის საქმიანობის ზედამხედველობა და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კონტროლი ევალებოდა, ის ინფორმაცია აქვს, რაც პროკურატურამ გაავრცელა და კომენტარებს მოგვიანებით გააკეთებს. კომენტარების გაკეთება სხვა დროისთვის გადადო გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა, რომელიც მომხდარ ფაქტს სამწუხაროს უწოდებს.

გიორგი ტაკიძე ოზურგეთის გამგებლად ერთი წელი მუშაობდა. გასული წლის თვითმართველობის არჩევნებზე მან კენჭი სოფელ ნატანების მაჟორიტარ დეპუტატად იყარა. აღსანიშნავია, რომ ტაკიძე ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელიც გახლდათ.

გიორგი გენადის ძე ტაკიძე 1973 წლის 22 ივლისს დაიბადა. 1990 წელს დაამთავრა სოფელ ნატანების N2 საშუალო სკოლა. 1991 წელს ჩაირიცხა თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტზე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის სპეციალობით, რომელიც 1996 წელს დაამთავრა. 1998 წელს დაიწყო მუშაობა კონტროლის პალატის გურიის ბიუროში სპეციალისტად. 2000 წელს მუშაობდა ოზურგეთის რაიონის გამგეობის ეკონომიკურ სამსახურში მთავარ სპეციალისტად. 2005 წელს დაინიშნა რაიონის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების მთავარ სპეციალისტად,  2006 წელს გადაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად. 2008 წელს დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ. 2010 წელს არჩეულ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოფელ ნატანების მაჟორიტარ დეპუტატად. 2010 წლის 17 ივნისიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელია. ჰყავს მეუღლე – ქეთევან სეფერთელაძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის სამმართველოში ინპექტორ-გამომძიებლად მუშაობს და  2 შვილი – ნიკოლოზ და მარიამ ტაკიძეები.

გიორგი ტაკიძე გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის კადრად მოიაზრებოდა. ჯერჯერობით უცნობია დადგება თუ არა გურიის გუბერნატორის პასუხისმგებლობის საკითხი, რეგიონალური განთვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, მისი წილი პასუხისმგებლობა გუბერნატორსაც აკისრია:

„პირადად ვარ დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად დაისაჯონ ის პირები, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია და ამის გათვალისწინებით, მოვერიდები წინასწარი განცხადებების გაკეთებას. ამ ქვეყანაში დანაშუალის ჩამდენი არცერთი პირი დაუსჯელი არ დარჩება“ – გვითხრა ნიკოლაიშვილმა.

ვალერი ჩიტაიშვილის გუბერნატორობისას, ეს პირველი სკნადალი არ არის, რომელშიც ადგილორბივი ჩინოსნები გაეხვიენ. გასულ წელს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე, შოთა სირაძე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს. სირაძე დღემდე მიმალვაშია და მას გამოძიება დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს. ე.წ. ბახმაროს სკანდალმა უკვე შეიწირა რამდენიმე ჩინოვნიკი. მათ შორის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების გამგეობის სამსახურის უფროსები.

ბახმაროს სკანდლას გადაყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანი. ამის შემდეგ იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 4 თანამშრომლის სკანდალური დაკავება, რომელთაგან ერთი დღესაც სასჯელს იხდის. კიდევ ერთი სკანდალი ჩიტაიშვილის გუბერნატორობისას ხე-ტყეს უკავშირდება. სატყეოს ყოფილი უფროსი, გია მგალობლოშვილი დღემდე ძებნაშია მისი პოვნის სანაცვლოდ ჯილდო 5000 ლარია. მართალია, მგალობლიშვილი გაიქცა, მაგრამ მისი თანამშრომელები, მათ შორის ჩოხატაურის სატყეო სამმართველოს აწ უკვე ყოფილი უფროსი, თენგიზ ცინცაძე დააკავეს და 14-15-16 წლიანი სასჯელები მიუსაჯეს. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პორკურატურა მათთან დათმობაზე წავიდა და სოლიდური თანხის სანაცვლოდ, სასჯელი 3 წლამდე შეუმცირა.

ამ ფაქტების გათვალისწინებით, ჩიტაიშვილის თანამდებობაზე ყოფნა–არყოფნის საკითხი ბევრჯერ დაისვა, მაგრამ გუბერნატორმა თანამდებობის შენარჩუნება მოახერხა. თანამდებობაზე დარჩა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძეც, რომლის ზედამხედველობის ქვეშ მყოფმა კომისიამ ასობით ყალბი დოკუმენტის გაცემა ისე მოახერხა, რომ ხუნდაძემ ვერაფერი გაიგო (?!). სამაგიეროდ, ამ სკანდალებს ჩოხატაურის გამგებლის, მამუკა დოლიძის კანდიდატურა გადააყოლეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს სირაძის კომისიასთან ყველაზე ნაკლები შეხება ჰქონდა.

ჯერჯერობით უცნობია ვისი თანამდებობები გადაყვება ტაკიძის დაკავებას. ჩვენი წყარო ამბობს, რომ გურიაში დაკავებების სერიები გაგრძელდება.

როგორც ამბობენ, ეს დაკავებები მერაბიშვილის და ადეიშვილის დაპირისპირების მორიგი რაუნდია. თუ გავითვალისიწინებთ იმას, რომ გასულ წელს ადეიშვილის კლანმა მერაბიშვილს სერიოზული დარტყმა მიაყენა და შსს ათობით მაღალჩინოსანი კორუფციულ გარიგეგებში ამხილა (ბახმაროს სკანდალი გავქს მხედველობაში) ადვილი სავარაუდოა, რომ მთავარი პოლიციელი შურისძიებას გეგმავს, მით უმეტეს რომ ბახმაროს სკანდალს ადეიშვილის „სასტავის“ მხოლოდ ერთი კადრი, მამუკა დოლიძე შეეწირა, მერაბიშვილს კი მნიშვნელოვან კადრებთან მოუწია დამშვიდობება.

ამ უწყებებთან დაახლოებული ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ ეს სკანდალი ასე არ დასრულდება. წყაროს თქმით, ამას ისიც ემატება, რომ სააკაშვილს გურია გულზე არ ეხატება, ამიტომაც არ გამორიცხავენ რომ სააკაშვილმა ორივე ძალოვან მინისტრს მწვანე აუნთოს. სანადირო ველზე ხომ გურული ჩინოსნები არიან, რომელთა ბედი ორთა ჭიდილში ნაკლებად საინტერესოა. მავანთათვის მთავარი ის არის, რომ ძლიერმა უპირატესობა დაამტკიცოს. ჯერჯერობით 1:0 ადეიშვილის სასარგებლოდ. ამას თუ დავუმატებთ იმ ფაქტს, რომ დაკავებული გამგებლის ცოლი, მერაბიშვილის კადრია, 2:0 გამოვა. ამ ყველაფრის გათვალისიწნებით, გურიაში ახალ, სერიოზულ სკანდალს ელოდებიან. ჯერჯერობით უცნობია ვინ ვის ბადეში მოყვება, მაგრამ ვისაც ვანოს ხელი მოხვედრია, ყველამ იცის, რომ მთავარ პოლიციეს წაგება არ უყვარს.