"ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი მხარდამჭერი თაკო ჩარკვიანი "2020NEWS“-თან საუბარში აცხადებს, რომ ჯანსუღ ჩარკვიანის მთაწმინდაზე დაკრძალვასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია.
ჩარკვიანი ჟურნალისტ გიორგი გიგაურის ხმაურიან განცხადებას პასუხობს, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯანსუღ ჩარკვიანის ადგილი მთაწმინდაზე არ არის და რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ის მთაწმინდაზე არ დაიკრძალებოდა.
"გულწრფელად გეუბნებით, მართლა არ ვიცი, ვინ არის ეს გიგაური. თუ ჟურნალისტია, მაშინ ისიც ეცოდინებოდა, როდის მოვედი ოპოზიციაში და თუ არ იცის, Youtube-ზე დევს 2012 წლის ვიდეო და უბრალოდ თითის დაჭერაა საჭირო მის სანახავად. ინგა გრიგოლიას ეთერში ვამბობდი, ვინ მოგყავთ გენერალური პროკურის მოადგილედ, საქვეყნოდ თავმოჭრილ ადამიანზე, ლაშა ნაცვლიშვილზე არჩევანი როგორ გააკეთეთ-მეთქი. ოპოზიციაში წავედი იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რისი იმედიც მქონდა, არაფერი შეასრულა. სოფლებს არანაირი დახმარება არ მიუღიათ, გააცოცხლა პოლიტიკური გვამები, მივიღეთ დაწინაურებული მურუსიძეები, ჩინჩალაძეები, ზარდიაშვილები და ა.შ.“- განაცხადა ჩარკვიანმა.
ჩარკვიანმა მამის დაკრძალვის დღეც გაიხსენა, როდესაც ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ჩარკვიანის თქმით, ივანიშვილის იქ ყოფნა არანაირად არ ნიშნავდა იმას, რომ ქვეყნის მმართველი მასზე ნაწყენი არ იყო.
"არ მდგარა პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი ჩემს გვერდით. ამოვიდა ის კაცი ჯანსუღის პანაშვიდზე. პოეტის პანაშვიდზე იყო. მე იმ დროს გაქანებულ ოპოზიციაში ვიყავი, ჩემთვის არც მოუსამძიმრებია და დედაჩემთანაც არ მისულა ახლოს, თუ ძალიან გაინტერესებთ. ამოვიდა პანაშვიდზე და დადგა. როგორც ჩანს, მე რადგან ოპოზიციაში ვიყავი, ამ კაცმა გადაწყვიტა, რომ დედაჩემისთვის არ უნდა მიესამძიმრებინა. დავუშვათ, თანხას უხდიდა ჯანსუღ ჩარკვიანს. ხომ ვერ გამოტოვებდა ჯანსუღს - მწერალთა კავშირში ყველას უხდიდა თანხას და მარტო მას ხომ არ გამოტოვებდა.... დავუშვათ უხდიდა, გავყიდო ამის გამო სახელმწიფოებრიობა?! - მე ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი ნაწყენი იყო მამაჩემზე, რადგან მე ვიყავი ოპოზიციაში. ჯანსუღი ისე გარდაიცვალა, რომ როცა ჰკითხეს, პირდაპირ ეთერში რუსეთი ოკუპანტიაო? - უპასუხა, რომ რუსეთი ორასი წელია, ოკუპანტია. ინგა გრიგოლიამ უთხრა - მიხარია, რომ პირდაპირ ამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, რადგან თქვენი თაობის ადამიანებს უჭირთ ამის თქმა და ხშირად არ ამბობენო. ომის დაწყებას სააკაშვილის შეცდომებს უკავშირებენო, რაზეც ჯანსუღი პასუხობს - მიშას ოპოზიციაში ვიყავი, მაგრამ მანამდე აფხაზეთი და 9 აპრილი ხომ იყოო, ავი მეზობელი არის რუსეთიო. ეს იყო ჯანსუღის ბოლო ეთერი. ამ ეთერის შემდეგ როგორც ჩანს, გიორგი გიგაურის მსგავსმა ტიპებმა რაღაც დაუწერეს. და იმ წერილის წაკითხვიდან 20 წუთში ინსულტი მიიღო... მერე ივანიშვილი მოვიდა მამაჩემის დაკრძალვაზე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე ოპოზიციაში არ ვიყავი. ამ ყველაფერს რომ ვამბობ, ხალხი ვერ იგებს. აზროვნება მინუსებშიც არ აქვთ. ინტელექტის დეგრადირება აქვს ზოგიერთს, ამ შემთხვევაში გიგაურს. მისნაირები რომ არიან ამ ქვეყანაში, იმიტომ ვართ ჭაობში. ბიძინა ივანიშვილი მოვიყვანეთ განვითარებისთვის, იმედი გვქონდა, რომ ის კანონდარღვევები, რაც იყო ქვეყანაში, აღარ იქნებოდა და ქვეყნის აღმშენებლობა დაიწყებოდა. ამის ნაცვლად, სახელმწიფო ინსტიტუციების შენება შეჩერდა და პლიუს დაემატა დანაშაულებრივი ქმედებები", - აცხადებს ჩარკვიანი.
კითხვაზე თუ ვინ გადაწყვიტა, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანის მთაწმინდაზე დაკრძალვა, ჩარკვიანი პასუხობს, რომ ამ საკითხით არ დაინტერესებულა.
"ჯანსუღის გარდაცვალების შემდეგ, კულტურის სამინისტროდან დამირეკეს და მითხრეს, რომ მისი მთწმინდაზე დაკრძალვა გადაწყვიტეს. კონკრეტულად ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ამის შესახებ არც მიკითხავს. აბა, სხვაგან სად უნდა დაკრძალულიყო, გალაკტიონ ტაბიძის მერე ეს ერთი სახალხო პოეტი გვყავდა ქართველებს. ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, რადგან მაშინ პარტიის თავმჯდომარეც არ ყოფილა", - აცხადებს ჩარკვიანი.
ცნობისათვის, ჟურნალისტმა გიორგი გიგაურმა თაკო ჩარკვიანზე სოციალურ ქსელში ხმაურიანი სტატუსი გამოაქვეყნა.
"მოდით, მიკიბულ-მოკიბულის გარეშე ვიტყვი - თაკო "პუბლიცისტკამ" ბიძინას დააკრძალვინა მთაწმინდაზე მამა, რომელსაც ეს აშკარად არ ეკუთვნოდა!
ანუ, ერთი წლის წინ, თაკო ჩარკვიანი არ იყო ქოცნების მტერი! მაგრამ, ეს თაკო მას შემდეგ გახდა ბიძინას მტერი, რაც "ქართუში" უარი უთხრეს, მამამისის 5000-ლარიანი პენსია დედამისისთვის დაენიშნათ, მემკვიდრეობით! აი, სულ ესაა ამ არსების "განაცების" ისტორია!", - წერს გიგაური.