ამანათების გაგზავნა 472 პროცენტით გაძვირდა

ამანათების გაგზავნა 472 პროცენტით გაძვირდა

გაზეთ „რეზონანსის“ მასალები


"საქართველოს ფოსტამ" ტარიფები გაზარდა. 3 აგვისტოდან შიდა რესპუბლიკური საფოსტო გზავნილების ტარიფმა 115%-ით მოიმატა, 5 კილოგრამამდე ამანათების გაგზავნა კი 472%-ით გაძვირდა.

სატარიფო ცვლილება ძალაში 3 აგვისტოდან `საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე შევიდა.
რატომ მოხდა ტარიფები მატება, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება „რეზონანსმა“ საქართველოს ფოსტაში ვერ შეძლო.

აქამდე 20 გრამამდე შეკვეთილი გზავნილის მინიმალური ღირებულება 2 ლარი იყო, უბრალო გზავნილი კი 1.60 ლარი ღირდა. 3 აგვისტოდან კი შეკვეთილი გზავნილის ფასი, რომლის წონაც 50 გრამს არ აღემატება, 4.30 ლარი გახდა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს `საქართველოს ფოსტის" რეგიონალურმა წარმომადგენელმა მარიკა თევდორაშვილმა განუცხადა, 3 აგვისტოდან ყველა გზავნილი, შეკვეთილიც და უბრალოც, ერთი ტიპის გზავნილად ითვლება, გამიჯვნა აღარ მოხდება.

გაიზარდა ამანათების გაგზავნის ტარიფებიც. შიდარესპუბლიკური გზავნილი 5 კილოგრამამდე თუ ღირდა 5 ლარი, ამჟამად გადასახადი 23.60 ლარია. 10 კილოგრამამდე თუ 7 ლარი ღირდა, ახლა 29 ლარი გახდა. მაქსიმალური წონა - 20 კილოგრამი - 10 ლარი ღირდა, ახლა კი გადასახადი 35.40 ლარია.

რაც შეეხება საერთაშორისო გზავნილებს, ტარიფში ცვლილება ამ მიმართულებით არ მომხდარა.

`საქართველოს ფოსტა~ ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზაციაა, რომელსაც საკუთარი ფილიალი ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქში აქვს და შესაბამისად, შიდა საფოსტო და ამანათების გაგზავნის მხრივ ლიდერის პოზიციაში იმყოფება. ამ უპირატესობის გამო მთავრობამ მისი პრივატიზებაც გადაწყვიტა, თუმცა მოგვიანებით, რამდენიმე უშედეგო მცდელობის გამო გაყიდვა ამ ეტაპზე გადაიფიქრა.