„საქართველოში მორიგი ხავერდოვანი რევოლუცია ისე მშვიდობიანად არ დასრულდება, როგორც 2003 წელს“

„საქართველოში მორიგი ხავერდოვანი რევოლუცია ისე მშვიდობიანად არ დასრულდება, როგორც 2003 წელს“

არჩევნებამდე პერიოდი რთული იყო და არც არჩევნების შემდგომი პერიოდია ია-ვარდით მოფენილი. დაპირისპირება ღრმავდება და ერთი-მეორის მიყოლებით ხან ნიკა გვარამია იმუქრება, „დაგიხვრიტავთ კოჭებს“, ხან ვიგებთ, რომ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმა მოხდა, ხან ლალი მოროშკინა გამოდის და ამბობს, რომ სააკაშვილის დაკვეთით იგეგმებოდა გრიგოლ ვაშაძის მოკვლა და ამიტომაც ემოსა ვაშაძეს ჯავშანჟილეტი...

სადამდე უნდა გაგრძელდეს დამარცხებულების აგრესიული ტონი და რევანშისტების გაღიზიანება?! ამის შესახებ For.ge ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

ზაალ ანჯაფარიძე: სადამდე შეიძლება გაგრძელდეს დაპირისპირება?! გაგრძელდება მანამდე, სანამ „ნაციონალებსა“ და სააკაშვილს ექნებათ იმის იმედი და განცდა, რომ რევოლუციის მეშვეობით შეუძლიათ კიდევ ერთხელ ამოაყირავონ ხელისუფლება და ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ. სანამ მათ ამის მოთხოვნილება ექნებათ, ისინი ამას გააგრძელებენ. ეს განცდები, ეს მზაობა და ეს მოთხოვნილება პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია ხელისუფლება და რამდენად ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს ამ რთულ პერიოდში, რამდენად შეძლებს დაძაბულობის განმუხტვას. ეს ყველაფერი გაირკვევა 16 დეკემბრამდე დარჩენილ ორ კვირაში.

მე ვფიქრობ, ამ პერიოდში ორივე მხარე უკვე მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბდება იმაზე, მოქმედების რა სცენარი აირჩიოს. თუ ხელისუფლება განაცხადებს, რომ მზად იქნება დიალოგზე, ოღონდ არა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, არამედ საარჩევნო კოდექსისა და საარჩევნო სისტემის შეცვლა-გაუმჯობესებაზე, მაშინ, შესაძლოა, ეს იყოს ერთგვარი მექანიზმი იმისა, რომ დაძაბულობის მუხტმა დაიწიოს. ხოლო, თუ ხელისუფლება განაცხადებს, რომ ის არ აპირებს ოპოზიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ისეთივე ხისტი პასუხები ექნება, როგორიც ახლა გვესმის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან, მაშინ, რა თქმა უნდა, ოპოზიციას გაუჩნდება უფრო მეტი მოტივაცია. შესაძლოა, მათ მომხრეებსაც გაუჩნდეთ მეტი მოტივაცია, რომ რადგან ხელისუფლება ჩვენთან დიალოგზე არ მოდის, ჩვენ მათ ვაჩვენებთ ჩვენს ძალასო.

მეორე მხრივ, სურვილი ერთია, მაგრამ რეალობა მეორეა. აქ მთავარი საკითხია, „ნაცმოძრაობის“ თუ გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეთა შორის რამდენი აღმოჩნდება ისეთი, ვინც მზად იქნება რადიკალური ქმედებისთვის, მზად იქნება, გარკვეული პერიოდი ამისთვის თავი გადადოს და რაღაც-რაღაცები ამას მსხვერპლად შესწიროს. არა მგონია, ასეთი განცდა იყოს ამ ხალხის უმეტესობაში. კი, შეიძლება, იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მზად იქნებიან ასეთი მოქმედებისთვის, მაგრამ საეჭვოა, ამ ჯგუფების რაოდენობა კრიტიკულად დიდი იყოს, რომ მათ შეძლონ არეულობის მოხდენა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების მოქმედებების ადეკვატურობაზე.

თუ ხელისუფლება დაანახებს მოსახლეობას, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს, რომ ის ნაბიჯების გადადგმას სწორი მიმართულებით აპირებს, მაშინ პროტესტის მუხტი დაიწევს. ეს არ უნდა იყოს ზოგადი განცხადებები, როგორც ადრე სჩვეოდა ამ ხელისუფლებას და ეს განცხადებები სადღაც იკარგებოდა და დაპირებები არ სრულდებოდა. ასეთ შემთხვევაში, მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი აიწევს. რაც შეეხება მოროშკინას, მისი განცხადებები არ არის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია, მაგრამ მას შეიძლება ჰქონდეს თავისი აზრი.

