[მანანა ნოზაძე]
„დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის ოჯახი რომელიმე უცხო ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ გამორიცხავს. მართალია, ბურჯანაძე ირწმუნება, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა, მაგრამ არც გამოირიცხება.
როგორც ნინო ბურჯანაძე ამბობს სერიოზულ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია მიუვიდა, რომ, შესაძლოა, მის რომელიმე შვილთან მიმართებით პროვოკაცია განახორციელონ. მართალია, ხელისუფლებამ იარაღის, ნარკოტიკების ან ავარიის მოწყობა, განსაკუთრებით მის უფროს შვილთან მიმართებით, გადაიფიქრა, მაგრამ რეზერვში სხვა მეთოდებიცაა, რომლის გამოყენების შემთხვევაში, ბურჯანაძე აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ ეს მძიმედ დაუჯდებათ. კერძოდ, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ახალგაზრდული თავშეყრის ადგილებში მის 18 და 25 წლის ვაჟებს, შესაძლოა, დედა შეაგინონ, რასაც თავმოყვარე ახალგაზრდა, ბუნებრივია, ვერ მოითმენს...
„პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში სტუმრობისას ბურაჯანაძემ 26 მაისის ავადსახსენებელი ღამეც გაიხსენა, რაც პოლიციელის დაღუპვით დასრულდა. ბურჯანაძე მზადაა, პოლიციელის ოჯახის წევრებს დაელაპარაკოს და მათთან ერთად გაარკვიოს სიმართლე. მით უფრო, რომ მის პოზიციებს ახლა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც ამყარებს. რომ არა ეს ბიურო, ბურჯანაძე სიმართლის დასამტკიცებლად უცხოელ ექსპერტებს ჩართავდა საქმეში, რისთვისაც მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
ბურნაჯანაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნიდან ციტატაც წაიკითხა, საიდანაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ მისი კორტეჟის რომელიმე ავტომანქანა ადამიანს არ დაჯახებია.
„ჩანაწერზე ფიქსირდება ექვსი ავტომობილისგან შემდგარი ავტოკოლონის მოძრაობა ღამის საათებში. ავტომობილების შეჯახება უცხო სხეულთან კადრში არ არის ასახული, ხოლო უცხო სხეული ფიქსირდება კოლონაში მომავალი მეექვსე, ბოლო, მუქი, სავარაუდოდ, შავი ფერის ავტომობილის უკან“, – ვკითხულობთ დასკვნაში.
ბურჯანაძე აცხადებს, რომ შსს-ს მიერ წარდგენილი მეორე, ამჯერად სულ სხვა მონაკვეთის კადრიც არ ასახავს ავტომობილის ადამიანთან შეჯახებას. მართალია, ამ კადრის მიხედვით, შსს ბურჯანაძის კორტეჟს ადამიანთან დაჯახების გამო არ ადანაშაულებდა, მაგრამ კითხვის ნიშნები დაისვა, რის გაქარწყლებასაც ბურაჯანაძე ისევ სამხარაულის დასკვნით შეცადა.
მეორე დასკვნაში ვკითხულობთ: „ადამიანებთან ან რაიმე უცხო სხეულთან მანქანის შეჯახება არ ფიქსირდება. კადრში დაფიქსირებული ავტომობილის აწევა-დაწევა სავალი ნაწილიდან გამოწვეულია, სავარაუდოდ, რაიმე საგანზე გადავლით“.
ბურჯანაძის კომენტარით, ეს საგანი შეიძლება იყოს ის ფარები, რომელსაც შსს-ს ზონდერბრიგადები და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ქვემოთ უყრიდნენ მანქანას. მეტიც, ბურჯანაძე იხსენებს, რომ „ზონდერები“ თავზეც კი დაახტნენ კორტეჟის ავტომანქანას, რათა მისთვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა არ მიეცათ.
„რატომ გაიყვანეთ ბურჯანაძე, მას მიწაზე უნდა ეფორთხაო“, – მიმართავენ ჩემი დაცვის წვევრებს. რატომ უნდა მეფორთხა, რადგან მთავარსარდალმა გორში იფორთხა?“ – კითხულობს ბურჯანაძე და აცხადებს, რომ მისი დაცვის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება, რადგან მათ ბურჯანაძე სახიფათო ადგილიდან გაიყვანეს. ამასთან, მისი დაცვის წევრებს მასთან მუშაობის გაგრძელების საშუალებას თითქოს არ უკრძალავენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ოჯახის წევრების სიცოცხლით ემუქრებიან.
ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ორი თვის მანძილზე, მისი მოთხოვნის მიუხედავად, შსს-მ მანქანების ექსპერტიზისთვის ვერ მოიცალა.
„შსს შესაბამისმა სამსახურებმა ვერ მოიცალეს იმისთვის, რომ ეს სკანდალური საქმე გამოეძიებინათ და მანქანებისთვის ექსპერტიზა ჩაეტარებინათ. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შემდეგ გამოსავლის მოძებნას ან რომელიმე ავტომობილთან დაკავშირებით გაყალბებული დასკვნის დადებას ხომ არ ცდილობენ?! თუმცა ყველა ავტომობილის დათვალიერების შედეგად ფიქსირდება, რომ არცერთ მანქანას ადამიანთან შეჯახების კვალი არ ეტყობა“, – აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.
მისი თქმით, მათ გარდაცვლილი პოლიციელის ტანსაცმლის ექსპერტიზას ვერ მიაღწიეს, სასამართლოს წინაშე დღემდე არაა წარდგენილი დაღუპულის ტანსაცმელი, რომელზეც მანქანის დაჯახების შემთხვევაში, კვალი აუცილებლად დარჩებოდა.
