რისთვის ემზადება ოპოზიცია – რა იქნება 16 დეკემბერს და 16-ის შემდეგ

რისთვის ემზადება ოპოზიცია – რა იქნება 16 დეკემბერს და 16-ის შემდეგ

16 დეკემბერს „ოცნება" სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ზეიმს, ხოლო ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას გამართავს. როგორი იქნება ეს დღე და რა სამოქმედო გეგმა აქვს ოპოზიციას 16 დეკემბერს და 16 დეკემბრის შემდეგ?

ხელისუფლება ტრადიციისამებრ ისევ იმას აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას" გადატრიალება და არეულობა სურს, მაგრამ არაფერი გამოუვათ, რადგან ცოტანი არიან. „ოცნებაში" ასევე ამბობენ, რომ „ულტიმატუმების ენაზე საუბრის დრო დასრულდა" და ოპოზიციასთან რაიმე დათმობაზე წასვლა და დიალოგი გამორიცხულია.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე კი „ოცნებას" პარიზის მაგალითით პასუხობს - „პარიზში კვირას მთელი ღამე მიდიოდა ხელჩართული, სტალინგრადის მაგვარი ბრძოლა პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმსა და ყვითელ ჟილეტებს შორის, რომელიც დამთავრდა იმით, რომ ხელისუფლებამ ყვითელ ჟილეტებს შესთავაზა მოლაპარაკება".

კვირას რუსთაველის გამზირზე „ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია გამართა და ხელისუფლებას მიმართა, რომ შექმნას სამუშაო ჯგუფი და დაიწყოს დიალოგი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაზე. ოპოზიცია „ოცნებას" ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის გაუქმებისთვის სარჩელი სასამართლოში შეაქვთ, იწყებენ საქართველოს რეგიონების ხელახლა შემოვლას, ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, არჩევნებამდე კი საარჩევნო სისტემის რეფორმას - არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ხელისუფლებას 16 დეკემბრამდე სთავაზობენ, რომ 5-კაციანი ჯგუფი შექმნას და ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად დიალოგი დაიწყონ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად.

„ქართულ ოცნებაში" უკვე განაცხადეს, რომ ისინი არც მოლაპარაკებას, არც არჩევნების შედეგების გაუქმებას და არც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას არ აპირებენ.

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახი კალაძე ამ თემაზე საუბარსაც კი არასერიოზულად მიიჩნევს.

„რასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას 5-კაციანი ჯგუფი? ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, შემოიტანოს დაპირისპირება. მთელი არჩევნების განმავლობაში პირდაპირ საუბრობდნენ რევოლუციაზე, გადატრიალებაზე, მაგრამ ქართველი ხალხი არის ბრძენი და შესაბამისი პასუხი გაეცა მათ არჩევნებზე", - განაცხადა კალაძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ არც საჭიროება და არც სურვილი არ არსებობს, რომ ულტიმატუმი მიიღონ: „დამთავრდა ულტიმატუმების ენაზე საუბრის დრო".

პარლამენტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ „შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია".

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება თავიდანვე ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობას" წაგების შემდეგ ექნებოდა დესტაბილიზაციის მცდელობა, თუმცა, კვირას მათ აქციაზე გამოჩნდა, რომ მათ ამის რესურსი ნამდვილად არ აქვთ, მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა.

„ყველაფერი, რაც გუშინ (კვირას) ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო. მათ შორის, ის ინიციატივები, რომელიც მათი მხრიდან გაჟღერდა... მათ მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ ისინი ვერანაირად ვერ მოახერხებენ დესტაბილიზაციის გამოწვევას,"- ამბობს კობახიძე.

ხელისუფლების კატეგორიული უარის შემდეგ რა სამოქმედო გეგმა აქვს ოპოზიციას, რომ ხელისუფლება დიალოგზე დაითანხმოს და რა იქნება 16 დეკემბრის შემდეგ?

