"მაქსიმალური, რაც შეიძლება უკანონოდ მივიჩნიოთ, არის ხმების 5-7%, ეს რიცხვებში რომ გადავიტანოთ, 80-100 000 ხმაა. ამ რაოდენობის ხმების გამოკლება ზურაბიშვილს გამარჯვებაში ხელს ვერ შეუშლიდა"
არჩევნები დასრულდა, სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძე 300 ათასზე მეტი ხმის სხვაობით დაამარცხა. ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა და ადმინისტრაციული რესურსი - ეს იმ ბრალდებების ჩამონათვალია, რომელთაც "ნაცმოძრაობა" "ქართულ ოცნებას" უყენებს და არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს.
"სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ ამ ბრალდებების
დიდი ნაწილი მართალიც რომ იყოს, შესაძლოა ზურაბიშვილს 5-7%-ით ნაკლები ხმა მიეღო, მაგრამ ეს გამარჯვებაში ხელს არ შეუშლიდა.
- ამომრჩევლის მოსყიდვა მძიმე ბრალდებაა და დადასტურება სჭირდება. თუ დადასტურდა, რომ კონკრეტულმა ამომრჩეველმა ვინმესგან რამე მიიღო და ეს აღემატება 100 ლარს, მაშინ პასუხისგებაში, უნდა მიეცეს. თუ 100 ლარზე ნაკლებია, ჯარიმის სახით, ღირებულების ორმაგი ოდენობა უნდა გადაიხადოს.
- ვალების ჩამოწერის შესახებ განცხადება შეიძლება მოსყიდვად ჩაითვალოს?
- ვალებს ჩამოწერენ მაშინ, როცა საარჩევნო პროცესი დასრულებული იქნება. მაშინ ქვეყანას ფიცდადებული პრეზიდენტი ეყოლება. ეს რომ მომხდარიყო არჩევნების პერიოდში, შეიძლება ჩათვლილიყო. ანალოგიური დაპირების გაცემას აპირებდა "ნაცმოძრაობაც". ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ვაშაძემ მამუკა ბახტაძეს მოუწოდა, დაეფარათ მოქალაქეებისთვის სესხი.
- "ნაცმოძრაობა" ბათილი ბიულეტენების უპრეცედენტო რაოდენობაზეც ლაპარაკობს.
- პირველ ტურში 1 600 000 ამომრჩეველი მივიდა და ბათილი 53 000 ბიულეტენი იყო. ახლა არჩევნებზე მივიდა თითქმის 2 მილიონი ამომრჩეველი და ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ 47 000 შეადგინა. ასე რომ, "ნაცმოძრაობის""მტკიცება, რომ მათი ბიულეტენები გაბათილდა, სიცრუეა.
- დაახლოებით რამდენი მოქალაქის მოსყიდვა შეეძლო "ოცნებას" და მოახდენდა თუ არა ეს გავლენას შედეგებზე?
- ბევრის მოსყიდვა შეიძლება, მაგრამ ამასაც დადასტურება სჭირდება. რაც შეეხება კარტოფილისა და ხახვის დარიგებას, ლაპარაკია გარდაბანში მომხდარ ინციდენტზე. ეს ადამიანი თავის დროზე "ევროპული საქართველოს" წევრი იყო, მოქმედი ბიზნესმენია, რომელმაც საკუთარი სურვილით რამდენიმე ათეულ მოქალაქეს დაურიგა კარტოფილი და ხახვი. და კიდევ: "ნაცმოძრაობას" თავის საიტზე პირველ ტურში უფრო მეტი დარღვევა ჰქონდა ასახული, ვიდრე მეორე ტურში.
- თუ "ოცნება" ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებდა, ხმების რა რაოდენობა მიემატებოდა სალომე ზურაბიშვილს?
- ადმინისტრაციულ რესურსში იგულისხმება ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს - ბაღები, სკოლები, ჯარისკაცები და სხვ. ეს რაოდენობა დაახლოებით 450 000 კაცს შეადგენს. მაგრამ ამაზე საუბარი პირველ ტურშიც იყო და ზურაბიშვილმა მხოლოდ 600 000 ხმა აიღო. ყველა მეთოდის გამოყენებით, რომლებიც შეიძლება უკანონოდ" მივიჩნიოთ, მაინც წარმოუდგენელია 1 200 000 ხმის მოგროვება. მაქსიმალური, რაც შეიძლება უკანონოდ მივიჩნიოთ, არის ხმების 5-7%, ეს რიცხვებში რომ გადავიტანოთ, 80-100 000 ხმაა.