ბურჯანაძე კატეგორიულად გამორიცხავს მოარულ ხმებს, თითქოს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მან სულ სხვა ჩანაწერი წარადგინა, რომლითაც კორტეჟის პოლიციელზე დაჯახება არ დასტურდებოდა. სინამდვილეში, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ირწმუნება, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გამოსაკვლევად სწორედ ის კადრები წარადგინა, რომელთაც შსს ბურჯანაძის კორტეჟის დანაშაულის წარმოსაჩენად ატრიალებდა.
ამასთან, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი შსს-ს და, კონკრეტულად, მინისტრის მოადგილე შოთა უტიაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს.
„უტიაშვილი ურცხვად ბრალს გვდებდა პოლიციელის მკვლელობაში, ამით დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, მოქმედებდა სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სცენარით, რომლის მიხედვითაც, რადაც უნდა დასჯდომოდათ, 26 მაისს აუცილებლად ადამიანი უნდა დაღუპულიყო და მერე სისხლი უნდა დაბრალებოდა ნინო ბურჯანაძეს. ბატონმა უტიაშვილმა ცილისწამებისთვის პასუხი უნდა აგოს. რით ვერ მოახერხეს ამ დასკვნის მოპოვება და წაკითხვა?“
ლევან სამხარაულის ბიუროს დასკვნის გარდა, ნინო ბურჯანაძე „სახალხო კრების“ გეგმებსაც შეეხო და ქვეყანაში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის დაწყების აუცილებლობა გვამცნო. მანვე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „სახალხო კრება“ რეზო ესაძემ, გოგი ქავთარაძემ და ლაშა ამირეჯიბმა დატოვეს. პირიქით, ბურჯანაძე პირველ ორ მათგანს ამ დღეებში ესაუბრა და ისინი სექტემბრიდან ბრძოლის გაძლიერებას გვპირდებიან. ლაშა ამირეჯიბს კი პარალელურად სხვა პოლიტიკურ პარტიაში მოღვაწეობას არავინ უშლის. ბურჯანაძის თქმით, ლაშა ამირეჯიბს შეუძლია ისევ „სახალხო კრების“ წევრად დარჩეს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი პარლამენტის 190 კაცამდე გაზრდას საპარლამენტო ადგილებით ვაჭრობად და დანაშაულად აფასებს.
„მარტო დავით გამყრელიძეზე არ ვამბობ, ვინც პარლამენტის რიცხობრივად გაზრდას მხარს დაუჭერს, ის საპარლამენტო ადგილებით ვაჭრობს. დავით გამყრელიძე 2008 წელს რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო და აცხადებდა, რომ პარლამენტართა რიცხობრივ ზრდას არ დაუჭერდა მხარს. ახლა კი პოზიცია შეიცვალა“.
პრესაგე.ტვ-ს შეკითვაზე, რას ფიქრობდა არჩევნებში ბიომეტრიული პასპორტების გამოყენებასთან დაკავშირებით, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, „წარმოიდგინეთ, არჩევნები ჩავთვალოთ არა გარიგებულად, არამედ ჩვეულებრივ დემოკრატიულ არჩევნებად. ამ დროს კი პოლიციელი მიდის ამომრჩეველთან და ეუბნება, გადაიღე, რომ ნამდვილად ხუთიანი შემოხაზეო. მაინტერესებს, ამ პირობებში „ექვსიანი“ როგორ აპირებს არჩევნების მოგებას?“ –კითხულობს ბურჯანაძე.
მისი თქმით, ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ არა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში.
„მიკვირს დღევანდელი ოპოზიციის, მეგონა, 26-ში სოლიდარობას გამოუცხადებნენ ციხეში მსხდომთ. როცა პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, უკანონოდ დაპატიმრებულების, განსაკუთრებით, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა მიმართ, ყურადღებას ვიჩენდი და ზეწლას ვახდენდი ხელისუფლებაზე“.
ამასთან, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მართალია, ზოგიერთები ცდილობდნენ, წარმოეჩინათ, თითქოს ბურჯანაძე „ექვსიანთან“ გაერთიანებას აპირებდა, მაგრამ, სინამდვილეში, იგი მათთან შეერთებას არც არასდროს აპირებდა. უბრალოდ, მოიწონა, როცა ისინი, ორი პარტიისგან განსხვავებით, ხელისუფლებას არ გაურიგდნენ.
რაც შეეხება რუსეთთან მიმართებით კომენტარს, ნინო ბურჯანაძე კვლავაც თავშეკავებული აღმოჩნდა და მრავალმნიშვნელოვნად იკითხა, „რომელი სუპერსახელმწიფო არ ცდილობს სხვა სახელმწიფოები აკონტროლოს? ამ მხრივ არც რუსეთია გამონაკლისი. მაშინ, როცა სხვა სუპერსახელმწიფოები ბევრად უფრო შორიდან ცდილობენ სხვა მცირე სახელმწიფოების გაკონტროლებას. რუსეთს აქვს თავისი ინტერესები და გვიკვირს, რომ მას აქვს სურვილი, აკონტროლოს აფხაზეთი და ცხინვალი?“
„თუ სააკაშვილი დღეს ლაპარაკობს ოკუპაციაზე, პირველ რიგში, უნდა თქვას, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი – ეს არის სააკაშვილი. აგვისტოს ომი არ იყო შეცდომა, ეს იყო დანაშაული, რაზეც სააკაშვილს პასუხის გაცემა მოუწევს“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.