თუკიქართული ოცნებისხელისუფლებანაცმოძრაობასთანდიალოგს ისურვებს, ამას ჩვენი მოსახლეობა დათმობად ხომ არ განიხილავს? საუბარია იმ გუნდზე, რომლის სახელიც მძიმე 9-წლიან პერიოდს უკავშირდება.

- მესმის, არაერთი ექსპერტი თვლის, თუკი ხელისუფლებამ რაღაც დათმო, შემდეგ წამოვა მოთხოვნები უფრო მეტ და მეტ დათმობებზე, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ხელისუფლებამ საერთოდ არაფერი დათმო, არ წავიდა დიალოგზე და ზედმეტად ხისტი პოზიცია გამოიჩინა, არც ეს მგონია მომგებიანად. ოქროს შუალედია საპოვნელი იმისთვის, რომ არც ერთმა მხარემ არ იგრძნოს თავი დამარცხებულად და წაგებულად და არც მეორე მხარემ გამარჯვებულად. მოდით, ერთ რამეს დავუკვირდეთ, რომ ამ პროცესებს ძალიან გულდასმით აკვირდებიან დასავლეთში ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები და, ალბათ, ისინი კულუარულად რეკომენდაციებსაც აძლევენ როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას. არა მგონია, მათ ინტერესებში შედიოდეს საქართველოში მორიგი ხავერდოვანი რევოლუცია, რადგან ეს რევოლუცია არ დასრულდება ისე, როგორც 2003 წელს. დიდი ალბათობით, იქნება შეტაკებები, დესტაბილიზაციის ხანგრძლივი პერიოდი, ქვეყანა ჩაიძირება გაურკვევლობისა და არეულობის მორევში. ეს კი როგორ იმოქმედებს შემდეგ ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე, მე მგონი, აქ კითხვებიც აღარ ისმის.

დასავლელი კოლეგები ორივე მხარეს ურჩევენ კომპრომისზე წასვლას, მაგრამ შეიძლება თუ არა სააკაშვილმა რამენაირად გაიზიაროს ლინკოლნ მიტჩელის მოსაზრება, რომ გრიგოლ ვაშაძის დამარცხებაში მისი როლი უმთავრესია, სწორედ სააკაშვილიანაცმოძრაობისთავსატეხი და, სააკაშვილი კარგი სტრატეგი რომ იყოს და სურდესქართული ოცნებისმოშორება, ერთი წელი საერთოდ ხმას არ ამოიღებდა.

- უნდა იცნობდე სააკაშვილს, რომ მისი ქმედებები შეაფასო. მას ხომ, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენია საკუთარი თავი სადღაც ჩრდილში მიყუჩებული, რომ ის დაკავდეს სხვა საქმიანობით, წაიკითხოს ლექციები უნივერსიტეტში და გააკეთოს ის, რასაც პოლიტიკიდან წასული ადამიანები აკეთებენ. მისი ნატურიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მას ჰყავდეს გარკვეული მოკავშირეები დასავლეთში, რომლებიც ერთგვარად აგულიანებენ, მიდი და ჩვენ მხარს დაგიჭერთო. თვითონ სააკაშვილის ნატურიდან გამომდინარე, შესაძლოა, ის თვლის, რომ, თუ ჩრდილში გადავა და „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობის ბერკეტებს სხვა პიროვნებებს დაუთმობს, ის შეიძლება საბოლოოდ ჩამოშორებულ აღმოჩნდეს პოლიტიკიდან და დაკარგოს ის საყრდენი, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შემორჩენილი ელექტორატია. ვაშაძე რამდენად იქნება სააკაშვილის საპირწონე, ეს ცოტა რთული საკითხია.

ყოველ შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძეს სააკაშვილის მსგავსი ქარიზმა არ ემჩნევა.

