2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 1 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს და გააღრმავებს საზოგადოებასთან კომუნიკაციას.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებით დასრულდა. შესაბამისად, "მთელი კვირა" შეეცადა იმის გარკვევას, თუ რა ცვლილებას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი და რა შეიძლება გაკეთდეს მომავალი ერთი წლის განმავლობაში ისეთი, რაც 6 წელიწადში ვერ მოხერხდა.
პოლიტიკური ექსპერტები გია ხუხაშვილი და კორნელი კაკაჩია მიიჩნევენ, რომ რაიმე წინასწარი დასკვნის გამოტანა რთულია, თუმცა აღნიშნავენ, რომ რამდენიმე მინისტრის ცვლილებით საქმე არ გაკეთდება და ქვეყანას მნიშვნელოვანი რეფორმები სჭირდება.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, დეპუტატები ნუკრი ქანთარია და ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება გარდაუვალია, თუმცა ქუცნაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით მმართველ გუნდს არ უსაუბრია სამომავლო გეგმებზე.
გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ არავინ იცის, სინამდვილეში რას გულისხმობს და რის გაკეთებას აპირებს ბიძინა ივანიშვილი.
"სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ძნელი სათქმელია. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში სიტყვებმა და სიტყვიერმა დაპირებებმა ფასი დაკარგა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებსაც აღარ აქვს ის წონა. ჩვენ ბევრი დაპირება მოგვისმენია, დანარჩენს კი ვნახავთ.
"თუ რამეს გააკეთებს სისტემური ცვლილების მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი იქნება და მეც გამიხარდება. მაგრამ, სამწუხაროდ, მოვლენების განვითარება სკეპტიციზმის საფუძველს ქმნის, რადგან ძალიან ბევრი დაპირება არ შესრულებულა.
"თვითონ წინასაარჩევნო პროცესმაც გამოავლინა ძალიან ბევრი მანკიერება. რამდენად შეუძლია ბიძინა ივანიშვილს სისტემურად რაიმეს შეცვლა, არ ვიცი, ამ წუთში არ მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი. მე არ ვიცი, ივანიშვილი გულში რას ფიქრობს. ვიცი, ქვეყანას რა სჭირდება. შესაძლებელია, ივანიშვილი სხვა რამეს გულისხმობს", - ამბობს ხუხაშვილი.
კორნელი კაკაჩია "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილმა საკადრო ცვლილება იგულისხმა.
"რას გულისხმობს კონკრეტულად, ალბათ ივანიშვილის გარდა არავინ იცის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ მან პირველი ტურის შემდეგ იგრძნო, რამდენად დაშორდნენ ის და მისი პარტია ამოამრჩევლის ფუნდამენტურ ინტერესებს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ამ არჩევნების შედეგებს და იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არც ისე ბევრი დრო დარჩა, მას, ფაქტობრივად, მოუწევს სამუშაო რეჟიმში ბევრი რაღაცის გაკეთება.
"არ ვიცი, რამდენად ეყოფა ერთი წელიწადი, მაგრამ, სავარაუდოდ, პირველ რიგში, საკადრო ცვლილებას გულისხმობს როგორც პარტიის შიგნით, ასევე მთავრობაში, რათა ამით აჩვენოს საკუთარ მომხრეებს, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით.
"არ მგონია, რომ მათ რაიმე ახალი ხედვა გაახმოვანონ, რაც 6 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ახალი პროგრამებიც დაანონსდეს, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს ეხება.
"რამდენად პოპულისტური და ხალხს მორგებული იქნება ეს ნაბიჯები, ცალკე საკითხია. უბრალოდ, მართლა იქნება ეს მორგებული მოსახლეობის საჭიროებებს, თუ როგორც წინა საარჩევნო პერიოდებში იყო, გაიცა დაპირებები, რომელიც ძირეულად ვერ ცვლის მოსახლეობის სოციალურ-ეკონიომიკურ მდგომარეობას?" - აღნიშნა კაკაჩიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას განცხადებით, მომავალი ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას უნდა ველოდოთ არა მხოლოდ საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხში, არამედ თავად მმართველ გუნდშიც.
"ერთი წლის განმავლობაში იწყება მკვეთრი ცვლილებები. ეს იქნება საზოგადოებასთან გაცილებით მეტი კომუნიკაცია; სოციალური მიმართულებითაც იქნება აქტიურობა; არ არის გამორიცხული საკადრო-სტრატეგიული ცვლილება გუნდსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ეს შესაძლებელია, მაგრამ, ბუნებრივია, გვარებსა და სახელებს ვერ დავასახელებ.
"პირველ რიგში, უნდა გაირკვეს მიზეზები, რამაც განაპირობა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ის შედეგი, რაც დადგა. მგონია, რომ ამ ყველაფრის მომსწრენი უახლოეს მომავალში გავხდებით", - ამბობს ქანთარია.
"ოცნების" კიდევ ერთი წარმომადგენელი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აღნიშნავს, რომ სამომავლოდ ბევრი პოზიტიური ცვლილება გატარდება.
"არ შევკრებილვართ და ჯერ არ გვისაუბრია იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ამ ერთ წელიწადში. ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება და, შესაბამისად, მე იმედი მაქვს, რომ დამატებით ეს ყველაფერი გაკეთდება.
