საქართველოს შავიზღვისპირეთში ტურისტული სეზონი ჯერ არდასრულებულა, მთავრობაში კი ირწმუნებიან, რომ სეზონი წარმატებული იყო და თუ წელს ქვეყანაში 2 მილიონი ტურისტი (რამდენად რეალურია ეს ციფრი, მეორე საკითხია) მაინც შემოვიდა, გაისად 3 მილიონი ჩამოვა.
ტურისტების რაოდენობისგან განსხვავებით მთავრობაში არავინ საუბრობს მომსახურების ხარისხზე. არადა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უხარისხო მომსახურებაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა.
ტურისტების პრეტენზიებზე ღიად საუბრობენ ტურისტულ კომპანიებშიც და აცხადებენ, რომ მათთვის უცხოელებს პრეტენზიით არაერთხელ მიუმართავთ.
ქვეყანა, რომელიც ტურიზმით აპირებს ცხოვრებას, (ამაზე არა მარტო ტურიზმის დეპარტამენტის შეფი, არამედ თავად სააკაშვილიც საუბრობს), ცხადია, რომ თავდაპირველად ამ სფეროში მომსახურების გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს.
ტურისტები, რომლებიც წლეულს აჭარას სტუმრობდნენ, პირდაპირ მიუთითებენ, რომ ისინი მომსახურებით უკმაყოფილონი არიან და სასტუმროები სეზონის პიკზე ფასების ხელოვნურად ზრდიან, მომსახურების ხარისხს კი არ აუმჯობესებენ.
დამსვენებლების თქმით, ბათუმსა და ქობულეთში დამსვენებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს კვების ობიექტების შესაძლებლობებს. ამიტომ საღამოობით კაფე-რესტორნებში თავისუფალი მაგიდა თითქმის არ არის. კვალიფიციური პერსონალის არარსებობის გამო კი მომსახურეობა უხარისხოა.
ტურისტების უკმაყოფილებას ქობულეთის ცენტრალურ ქუჩაზე შექმნილი მდგომარეობაც იწვევს, სადაც მუდმივი საცობია. ამასთან, მოძველებული ენერგოსისტემისა და დაბალი ძაბვის გამო, გამართულად არ მუშაობს მაცივრები და კონდიციონერები, შეზღუდულია წყალმომარაგება, დროულად არ ხდება ნაგვის გატანა და არ არსებობს საზოგადოებრივი ტუალეტები.
ქობულეთის გამგეობაში აღიარებენ, რომ ტურისტების ასეთი ნაკადისათვის მზად არ აღმოჩნდნენ. ქობულეთის გამგებლის გურამ მჟავანაძის განცხადებით, დასუფთავების მანქანები სრული დატვირთვით მუშაობენ, თუმცა დამსვენებელთა დიდი რაოდენობის გამო, ქუჩაში განთავსებული ბუნკერები სწრაფად ივსება.
ცხელმა ზაფხულმა სათავე ნაგებობებში წყლის რესურსის შემცირებაც გამოიწვია, ამიტომ მოსახლეობას წყალი შეზღუდვით მიეწოდება. დამსვენებელთა დიდი რაოდენობის გამო გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარებაც, რაც ძაბვის დაცემას იწვევს.
ქობულეთის გამგებლის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომ მომავალ წლისთვის ტურისტებს მსგავსი პრობლემები აღარ შეექმნათ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში კი განაცხადეს, რომ ამაში ვერ ჩაერევიან, რადგან სასტუმროებმა ტურისტებთან ურთიერთობა თავად უნდა მოაგვარონ.
სომეხი ტურისტების ბრალდებებს აჭარაში მდებარე სასტუმროებიც გამოეხმაურნენ. მათ პასუხად, ბათუმის ერთ-ერთ უდიდესი სასტუმრო „მერკურში“ ამბობენ, რომ სეზონის პიკზე ისეთივე ფასები იყო, როგორიც სეზონის დასაწყისში. სასტუმროში აღიარებენ, რომ მომსახურების ხარისხი დასახვეწია, თუმცა ირწმუნებიან, რომ უკმაყოფილო ტურისტი მაინც არ ჰყოლიათ.