გრიგოლ ვაშაძემ „ტვ პირველთან" თქვა, რომ ამას მხარდამჭერებს ეტყვიან 16 დეკემბერს და მერე გაიგებენ ჟურნალისტები.

მისი თქმით, ინაუგურაცია სადაც უნდა იქ ჩაატარონ, ოპოზიციას სრულიად სხვა გეგმები აქვს და გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერი და ყველა, ვინც რამენაირად ასოცირებულია მასთან, არ გავლენ კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებს გარეთ.

„გაცილებით უფრო საინტერესო შეთავაზებები გვექნება, ვიდრე რევოლუცია, ქვების სროლა, ლანძღვა-გინება და ა.შ. მე ზუსტად მაქვს განსაზღვრული რა არის დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით და რა სცილდება ყველანაირ ზღვარს. მეზიზღება სიტყვა - რევოლუცია, მეზიზღება სიტყვა - დაპირისპირება, მეზიზღება სიტყვა - შუღლი. ამიტომ მოქალაქის ბუნებრივად, ღმერთისგან აქვს მინიჭებული პროტესტის გამოხატვის უფლება და პროტესტი და რევოლუცია ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო ალბათ ბევრისთვის საყვარელი პარიზი, სადაც კვირას მთელი ღამე მიდიოდა ხელჩართული, სტალინგრადის მაგვარი ბრძოლა პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმსა და ყვითელ ჟილეტებს შორის, რომელიც დამთავრდა იმით, რომ ხელისუფლებამ ყვითელ ჟილეტებს შესთავაზა მოლაპარაკება," - განაცხადა ვაშაძემ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აქციების განახლებას უფრო გაზაფხულიდან ელოდება.

„რახან ხელისუფლებამ თავისი პოზიცია უკვე განაცხადა, ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ამ პოზიციას არ შეიცვლიან. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რას იზამს და როგორ მიიღებს ამ ვითარებას. გამიჭირდება პროგნოზი, რას მოიფიქრებს ოპოზიცია, მაგრამ მგონი უნდა გაითვალისწინონ არსებული რეალობა და თუ ბრძოლის გაგრძელებაზეა საუბარი, სჯობს პოზიციური ბრძოლა დაიწყონ ხელისუფლებასთან და არა მომენტალური. არ მგონია, რომ დღეს პერმანენტული აქციების რესურსი ჰქონდეთ. გარდა ამისა, 16 დეკემბრიდან იანვრის შუა რიცხვებამდე არის საახალწლო ღონისძიებების დრო, რომელიც პოლიტიკისთვის აბსოლუტურად მკვდარი პერიოდია. ამიტომ, თუ გააქტიურებას გეგმავენ, სჯობს ეს გადადონ გაზაფხულისთვის. ოპოზიციას ძალიან მომგებიანი სიტუაცია აქვს. ყველა დაპირება, რაც ხელისუფლებამ გასცა, ჰკიდია ხელისუფლების კისერზე და თუ ოპოზიცია ძალიან იჩქარებს, შეიძლება უარესი გამოუვიდეთ. ამიტომ სჯობს ნელა და მეთოდურად შეუტიონ,"- ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, რამდენად დაიხევს უკან ხელისუფლება, ეს დამოკიდებული იქნება რა მასშტაბის აქციებს გამართავს ოპოზიცია გაზაფხულზე და მთელი ოპოზიციის გაერთიანება მოხერხდება თუ არა.

"დღეს "ნაცმოძრაობას" საპროტესტო ტალღაზე არც ერთი პარტია არ აჰყვება. კი, პარტიები ამბობენ, რომ საარჩევნო პროცესის ცვლილებას ეთანხმებიან, მაგრამ ერთია თანხმობა და მეორე მობილიზება. ეს პრობლემა აქვს ოპოზიციას, გაერთიანების გარეშე აქციები სარისკოა," - დასძენს ძაბირაძე.