"გარდა ამისა, მინდა, აღვნიშნო, რომ ხალხთან კომუნიკაციის დასამყარებლად უკვე არსებობს ბევრი წყარო, მაგალითად, ესაა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, პარტიული სტრუქტურები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, დეპუტატები და ა.შ. უამრავი მიმართულება არსებობს ხალხთან ურთიერთობის", - განმარტა ქუცნაშვილმა.
ექსპერტ ხუხაშვილის თქმით, პირველ რიგში, სისტემური ხასიათის ცვლილება სჭირდება ქვეყანას. მინისტრთა კაბინეტში მინიმალურ დონეზე გატარებული ცვლილება საკმარისი არ იქნება.
"ფაქტია, რომ სისტემური ცვლილებაა გასატარებელი. პერსონალიების კოსმეტიკური გამოცვლა, ორი და სამი მინისტრის ჩანაცვლება ამ ყველაფერს არ შველის. თვითონ მმართველობითი სისტემის კრიზისია ქვეყანაში, ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციებია კორუფციასთან დაკავშირებით და ა.შ.
"სხვადასხვა ჯგუფთან მიმართებით ამ არჩევნებს მოჰყვა ძალიან ბევრი ახალი პრობლემური ვალდებულების აღება ხელისუფლების მხრიდან. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ვითარება კი არ გაუმჯობესდა, რეფორმების წინაპირობები კი არ გამარტივებულა, არამედ, პირიქით, საარჩევნო კამპანიის დროს კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა.
"აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები ოპტიმისტი, თუმცა მირჩევნია, რომ მეშლებოდეს და ყველაფერი კარგად იყოს", - აღნიშნა ხუხაშვილმა.
კორნელი კაკაჩიას აზრით, საზოგადოებასთან კომუნიკაცია, პირველ ყოვლისა, არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ პარტიის პრეროგატივაა. საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხში კი ბევრი პარტია და მათ შორის "ქართული ოცნებაც" მოსწყდა რეალობას.
"მგონია, რომ ეს თვითონ ივანიშვილს იმდენად არ ეხება, რამდენადაც მის პარტიას, რომელიც ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდა, როგორც პოლიტიკური პარტია. პარტიის მოვალეობაა, რომ ამომრჩეველთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც არჩევნები იმართება ან ახლოვდება. ამ კუთხით ბევრი ქართული პარტია და "ოცნებაც" მოსწყდა ამომრჩეველს. მათ ალბათ მოუწევთ ამის გადახედვა.
"ხალხთან ურთიერთობის უამრავი მეთოდი არსებობს. პირველ რიგში, უნდა გაარკვიონ ამა თუ იმ უბნების მიხედვით, განსაკუთრებით იმ ოლქებში, სადაც პირველი ტური წააგეს, რამ განაპირობა ეს.
"უამრავი კვლევითი სამუშაოს ჩატარებაა შესაძლებელი როგორც პარტიის შიგნით, ასევე მის გარეთ. ეს საჭიროა მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნებისა და საჭიროებების გასარკვევად. შემდეგ, შესაძლოა, ამ ყველაფრის გაწერა პარტიის პროგრამაში ან საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაშიც. ეს პარტიის გადასაწყვეტია, რას მოიმოქმედებენ.
"მთავრობაში, სავარაუდოდ, იქნება სტრუქტურული ცვლილება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ცვლილება, რომელსაც ბოლო პერიოდში ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ატარებს, ძალიან კოსმეტიკური ხასიათისაა და არ მოსდევს რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც მოსახლეობა ელოდება.
"მნიშვნელოვანია, რა უნდა ხალხს, ამომრჩეველს, ეს მოთხოვნები კი ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული", - თქვა კორნელი კაკაჩიამ.
ნუკრი ქანთარიას თქმით, საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად აქტიური შრომაა საჭირო და ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ.
"უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება მინისტრებს, პარლამენტს. მაქსიმალურად უნდა მოხერხდეს სრულყოფილი კომუნიკაციის დამყარება. უნდა შეიქმნას ერთი გამოკვეთილი მექანიზმი. ამავდროულად, დამატებითი სოციალური შემწეობის საჭიროების მქონე ადამიანებისთვის დახმარების საკითხი უნდა დარეგულირდეს. ხალხმა უნდა დაინახოს ტენდენციები, უნდა შენიშნოს ის, რომ ცვლილებები ძალიან სწრაფად ხდება. რეფორმებს ველი პროკურატორისაგან და სასამართლოსგანაც.
"რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, ჩემი აზრით, უნდა მოხდეს. ამ ცვლილებებსაც ელოდება ხალხი და ითხოვს ამ ყველაფერს", - აღნიშნა ქანთარიამ.
უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი სავარაუდო საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ჯერ არ უსაუბრიათ ამ საკითხზე.
"როგორც გითხარით, ჯერ არ გვისაუბრია ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ვიცი, რომ ცვლილებებისთვის განწყობა არის და ეს ცვლილებები ქვეყანას ჰაერივით სჭირდება", - თქვა ქუცნაშვილმა.