ბათუმში მდებარე სამვარსკვლავიანი სასტუმრო „ჩაოს“ წარმომადგენლების განცხადებითაც, ზაფხულის სეზონის განმავლობაში ფასები სტაბილურად შეინარჩუნეს და მომხმარებელს 3 ვარსკვლავის შესაბამის მომსახურებას სთავაზობენ.
ის, რომ აჭარაში ჩასული უცხოელი ტურისტები ხარისხით მთლად კმაყოფილები არ არიან, ტურისტულ კომპანიების ნაწილშიც აღიარებენ. ტურისტულ კომპნია „გეო-ტურში“ აცხადებენ, რომ მომსახურებაზე პრეტენზია მათთან არაერთ ტურისტს გამოუთქვამს.
„უცხოელი ტურისტები, როდესაც უკვე ტურს ამთავრებენ და ქვეყნიდან მიდიან, ხშირად ამბობენ, რომ ისინი მომსახურებით კმაყოფილნი არ იყვნენ. აცხადებენ იმასაც, რომ იმ ფასში, რასაც იხდიან, უფრო მეტი კომფორტი უნდა ჰქონოდათ, ვიდრე იყო.
ასეთი საჩივრით ჩვენთან წლებია უკვე ბევრი ტურისტი მოსულა, მაგრამ წელს ბრალდებები უფრო გაიზარდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ წლეულს, წინა წლებთან შედარებით, დაახლოებით, 30%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა. ამიტომ, თუ გვსურს, რომ მომავალშიც ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს, ცხადია, რომ მომსახურების ხარიხსი აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ“, - განუცხადეს „ბიზნეს-რეზონანსს“ „გეო-ტურში“.
ტურისტები მომსახურებაზე ტურისტულ კომპანია „თრეშ-თრეველში“ ჩივიან. კომპანიაში აცხადებენ, რომ უცხოელებს განსაკუთრებით მცირე ზომის სასტუმროების მომსახურება და ტრანსპორტი, დიდი ავტობუსები არ მოსწონთ.
„უცხოელი ტურისტები, ძირითადად, ავტოტრანსპორტს და სასტუმროების მომსახურებას უჩივიან. როდესაც დიდი ჯგუფი გვყავს, რა თქმა უნდა, მათ მიკროავტობუსით დანიშნულ ადგილამდე ვერ ჩავიყვანთ, ამიტომ ვქირაობთ დიდ ავტობუსს, რომლებიც უკვე მოძველებულია და კონდიციონერიც კი არ მუშაობს კარგად. სისუფთავეზე არ აქვთ პრეტენზიები, მაგრამ წელს ისეთი ცხელი ზაფხული იყო, რომ აუცილებელი იყო კონდინციონერი. ჩვენთან კი ახალი ავტობუსები, პრაქტიკულად, ძალიან ცოტაა.
რაც შეეხება სასტუმროებს, მათ პრეტენზიები არ აქვთ ისეთი სასტუმროების მომსახურებაზე, როგორიცაა „შერატონი“, „ინტურისტი“ და კიდევ სხვა დიდი სასტუმრო. პრეტენზიებით გამოდიან მცირე ზომის სასტუმროების მომსახურებაზე, სადაც ხან წყალი არ არის, ხან შუქი ქვრება და ა.შ. ჩივიან, რომ ფულს იხდიან, მაგრამ ვერ იღებენ იმას, რაც ამ ფასში უნდა მიიღონ.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა, რათა მომავალ წელს უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს. მაგალითად, წელს საქართველოში, შარშანდელთან შედარებით, თითქმის 30%-ით მეტი უცხოელი ტურისტი ჩამოვიდა. თუ გვინდა, რომ ეს ციფრი გაიზარდოს, საჭიროა რაიმე ღონისძიებების გატარება და მომსახურების დონის გაუმჯობესება“, - განაცხადეს „ფრეშ-თრეველში“.
„გეო-ტურისა“ და „ფრეშ-თრეველისგან“ განსხვავებით პრეტენზიებით ჯერჯერობით არცერთ ტურისტს არ მიუმართავს ტურისტულ კომპანია „გეთ“-ისთვის. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა ტურისტი, ვინც კი მათ შემოჰყავთ, მომსახურების დონით კმაყოფილნი არიან თუ არა, არ საუბრობენ.