- მთლად ასე ვერ ვიტყოდი, შესაძლოა, ვიღაცებს მოსწონთ კიდეც ვაშაძის ურთიერთობის სტილი. ვაშაძეს რომ არ ჰქონდეს რაღაც მონაცემები, მას ამდენი ადამიანი ხმას არ მისცემდა. მართალია, ამბობენ, რომ ეს სააკაშვილის ხმები იყო, მაგრამ ხმების გარკვეული რაოდენობა გრიგოლ ვაშაძემ სწორედ თავისი პიროვნული თვისებების გამო აიღო. ამასაც ნუ დავუკარგავთ. სააკაშვილს კი არ შეუძლია იყოს ჩუმად, ჩრდილში და ჩამოსცილდეს პროცესებს. სააკაშვილი ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ადამიანია, ძალიან ხშირად იცვლის პრიორიტეტებს. თუ მიაქციეთ ყურადღება, ის ირწმუნებოდა, უკრაინაში არ შევწყვეტ ბრძოლას, ამ ბრძოლას მივიყვან ბოლომდე, მაგრამ სად არის ახლა უკრაინა? საერთოდ, ამოვარდნილია სააკაშვილის დღის წესრიგიდან, ერთხელაც არ უხსენებია უკრაინა. იქ მან პარტია შექმნა, მოძრაობა დააარსა, მაგრამ ახლა საერთოდ მიატოვა, არც კი ახსენებს და მთლიანად გადმორთულია საქართველოს მოვლენებზე.

გეთანხმებით, მაშინაც კი, როცა უკრაინას ახსენებდა, შინაგანად სწორება საქართველოზე ჰქონდა და საქართველოში წარმოედგინა თავისი მომავალი, რადგან უკრაინაში მაინც დროზე გაუგეს, ვინ იყო იგი, საქართველოში კი 9 წლის განმავლობაში გახანგრძლივდა მისი მმართველობა.

- არ მაქვს ამის ახსნა. აქ უკვე სოციოლოგებმა, ფსიქოლოგებმა უნდა დადონ დასკვნა და გაარკვიონ, ჩვენი ხალხის ნაწილი ჯერ კიდევ რატომ უჭერს მხარს „ნაცმოძრაობას“ და სააკაშვილს. 2012 წლის არჩევნებიდან მომდინარე, „ქართული ოცნების“ ელექტორატი თანდათანობით ეცემოდა, ხოლო მის საწინააღმდეგოდ მიცემული ხმების რაოდენობა იზრდებოდა. ეს იმის მანიშნებელია, რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის თვალში კარგავდა პოპულარობას, ის უკვე აღარ იყო ხალხის თვალში მიმზიდველი პარტია. ვინაიდან ასპარეზზე არ არსებობდა სხვა ძლიერი პოლიტიკური ძალა, ამომრჩევლის ნაწილი სახლში რჩებოდა, განაწყენებული ამომრჩევლის ნაწილი კი ხმას აძლევდა „ნაციონალებს“.

როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთთან მომლაპარაკებელი სალომე ზურაბიშვილი? რამდენად პრინციპული იქნება ევროპაში აღზრდილი ქალბატონი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელი უპრინციპობის პირისპირ?

- ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან პირდაპირი მომლაპარაკებელი ვერ იქნება. მას ამის უფლებამოსილება არ აქვს, ის შეიძლება რომელიმე საერთაშორისო ფორუმზე წავიდეს, იქ შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს და ზრდილობის ჟესტები გაცვალონ ერთმანეთში, მაგრამ ის ვერ იქნება რუსეთთან მომლაპარაკებელი, კონსტიტუცია ამის უფლებას არ ანიჭებს და ეს უნდა გააცნობიეროს ჩვენმა საზოგადოებამ. მას შეუძლია განცხადებები გააკეთოს საერთაშორისო და ადგილობრივი ტრიბუნიდან, თუ ეს მოითხოვა პოლიტიკურმა აუცილებლობამ. მოლაპარაკება კი უნდა აწარმოოს მთავრობამ. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია მისი პირადი კავშირები, დიპლომატიური გამოცდილება და დიპლომატიური კაპიტალი გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი გააუმჯობესოს, ახალი ურთიერთობები დაამყაროს საზღვარგარეთ და იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის გამხმოვანებელი საერთაშორისო დონეზე.

თუკი სალომე ზურაბიშვილი არ იქნება რუსეთთან მომლაპარაკებელი, გამოდის, რომ ეს კომფორტია რუსეთისთვის, რადგან სალომე ზურაბიშვილი ხშირად აცხადებს, რომ მის სახელს უკავშირდება რუსული ბაზების გაყვანა?

- იმ პერიოდში სალომე ზურაბიშვილს სხვა სტატუსი ჰქონდა, იგი მთავრობის წევრი იყო, საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ. დღეს კი სალომე ზურაბიშვილი რუსეთისთვის არ წარმოადგენს პრობლემას. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა საქართველოში არ წყდება. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ სხვა, ჩვენი საგარეო პოლიტიკა ყოველთვის იქნება შეთანხმებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.